„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.12.2019
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/434/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-01-10
ბიუროს ნომერი 322

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი 1. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561 მუხლით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. ამ მუხლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2030 წლამდე პერიოდით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) ცვლილების განხორციელებით, რაც მიზანად ისახავს შემდეგი პრობლემის გადაჭრას: რიგ მუნიციპალიტეტებში მათი მასშტაბებიდან გამომდინარე გართულებულია ეფექტიანი მმართველობის განხორციელება, რაც მოიცავს იმასაც, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების ეფექტიანი მუშაობისა, ყველა დასახლებაში რთულია კოდექსით გათვალისწინებული თითოეული უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელება და ამ უფლებამოსილებების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მიწოდება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამგვარი შეზღუდვა წარმოადგენს შემაფერხებელ გარემოებას მუნიციპალიტეტებისათვის, რომ მართვის სფეროში არსებული პრობლემები გადაწყვიტონ და შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ უფრო მოქნილად და სწრაფად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, დადგა წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა, რომლითაც გარდამავლ პერიოდში, 2030 წლამდე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ასევე მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში, რაც აუცილებელი ღონისძიებაა მართვის პროცესში არსებული პრობლემების და გამოწვევების გადასაჭრელად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას დააფუძნონ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება კოდექსით. ეს ცვლილება განსაკუთრებით დადებითად აისახება დასახლებებში მართვის პროცესის ეფექტიანობაზე, ვინაიდან, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, განუსაზღვრონ მათ შესაბამისი უფლებამოსილებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება კოდექსის 1561 მუხლით. ამასთან, კანოპნპროექტით დადგინდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე კონტროლს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ისარგებლებს ყველა უფლებით, რომელიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ვინაიდან აღნიშნული რეგულაცია გარდამავალი ხასიათისაა, ამ მუხლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2030 წლამდე პერიოდით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა: - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; - სახელმწიფო ბიუჯეტი (შემოსავლების კომპენსირების შემთხვევაში). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების შემოსავლების გაზრდის მყარი საფუძვლები. კერძოდ, მუნიციპალიტეტებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების უფლების მინიჭება განაპირობებს საინვესტიციო აქტიურობის, ტურისტული ბიზნესისა და თანმდევი სამეწარმეო საქმიანობათა განვითარებას, რის შედეგადაც გაიზრდება საგადასახადო ბაზა, გაუმჯობესდება მოსაკრებლების ადმინისტრირების სისტემა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები მუნიციპალიტეტის დასახლებების პრობლემების მოგვარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ცვლილებებს იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც გადაწყვეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას. აღნიშნული ცვლილებები სახეზე იქნება კანონპროექტის ამოქმედების წელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება, მიღების შემთხვევაში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გასათვალისწინებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საოპერაციო ხარჯები. აღნიშნული მიზნებისათვის, მოიაზრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა მცირერიცხოვანი ადამიანური რესურსით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს მისი სამოქმედო არეალის მოცულობისა და მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი უფლებამოსილებების პროპორციულად. ამდენად, დაახლოებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა, შეადგენდეს, მაგალითად, 15 ადამიანს. საორიენტაციოდ განხილულ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის მიმართულებით 2018 წელს დაიხარჯა 8, 751.7 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის გეგმას წარმოადგენს - 11, 529.9 ათასი ლარი. ამასთან, ნარჩენების შეგროვება გადამუშავება და განადგურების მიმართულებით 2018 წლის ხარჯმა შეადგინა 1, 999.2 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია 1, 247.9 ათასი ლარით აღნიშნული მიმართულების დაფინანსება. ამასთან, ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა მოსაკრებლის ამოღება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, საჯარო ზედამხედველობა, გაითვალისწინება შრომის ანაზღაურების მუხლის ფარგლებში არსებული დაფინანსებით, რადგან ამ უფლებამოსილებების აღსრულება ფინანსდება მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირისათვის გასაცემი ხელფასით, რომლის მიმართულებით ხარჯი 2019 წელს იგეგმება 2, 099.6 ათასი ლარის ფარგლებში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ხარჯში, ასევე, შედის სხვა ადმინისტარციული ფუნქციების განმახორციელებელ პირთა ანაზღაურება, თუმცა იმ უფლებამოსილებების ადმინისტრირება, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადასაცემი ძირითადი უფლებამოსილებათა სეგმენტია, წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობების განხორციელების მიზნით მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს, რომელთა ეფექტიანად განხორციელება საჭიროებს სათანადო ანაზღაურების არსებობას. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილება, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება შეადგენდეს 6000 ლარს. სხვა დასაქმებულ პირებთან მიმართებით გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია, რაც გულისხმობს ამავე კანონის დანართი 2-ის ცხრილი 2-ით გათვალისწინებული ხელფასების გავრცელებას. ამდენად, წლის მანძილზე, სავარაუდოდ, შეადგენს დაახლოებით 600 000 ლარს. რაც შეეხება მოცემული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სსიპ-ის არსიდან და დაფუძნების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იგი ანაზღაურებულ უნდა იქნას საკუთარი შემოსავლებიდან. ამდენად, ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის მაგალითის განზოგადების პირობებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურდიული პირისათვის მიმდინარე ხარჯები, დაახლოებით, განისაზღვრება 2 000 000 – 2 500 000 ლარით. შემდგომ წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის მოცულობის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემული უფლებამოსილებების მოცულობისა და მისთვის განსაზღვრული მიზნების პროპორციულად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შემდგომ წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირს გაუჩნდება საკუთარი შემოსავლები მის მიერ გაწეული მომსახურებების საფუძველზე. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას თან სდევს ადმინისტრაციული ხარჯები, მაგალითად, ინვენტარი, შენობა და ა.შ. რომელიც ინდივიდუალურად იქნება შესაფასებელი მუნიციპალიტეტის რესურსისა და საჭიროების გათვალისწინებით, ამდენად, ამ ეტაპზე აღნიშნული ხარჯის დათვლა შეუძლებელია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტებმა დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესთავაზონ სერვისები ამ სერვისებით დაინტერესებულ პირებს და ამ მიზნით დააწესონ შესაბამისი საფასური, მაგალითად, დაჩქარებული მომსახურების საფასურის სახით. ამდენად, ასეთი უფლებამოსილებისა დადგენისა და ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ სერვისების გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტს ექნება ფინანსური გავლენა მათზე. ამასთან, სწრაფი ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში, შესაბამისი ეკონომიკური სიკეთე, რომელიც გამოიხატება, მაგალითად, ტურიზმის განვითარების გზით, გავლენას იქონიებს შესაბამის არეალში მცხოვრებ ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე, იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ოპერირებენ შესაბამის არეალში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.