„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე
ნომერი
#07-3/181/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-28
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.“. 2. 42-ე მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს, გარდა სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად აღიარებული ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემებისა;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.“. 3. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცის მიღებამ გამოიწვია საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებები ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე არ შეესაბამება საქართველოს კანონსტიტუციურ კანონს და აუცილებელია შესაბამისობაში მოყვანა მასთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის დებულებათა შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან. ა.გ) კანონპროექტის არსი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში, 42-ე მუხლის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებსა და 44-ე მუხლში. ცვლილების თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლში მიეთითება, რომ გარდა პერსონალური მონაცემებისა, სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, პროფესიული საიდუმლოებაც წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის საჯარო ინფორმაცია. ამგვარად, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან. კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციის თანახმად, ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს. მითითებული ნორმით არ არის დადგენილი გამონაკლისები იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, 42-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ მითითებული ინფორმაცია არ გაიცემა, თუ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. ამგვარად, აღნიშნული ჩანაწერი შესაბამისობაში მოვა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და „პერსონალულ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლითაც განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები. კანონპროექტით შემოთავაზებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით განისაზღვრება, რომ ამავე მუხლის ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა გარდა ყველა სხვა ინფორმაცია არის საჯარო, გარდა პერსონალური მონაცემებისა, სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა და ასევე პროფესიული საიდუმლოებისა. ამგვარად, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქცია არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. ამდენად, ინიცირებული პროექტის თანახმად, 44-ე მუხლში განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. ამგვარად, აღნიშნული ნორმა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან. კანონპროექტი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკაშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, დიმიტრი მხეიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. 2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით. მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია ყველას აქვს უფლება იცოდეს: ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები; გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი; დ) საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება; ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები; ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია; ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს; თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი; ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი; კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე; ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს; მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია; ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. 2. (ამოღებულია – 25.05 2012, №6327). 3. (ამოღებულია – 25.05 2012, №6327).