„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/302/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს. ნივთიერ მტკიცებულებას ასევე წარმოადგენს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი.“; 2. 77-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი.“; 3. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.“; 4. 81-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად; გ2) სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ამ ნაწილის „ა“„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება გადაეცეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მისივე მოთხოვნის საფუძველზე. ამ ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“. მუხლი 2. 1. 2019 წლის 1 მაისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:  კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებთან, კერძოდ, 2000 წლის ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ და 1988 წლის ,,ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს კონვენციებთან. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიხედვით, კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით, ან სხვა ობიექტით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი შესაძლებელი იქნება ყალბი (სიმულაციური) საგნის, ნივთიერების, ან სხვა ობიექტის საქმის არსებითი განხილვის დროს დასაშვებ მტკიცებულებად გამოყენება.  კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ასევე ისეთი სამართლებრივი მექანიზმის არარსებობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს (მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, შსს კინოლოგიური სამსახური), მოითხოვოს დანაშაულის იარაღის, დოკუმენტის, საგნის ან ნივთიერების (მაგალითად, გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები) მისთვის გადაცემა სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტების ეფექტურ გამოვლენას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.  ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში წარმოებს ბალისტიკურ მონაცემთა ბაზა. ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ ტყვია-მასრები, რომელიც მოთავსებულია დეპარტამენტის ტყვია-მასროთეკაში - ექვემდებარება განადგურებას კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუშალოს დანაშაულის გახსნას, რამდენადაც იმავე იარაღიდან გასროლის შემთხვევაში შესადარებელი ნიმუში არ იარსებებს სათანადო საექსპერტო კვლევისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც დანაშაულის ჩადენის იარაღი გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული არ არის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:  საქმის არსებითი განხილვის დროს საჭიროა დასაშვებ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში იქნა წინასწარ ნიშანდებული ან/და გაყალბებული.  სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტების გამოყენება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კომპეტენციაში შემავალ ერთერთ უმნიშვნელოვანეს სასწავლო მოდულს წარმოადგენს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირება და ამ მიმართულებით, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება. სასწავლო პროცესის ეფექტურობის ამაღლების, ხოლო პრაქტიკაში გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის მაჩვენებლის გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ მსმენელებს სასწავლო კურსის გავლის დროს პრაქტიკული მეცადინეობებისას და გამოცდებზე სიმულაციურ გაყალბებულ დოკუმენტებთან ერთად უშუალო შეხება ჰქონდეთ ჩამორთმეულ ორიგინალ გაყალბებულ სამგზავრო დოკუმენტებთან, აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. ასევე, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია საქართველოს კინოლოგიური სამსახურებისთვის უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების გადაცემის ნაწილში.  აუცილებელია დანაშაულის გახსნის მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ბალისტიკურ მონაცემთა ბაზის სრულყოფილი წარმოება და სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრების შენახვის უზრუნველყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:  კანონპროექტის მიღების შედეგად დასაშვებ მტკიცებულებად იქნება ცნობილი ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში იქნა წინასწარ ნიშანდებული ან/და გაყალბებული.  პროექტის მიღების შედეგად დაიზოგება კინოლოგიური სამსახურების ფინანსური ხარჯები. ამასთან, ეფექტიანობის თვალსაზრისით გაცილებით შედეგიანია წვრთნების დროს ნამდვილი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება.  სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის შესაძლებელი იქნება გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტების ან სხვა დანაშაულის იარაღის გამოყენება.  შესაძლებელი გახდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ბალისტიკურ მონაცემთა ბაზის სრულყოფილი წარმოების მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრების შენახვის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით:  ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი.  დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენს, აგრეთვე, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი.  მტკიცებულებითი ძალა აქვს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს.  ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს დანაშაულის იარაღის ან საგნის მისთვის გადაცემა სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის.  ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც კანონი არ ითვალისწინებს არც ახალი ქმედების დასჯადობას, და არც პასუხისმგებლობის დამძიმებას, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი დაუკავშირდა გამოქვეყნებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.