1. სახელმწიფოებს, რომელთა მდინარეებშიც წარმოიშობა ანადრომული სახეობები, აქვთ პირველადი ინტერესი და პასუხისმგებლობა ამ სახეობების მიმართ.
2. ანადრომული სახეობების წარმოშობის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი შენარჩუნება თავისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრებიდან ხმელეთის მიმართულებით მდებარე ყველა წყალში თევზჭერისა და მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზჭერის შესაბამისი მომწესრიგებელი ზომების მიღებით. წარმოშობის სახელმწიფოს შეუძლია მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ სხვა სახელმწიფოებთან კონსულტაციების შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, დაადგინოს მის მდინარეებში წარმოშობილი მარაგების დასაშვები რეწვის საერთო რაოდენობა.
3. (a) ანადრომული სახეობების რეწვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების გარე საზღვრებიდან ხმელეთის მიმართულებით მდებარე წყლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე დებულება გამოიწვევს ეკონომიკის დაზიანებას წარმოშობის სახელმწიფოსგან განსხვავებულ სხვა სახელმწიფოში. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრებს მიღმა ასეთ თევზჭერასთან დაკავშირებით, დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ კონსულტაციები ასეთი თევზჭერის პირობებზე შეთანხმების მისაღწევად, შენარჩუნების მოთხოვნებისა და ამ სახეობებთან დაკავშირებით წარმოშობის სახელმწიფოს საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინებით.
(b) წარმოშობის სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს იმ სხვა სახელმწიფოების ეკონომიკის დაზიანების მინიმიზაციის მიზნით, რომლებიც ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, ამ სახელმწიფოების ჩვეულებრივი რეწვისა და საქმიანობის რეჟიმის, ასევე, ყველა იმ არეალის გათვალისწინებით, სადაც ასეთი თევზჭერა განხორციელდა.
(c) (b) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოშობის სახელმწიფოსთან შეთანხმებით მონაწილეობენ ანადრომული სახეობების განახლების ღონისძიებებში, განსაკუთრებით, ამ მიზნით ხარჯების გაწევით, წარმოშობის სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავის მდინარეებში წარმოშობილი მარაგების რეწვისას.
(d) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ანადრომულ სახეობებთან დაკავშირებული წესების აღსრულება ხორციელდება წარმოშობის სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც ანადრომული სახეობები მიგრირებენ წარმოშობის სახელმწიფოსგან განსხვავებული სხვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრების მიმართულებით მდებარე წყლებში ან მათი გავლით, ასეთმა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს წარმოშობის სახელმწიფოსთან ასეთი სახეობების შენარჩუნებისა და მართვის მიზნით.
5. ანადრომული სახეობების წარმოშობის სახელმწიფომ და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც ახორციელებენ ამ სახეობების რეწვას, უნდა უზრუნველყონ წინამდებარე მუხლის დებულებების განხორციელება, შესაბამის შემთხვევაში, რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით.