„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/409/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 24/06/201, 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და 332‐ე მუხლის დებულებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 31 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადებას განაპირობებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების შინაარსი, რომელიც ახლებურად აყალიბებს გამოძიების დროს მოწმის დაკითხვის წესს და იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია გამოძიების სტადიაზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვა, კიდევ ერთ შემთხვევას ამატებს. კერძოდ, გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება მოწმედ დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე. იმისათვის, რომ შენარჩუნდეს 2015 წლის 12 ივნისს მიღებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ჩადებული პრინციპები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა მონაწილეობის მარეგულირებელ საერთაშორისო სტანდარტებს ასახავს და ადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად შესაბამის საკანონმდებლო გარანტიებს, საჭიროა, რომ არასრულწლოვან მოწმეზე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე გავრცელდეს გამოძიების ეტაპზე მისი დაკითხვის ის წესები და ძირითადი პრინციპები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქციაშია მოცემული. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის იმ ძირითადი პრინციპების გავრცელება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქციაშია მოცემული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი და მითითება კეთდება იმაზე, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება ის ნორმა, რომელიც უშვებს გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობისას სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 332-ე მუხლის დებულებები. 2. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 3. არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 4. 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. 6. არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე. 7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით. 8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. 9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი მოწმე გადახდისუუნაროა, მას უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. 10. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის/არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. 11. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნაგანმარტების მიღება) მოძალადე მშობლის/მშობლების თანდასწრებით.