„შრომის ინსპექციის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა
ნომერი
#07-3/448/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი შრომის ინსპექციის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებს და საქმიანობის მიმართულებებს, შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფას, შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებებს და ამ უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. შრომის ინსპექციის სამსახურის სამართლებრივი სტატუსი შრომის ინსპექციის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შრომის კანონმდებლობა - საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამუშაო ადგილზე ტრეფიკინგის - იძულებითი შრომის ამკრძალავი საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების, შრომით უფლებებთან და პირობებთან მიმართებით საქართველოს სხვა ნებისმიერი ნორმატიული აქტის, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების და კოლექტიური დავის ფარგლებში მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნორმები; ბ) სამინისტრო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) მინისტრი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; დ) შრომის ინსპექციის სამსახური- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი და სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ე) მთავარი შრომის ინსპექტორი - შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი; ვ) შრომის ინსპექტორი - მთავარი შრომის ინსპექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დანიშნული პირი; ზ) ქცევის კოდექსი - ამ კანონის შესაბამისად მინისტრის მიერ დამტკიცებული შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსი; თ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება; ი) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე; კ) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას; ლ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს; მ) პროფესიული დაავადება − დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით, იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან/და პროფესიული შრომისუნარიანობის შეზღუდვას მოკლე პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით; ნ) დაინტერესებული პირი - დასაქმებული, რომლის მიმართაც დაირღვა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, ან პირი, რომელიც დასაქმებულია ამავე დამსაქმებელთან და მისთვის ცნობილი გახდა შრომის კანონმდებლობით დაცული უფლებების დარღვევის ფაქტის შესახებ, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით შექმნილ დასაქმებულთა გაერთიანება ან სახალხო დამცველის აპარატი; თავი II. ძირითადი დებულებები მუხლი 4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. შრომის ინსპექციის სამსახური, თავისი საქმიანობისას ხელმძღვანლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. შრომის ინსპექციის სამსახური, ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანლობს შემდეგი პრინციპებით: ა) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ბ) კანონიერება; გ) პროფესიონალიზმი; დ) კონფიდენციალურობის დაცვა. მუხლი 5. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები 1. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. 2. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, შრომის ინსპექციის სამსახური მათ შორის იყენებს შემდეგ მექანიზმებს: ა) შრომის კანონმდებლობის შესრულებასთან დაკავშირებით, მოთხოვნის შესაბამისად, კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმაციის მიწოდება; ბ) საქართველოში შრომის კანონმდებლობის დაცვის ხელშეწყობისკენ მიმართული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების მეშვეობით. გ) შრომის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება და განხილვა; დ) ინსპექტირება; ე) წინადადებების შემუშავება შრომის კანონმდებლობის დახვეწისა და მისი გამოყენების გაუმჯობესების მიზნით. 3. შრომის ინსპექციის სამსახურმა ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები უნდა გამოიყენოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად შესაძლო გავლენის მოხდენა შრომის კანონმდებლობის ეფექტიან გამოყენებაზე. 4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III. შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება, სტრუქტურა და საქმიანობა მუხლი 6. შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება და დაფინანსება 1. შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. 2. შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონება, შემოსავლები და დაფინანსება სრულად ხმარდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას. მუხლი 7. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა 1. შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარ შრომის ინსპექტორს ჰყავს არანაკლებ ორი მოადგილე, რომელთაგანაც ერთ-ერთი იკავებს პირველი მოადგილის პოზიციას. 3. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილე(ებ)ს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარი შრომის ინსპექტორი. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის საკურატურო სფეროში შედის შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, გარდა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შრომის კანონმდებლობისა, რომელიც შედის მთავარი შრომის ინსპექტორის სხვა მოადგილ(ებ)ის საკურატურო სფეროში. 4. მთავარი შრომის ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავარი შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილე. 5. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობის წესი განისაზღვრება შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი. 6. შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის კანონიერებას, ეფექტიანობას და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარიშრომის ინსპექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 8. მთავარი შრომის ინსპექტორი 1. მთავარი შრომის ინსპექტორი: ა) ხელმძღვანელობს შრომის ინსპექციის სამსახურს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) გამოსცემს ამ კანონის, შრომის ინსპექტორის სამსახურის დებულების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს შრომის ინპექციის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების, თანამშრომლების უფლებამოსილებებს და საშტატო ნუსხას. