„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2017
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/157/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.017403) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის მე-2 მუხლის: 1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას, ასევე დავალების მიცემას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.“. 2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დისკრიმინაციას არ წარმოადგენს განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით კი გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.“. 3. მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10-მე-11 პუნქტები: „10. თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება: ა) შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის: ა.ა) წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შერჩევის კრიტერიუმებსა და დაქირავების პირობებზე, ასევე კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, პროფესიული იერარქიის ყველა დონეზე საქმიანობის სფეროს მიუხედავად; ა.ა.) პროფესიული ორიენტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ყველა ფორმის ხელმისაწვდომობაზე პროფესიული იერარქიის ყველა დონეზე, პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების ჩათვლით; ა.ბ) დასაქმებისა და შრომის, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და შრომის ანაზღაურების პირობებზე; ბ) დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრობაზე და საქმიანობაზე, ან ისეთი ორგანიზაციის წევრობაზე და საქმიანობაზე, რომელთა წევრებიც განსაზღვრულ პროფესიულ ჯგუფს განეკუთვნებიან, ასეთი ორგანიზაციებიდან მიღებული სარგებლის ჩათვლით. გ) სოციალურ დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობებზე, განათლებაზე, საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, მათ შორის: გ.ა) სოციალურ დაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალურ შეღავათებზე და სხვ.; გ.ბ) ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე; გ.გ) განათლების ხელმისაწვდომობაზე; გ.დ) საჯაროდ ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ჩათვლით. საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში თანაბარი მოპყრობის პრინციპი იმავე მუხლის „გ.ა“-„გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესებით, როგორც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე, ასევე, ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, საქონლისა და მომსახურების მიღება. გარდა ამისა, ადამიანის ძირითადი უფლებების საკანონმდებლო მექანიზმებით დაცვის საკითხები შეადგენს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართი - დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები - მოიცავს შრომის უფლებების ყველა მიმართულებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას და 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივა, რომელიც დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით აყალიბებს თანაბარი მოპყრობის ზოგად სტრუქტურას. ზემოაღნიშნული დირექტივები სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, განსაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და დააწესონ სანქციები დარღვევების აღმოჩენისას. დასახელებული დირექტივების დებულებები უნდა შესრულდეს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია განამტკიცოს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. ადგენს აკრძალვას პირისთვის მითითების მიცემის შემთხვევაში, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე 2000 წლის 29 ივნისის ევროსაბჭოს 2000/43/EC დირექტივისა და დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივის მოთხოვნებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებებს. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ ორმხრივ და დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: შემოთავაზებული კანონპროექტი შემუშავდა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (Twinning) პროექტის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ექსპერტების დახმარებით განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობისა და 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC და 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივების შედარებითი ანალიზი, გამოიკვეთა არსებული განსხვავებები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. ზემოაღნიშნული რეკომენდაციები განხილულ იქნა სამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატისა და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში და გათვალისწინებულ იქნა შემოთავაზებულ კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე)კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ)კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. დისკრიმინაციის ცნება. დისკრიმინაციის აკრძალვა 1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. 2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 4. მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო. 5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად. 6. ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა. 7. დისკრიმინაცია არ არის სპეციალური და დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად, განსაკუთრებით − გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ. 8. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება. 9. განსხვავებული მოპყრობა, პირობების შექმნა ან/და მდგომარეობა დასაშვებია, თუ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.