„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №455
2006 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13, მე-14 და 151 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №21, გვ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-4, მე-17 და 24-ე პუნქტები;
ბ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. მცხეთის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) ლიკვიდირებულ იქნეს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონული სასამართლოები;
ბ) შეიქმნას მცხეთის რაიონული სასამართლო;
გ) მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;
დ) მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:
დ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
დ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
დ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
ე) მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით;
ვ) მცხეთის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ვ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით;
ვ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;
ვ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით;
ზ) მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 4 მოსამართლით, რომელთაგან:
ზ.ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ახალგორის რაიონში;
ზ.ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დუშეთის რაიონში;
ზ.გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თიანეთის რაიონში;
ზ.დ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყაზბეგის რაიონში;
თ) მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“;
გ) ამოღებულ იქნეს 43-ე პუნქტი.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ (ვ. ცერცვაძე) ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2006 წლის 1 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება, არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს მცხეთის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოს ლიკვიდაციასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
3. ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი საქმეების განხილვა 2006 წლის 1 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული, აგრეთვე ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2006 წლის 1 სექტემბრიდან გადაეცეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
5. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი