,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №64
2008 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა, ასევე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება).“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
6. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხე-ტყის ნარჩენები და ნაყარი ხე-ტყე), ასევე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება სამინისტრომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.
3. ლიცენზიის გამცემი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის წესი
1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით.
2. სამინისტრო აუქციონს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფით.
6. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს დასამზადებელი ხე-ტყის (ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, დამზადების მოცულობა, სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ.), ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამინისტრო.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს სამინისტრო.“.
6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სალიცენზიო პირობები
1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან გადაიბაროს ეს ტერიტორია და მასზე არსებული მერქნული რესურსი მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და შესაბამის ფორმას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ბ) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;
გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში ჩაატაროს დეტალური ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;
ე) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 10 თვისა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა. ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ვ) ტყით სარგებლობის გეგმასთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი ეკოაუდიტორული დასკვნა. ეკოაუდიტორულ დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა აისახოს ტყით სარგებლობის გეგმის შესაბამისობა მდგრად მეტყევეობის პრინციპებსა და სატყეო სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
ზ) ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის დასკვნა;
თ) პასუხისმგებელია დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის;
ი) ტყით სარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე არ გაასხვისოს ლიცენზია ან მისი ნაწილი;
კ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეობის ბუნებრივ საზღვრებს;
ლ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ტყით სარგებლობის გეგმაში;
მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყეკაფი;
ნ) შემდგომი წლის ტყეკაფების ათვისება დაიწყოს მას შემდეგ, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეამოწმებს მიმდინარე/წინა წლის ჭრაგავლილ ტყეკაფებს;
ო) „წითელ წიგნში“ შეტანილი დაავადებული ხე-ტყით სარგებლობა განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების განმსაზღვრელი კომისიის დასკვნა;
პ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) უზრუნველყოს მაღალი ბუნებისდაცვითი (კონსერვაციული) ღირებულების ტყეების დაცვა;
რ) უზრუნველყოს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ტ) ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მიწებსა და ტყის რესურსებზე (სამასალე და საშეშე მერქნის, ასევე ლიცენზირებას დაქვემდებარებული არამერქნული რესურსების გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების უსასყიდლოდ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ტრადიციული უფლებების განხორციელებას;
უ) ხელი არ შეუშალოს ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისათვის მოსახლეობის ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ყოფნას;
ფ) უზრუნველყოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების ბუნებრივი საზღვრების დადგენა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე სოციალური/რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება;
ქ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფლორისა და ფაუნის სახეობების შესწავლას ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს ლიცენზიატთან შეთანმხებით;
ღ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვ.) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
ყ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში ხელი არ შეუშალოს ლიცენზიატს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში.
2. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერი და უკანონო ჭრის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან გადაიბაროს ეს ტერიტორია (მიღება-ჩაბარების აქტით) საკვარტალე სქემის მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით და შესაბამისი დასაბუთებით შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირება;
ბ) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;
გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში ჩაატაროს ამორჩევითი ინვენტარიზაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 10 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ე) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმასთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი ეკოაუდიტორული დასკვნა;
ვ) ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის დასკვნა;
ზ) პასუხისმგებელია დამტკიცებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისათვის;
თ) ინვენტარიზაციის პროცესში დამატებით აღმოჩენილი უკანონო ჭრის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ასახული მიღება-ჩაბარების აქტში, მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტში დანართის სახით შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;
ი) ყოველწლიურად სამინისტროში წარადგინოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მასალები, რომელსაც სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს და მისი თანხმობის საფუძველზე ადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტას;
კ) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი კვოტები;
ლ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული, ბუნებრივად არსებული გარეული ცხოველების დაცვა და შენარჩუნება, არ დაუშვას გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ნ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის სახეობათა დაავადების შესახებ;
პ) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;
ჟ) ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მიწებსა და ტყის რესურსებზე (სამასალე და საშეშე მერქნის, ასევე ლიცენზირებას დაქვემდებარებული არამერქნული რესურსების გარდა) ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების უსასყიდლოდ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ტრადიციულ უფლებათა განხორციელებას;
რ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფლორისა და ფაუნის სახეობათა შესწავლას ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის ბუნებრივი გარემოდან ამოღება წარმოებს ლიცენზიატთან შეთანხმებით;
ს) უზრუნველყოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლების ბუნებრივი საზღვრების დადგენა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე სოციალური/რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელება;
უ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვ.) განხორციელებასა და ფუნქციონირებას.
3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
4. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.“.
7. დებულებას დაემატოს 81 მუხლი:
„მუხლი 81. ლიცენზიის გაუქმება
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო დაქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.“.
8. დებულებას დაემატოს 82 მუხლი:
„მუხლი 82. ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.“.
9. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის ფორმები მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ვალდებულია პოტენციურ სალიცენზიო ობიექტებზე არ დაუშვას მოვლითი და სპეციალური ჭრების განხორციელება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დასმული საკითხის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე-სურსების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასა და მათში ცვლილებების შეტანას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე