1. ამ კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს სამსახურს.
2. პირს, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს, უფლება აქვს:
ა) დადოს მასთან კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;
ბ) სამსახურისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;
გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები;
დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მას მიადგა სამსახურისათვის დახმარების გაწევისას.
3. პირი, რომელიც სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე დახმარებას უწევს სამსახურს, ვალდებულია:
ა) შეასრულოს დავალებები სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად;
ბ) დაიცვას დადებული კონტრაქტის პირობები;
გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.
4. პირი, რომელიც დახმარებას უწევს სამსახურს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურისათვის განზრახ ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებისათვის ან/და საქართველოს კანონმდებლობით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად.