1. გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თანასწორუფლებიან საფუძველზე მონაწილეობა მიიღონ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების აუთვისებელი ნაწილის ექსპლუატაციაში, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს შესაბამისი ეკონომიკური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით და წინამდებარე მუხლისა და 61-ე და 62-ე მუხლების დებულებების შესაბამისად.

2. წინამდებარე ნაწილის მიზნებისათვის „გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები“ ნიშნავს სანაპირო სახელმწიფოებს, მათ შორის, ჩაკეტილი ან ნახევრადჩაკეტილი ზღვების მოსაზღვრე სახელმწიფოებს, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობა მათ დამოკიდებულს ხდის სუბრეგიონის ან რეგიონის სხვა სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაზე მათი მოსახლეობების ან მათი ნაწილების გამოკვების მიზნებისთვის თევზის ადეკვატური მარაგების უზრუნველსაყოფად, და სანაპირო სახელმწიფოებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების მოთხოვნა.

3. ასეთი მონაწილეობის პირობები და პროცედურები დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების მეშვეობით, inter alia, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:

(a) სანაპირო სახელმწიფოს მეთევზეთა თემებისთვის ან მეთევზეთა ინდუსტრიებისთვის საზიანო შედეგების თავიდან აცილების აუცილებლობა;

(b) რამდენად მონაწილეობს, ან აქვს მონაწილეობის უფლება, გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოს, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, არსებული ორმხრივი, სუბრეგიონული ან რეგიონული შეთანხმებების ფარგლებში, სხვა სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში;

(c) რამდენად მონაწილეობენ სხვა გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში, და ერთი რომელიმე სანაპირო სახელმწიფოსთვის ან მისი ნაწილისთვის ამით გამოწვეული არათანაზომიერი ტვირთის თავიდან აცილების საჭიროება;

(d) შესაბამისი სახელმწიფოების მოსახლეობების კვებითი საჭიროებები.

4. როდესაც სანაპირო სახელმწიფოს რეწვის პოტენციალი უახლოვდება იმ წერტილს, რაც მას საშუალებას მისცემს, თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მოიპოვოს ცოცხალი რესურსების მთელი ნებადართული რაოდენობა, სანაპირო სახელმწიფომ და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა, ორმხრივ, სუბრეგიონულ ან რეგიონულ საფუძველზე, უნდა ითანამშრომლონ სამართლიანი გარიგებების დადებაში, რათა უზრუნველყონ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე განვითარებადი სახელმწიფოების მონაწილეობა სუბრეგიონის ან რეგიონის სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში, როგორც ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარემოებების გათვალისწინებით და ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით. წინამდებარე დებულების განხორციელებისას ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მე-3 პუნქტში მითითებული ფაქტორები.

5. გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე განვითარებულ სახელმწიფოებს, წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად, აქვთ ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის განვითარებული სანაპირო სახელმწიფოების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იღებს მხედველობაში სანაპირო სახელმწიფო, სხვა სახელმწიფოებისთვის თავისი განსაკუთრებული ზონის ცოცხალ რესურსებზე წვდომის მინიჭებისას, მეთევზეთა თემებზე უარყოფითი ზემოქმედებისა და იმ სახელმწიფოებში ეკონომიკის დაზიანების მინიმიზაციის აუცილებლობას, რომელთა მოქალაქეებიც ტრადიციულად თევზაობდნენ ამ ზონაში.

6. ზემოაღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სუბრეგიონებში ან რეგიონებში შეთანხმებულ გარიგებებს, რომელთა მიხედვითაც სანაპირო სახელმწიფოებმა იმავე სუბრეგიონის ან რეგიონის გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს შეიძლება მიანიჭონ თანაბარი ან უპირატესი უფლებები განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში ცოცხალი რესურსების ექსპლუატაციისთვის.