1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ან სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას;
გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე.
5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;
გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება;
დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII1 თავის შესაბამისად.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025