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შრომის ინსპექტორთა თანამდებობის კლასიფიცირებასთან და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის ინსპექტორებს და შრომის ინსპექციის სამსახურის სხვა თანამშრომლებს; ე) უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორის სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მთავარი შრომის ინსპექტორი განსაზღვრავს შრომის ინსპექტორის დანიშვნისათვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ზ) ახორციელებს ამ კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმ რაოდენობის შრომის ინსპექტორებს, რაც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მოვალეობების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია გაითვალისწინოს შრომის ინსპექტორთა კვალიფიკაცია და გენდერულ ბალანი. საჭიროების შემთხვევაში, მამაკაც და ქალ ინსპექტორებს შეიძლება დაეკისროთ სპეციალური მოვალეობები. 3. მთავარი შრომის ინსპექტორი უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორების პროფესიულ ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ მომზადებას, მათ შორის, პერიოდულ სწავლებას (ტრენინგებს). 4. მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია ითანამშრომლოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან შრომის ინსპექტორთათვის სასწავლო მოდულის შემუშავებისა და განვითარების მიზნით. მუხლი 9. მრჩეველთა საბჭო 1. მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნციონირებისა და საქმიანობის შესახებ. 2. მრჩეველთა საბჭო შედგება არაუმეტეს 7 წევრისგან. წევრები აირჩევიან არაუმეტეს 2 წლის ვადით, ზედიზედ ორჯერ. 3. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: ა) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (დასაქმებულთა მხრიდან) ყველა წევრისაგან ნომინირებული 2 წარმომადგენელი; ბ) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (დამსაქმებელთა მხრიდან) ყველა წევრისაგან ნომინირებული 2 წარმომადგენელი; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ ნომინირებული საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი; დ) საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; 4. მრჩეველთა საბჭო ხმათა უბრალო უმრავლესობით შეიმუშავებს და ამტკიცებს მისი საქმიანობის წესს. მუხლი 10. შრომის ინსპექციის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში 1. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს მრჩეველთა საბჭოს და საქართველოს პარლამენტს, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში. 2. შრომის ინსპექციის სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების მიმოხილვა; ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო ხედვა და სტრატეგია; გ) ინფორმაცია შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ; დ) ინსექციას დაქვემდებრებული სამუშაო ადგილების სტატისტიკა ე) ინსპექტირების მიზნით განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა; ვ) დარღვევებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ სტატისტიკა; ზ) უბედური შემთხვევების სტატისტიკა; თ) პროფესიული დაავადებების სტატისტიკა. 3. შრომის ინსპექციის სამსახურის წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა. 4. საქართველოს პარლამენტში ანგარიშის მოსმენა ხდება საქართველოს პარლამენტის რეგლმენტით განსაზღვრული წესით. IV თავი. შრომის ინსპექტორის სტატუსი, საქმიანობის ფარგლები და სამართლებრივი გარანტიები მუხლი 11. შრომის ინსპექტორის სტატუსი და საქმიანობის ფარგლები 1. შრომის ინსპექტორი არის საჯარო მოსამსახურე და მისი თანამდებობაზე დანიშვნა, სტატუსი, სოციალური გარანტიები და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შრომის ინსპექტორებისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები უნდა განხორციელდეს: ა) გონივრულობის ფარგლებში, ამ კანონის მოთხოვნებისა და იმ პირის ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც ეხება შრომის ინსპექტორის მიერ უფლების რეალიზება; ბ) ქცევის კოდექსით გათვალისწინებული წესით; 3. შრომის ინსპექციის სამსახურის ხარჯით, შრომის ინსპექტორები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჯანმრთელობის დაზღვევით. შრომის ინსპექტორთა ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პირობები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. მუხლი 12. შრომის ინსპექტორთა საქმიანობის საქმიანობისთვის ხელშეშლის აღკვეთა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის ინსპექციის სამსახურისთვის განზრახ ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V.ინსპექტირებისდაწყების საფუძვლები, შრომის კანონმდებლობის გამოყენება და აღსრულება მუხლი 13. ინსპექტირებისდაწყების საფუძვლები 1. შრომის ინსპექციის სამსახური შრომის ინსპექტირებას ახორციელებს: ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; გ) ნებისმიერი პირის შეტყობინების საფუძველზე, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი. მუხლი 14. საჩივარის განხილვის ვადა 1. შრომის ინსპექციის სამსახური ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. საქმის გარემოებებისა და სირთულის გათვალისწინებით, მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა 1 თვის ვადით. 2. თუ შრომის კანონმდებლობით დაცული უფლების დარღვევით საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შრომის ინსპექციის სამსახური, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, მყისიერად ახდენს რეაგირებას შემოსულ შეტყობინებასა და საჩივარზე. მუხლი 15. ინფორმაციის გამოთხოვის წესი 1. ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია შრომის ინსპექციას, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიული საიდუმლოების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი, რომელიც აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებული ინსპექტირების განსახორციელებლად. შრომის ინსპექცია უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოება. 2. ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი შრომის ინსპექციის სამსახურს მიაწოდოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე. მუხლი 16. ინსპექტირების განხორციელების წესი 1. სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დაშვების მიზნით, შრომის ინსპექტორი ვალდებულია მაიდენტიფიცირებელი ბარათი, რომელიც გადაეცემა მას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას და ფუნქციების შესრულებისათვის, წარუდგინოს: ა) დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს; ბ) სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის მფლობელს, მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს; 2. ინსპექტირების განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დღე-ღამის ნებისმიერ დროს; ბ) წინასწარი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის არსებობასთან დაკავშირებით; გ) მოითხოვოს სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივცრის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რამდენადაც აღნიშნული გონივრულად აუცილებელია სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის მოკვლევისათვის საჭირო ვადით. დ) მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან/და ნივთი, რასაც შრომის ინსპექტორი გონივრულობის ფარგლებში, აუცილებლად მიიჩნევს შრომის ინსპექტორის მიერ მოკვლევის ჩასატარებლად ან/და სხვა ფუნქციის შესასრულებლად; ე) მოკვლევის მიზნებისათვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, დოკუმენტი, საგანი ან/და ნივთიერება ან განახორციელოს ასლის გადაღება. დალუქვასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრი სამართლებრივი აქტით. ვ) აიღოს ნებისმიერი ნივთის, მასალის, არსებული ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში; ზ) განახორციელოს აზომვები, ჩანაწერები, ფოტო, ვიდეოგადაღება, ამონაწერის გაკეთება; თ) გამოკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ნებისმიერი პირი, აღნიშნული პირისგან ისეთი ინფორმაციის მოთხოვნის გარეშე, რომელმაც შესაძლოა ამხილოს ეს პირი; ი) კონფიდენციალობის პირობის დაცვით, შრომის ინსპექციის სამსახურში მოიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას; კ) შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი, სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარები ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო; ლ) მოითხოვოს ნებისმიერი პირისგან, მის განკარგულებაში მყოფი მასალის, დოკუმენტის, ნივთის ან ნივთიერების გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი, გონივრულობის ფარგლებში, აუცილებლად მიიჩნევს მოკვლევის ჩასატარებლად ან/და სხვა ფუნქციის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა აღნიშნული არის თუ არა დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში; მ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პოლიციის, თარჯიმნის ან შესაბამისი ტექნიკური ექსპერტის დახმარება; ნ) ამ კანონით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტი, გააფორმოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები. 3. შრომის ინსპექტორი, რომელმაც ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, დროებით ამოიღებს/დალუქავს მასალას, დოკუმენტს ან/და ნივთს, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან/და ნივთის მფლობელს მისცეს ასლის ან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა. 4. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ შეადგინოს ოქმი და გადასცეს მისი ასლი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითეთებულ პირს. 5. შრომის ინსპექტორი ვალდებულია მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შემთხვევაში, მასალის, დოკუმენტის ან ნივთის მფლობელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მისცეს აღნიშნილ მასალის, დოკუმენტის ან ნივთის თავისებურებისა და საჭიროების გათვალისწინებით, გონივრული პერიოდულობით, მისი შემოწმების ან ასლების გადაღების შესაძლებლობა. 6. თუ შრომის ინსპექტორი მოახდენს ამ კანონით გათვალისწინებული ატმოსფერული ჰაერის, მასალის, ნივთის ან ნივთიერების ნიმუშის აღებას, იგი ვალდებულია აღნიშნული აცნობოს დამსაქმებელს, სამუშაო ადგილის მესაკუთრეს, მფლობელს ან სავარაუდო მფლობელს და გადასცეს მას ამ ნიმუშის ნაწილი. მუხლი 17. თანამშრომლობა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან 1. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან. 2. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, აუცილებლობით განპირობებულ გამონაკლის შემთხვევაში, ერთობლივი ინსპექტირება განახორციელოს სხვა შესაბამის საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალურ საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობით. 3. თუ შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს ეჭვი მისი კომპეტენციის მიღმა ჩადენილი სამართალდარღვევის ან დანაშაულის შესახებ, იგი ვალდებულია ამგვარი ფაქტის გამოვლენიდან დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ორგანოს. VI. ინტერესთა შეუთავსებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა მუხლი 18. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. შრომის ინსპექტორს არ შეიძლება ჰქონდეს ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტის მიმართ. შრომის ინსპექტორი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მის უშუალო ხელმძღვანელს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა იწვევს შრომის ინსპექტორის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოს კანონმდელობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 19. კონფიდენციალურობის დაცვა 1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის ინსპექტორს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ეს ვალდებულება შრომის ინსპექტორს უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც. 2. გარდა უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდებისა, შრომის ინსპექტორი არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს შრომის ინსპექციის სამსახურში შემოსული საჩივრის წყარო. 3. საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ პირის გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალობის გარანტიით და შრომის ინსპექტორი, მათ შორის შრომის ინსპექციის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირების განხორციელებისას, შრომის ინსპექციის სამსახური არ მიუთითებს, რომ ინსპექტირება დაიწყო საჩივრის საფუძველზე. 4. საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 5. შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობა. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ ხელისუფლების ორგანოს თუ არსებობს ამგვარი ინფორმაციის მიწოდების კანონიერი საფუძველი. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა იწვევს შრომის ინსპექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ან სხვა სახის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. თავი VII.ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის და გასაჩივრების წესი მუხლი 20. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართადარღვევისათვის 1. შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება: ა) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით; ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა სპეციალური კანონით. საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება წინამდებარე თავით. 3. შრომითი ნორმების დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება. 4. შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში განსაზღვროს როდის და რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული ან/და რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. 5. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ. 6. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისათვის დადგენილი გონივრული ვადა განისაზღვრება შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ დამსაქმებელთან და დასაქმებულთა გაერთიანებასთან (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელთან (ასეთი არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციის საფუძველზე და აღინიშნება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს შრომის ინსპექციის სამსახური და დამსაქმებელი. დამსაქმებლის უარი ოქმის ხელმოწერაზე, უარის თქმის მიზეზის მითითებით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ აღინიშნება შესაბამის ოქმში. დამსაქმებლის უარი ვერ ჰპოვებს გავლენას ოქმის ნამდვილობაზე. 7. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა. 8. დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისათვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შრომის ინსპექციის სამსახური გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული მხარისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება, გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი. 10. დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს შრომის ინსპექციის სამსახურს დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს დამსაქმებელს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისაგან. 12. ამ მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება დასაშვებია ბავშვთა შრომის ან/და იძულებითი შრომის აკრძალვასთან დაკავშირებული დებულებების დარღვევისათვის, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ სხვა შემთხვევების გარდა. 13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 21. გასაჩივრების წესი 1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება შრომის ინსპექტორის მიერ. შრომის ინპსექტორის აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში. 2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის და ჩაბარების წესი განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 22. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს მთავარ შრომის ინსპექტორს. 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 4 თვის ვადაში მთავარი შრომის ინსპექტორი მოიწვევს მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომას. მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილია შეიმუშაოს და დაამტკიცოს მისი საქმიანობის წესი თუ მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი. 3. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცებას. ბ) შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცებას. 4. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განხორციელდეს რეორგანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შრომის ინსპექციის სამსახურს. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შრომის ინსპექციის სამსახური ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტმენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შრომის ინსპექციის სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოცეული სამართლებრივი აქტები ინარჩეუნებს იურიდიულ ძალას. 8. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა, სხვა დოკუმენტაციის) და შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული შრომის ინსპექციის სამსახურისათვისათვის გადაცემას. აღნიშნული კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 9. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 23. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შრომის ინსპექციის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში „შრომის სამინისტრო“) არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და განსაზღვროს ახალშექმნილი იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო. შესაბამისად, წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია, ერთი მხრივ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის ამ დანაწესით, ხოლო, მეორე მხრივ, იგი მიზნად ისახავს გაავრცელოს შრომის საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების სფეროზე, არამედ შრომის უფლებების სრულ სპექტრზე. შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, შრომითი უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2013 წელს, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ (შემდგომში „საქართველოს შრომის კოდექსი“) განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სხვა საკითხებს შორის, გართულდა დასაქმებულთა თვითნებური გათავისუფლება, აიკრძალა დისკრიმინაცია დასაქმების პროცესში და სავალდებულო გახდა შრომითი ხელშეკრულების წერილობითი გაფორმება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. 2015 წელს, საქართველოს შრომის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დაარსდა; დეპარტამენტის მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებისთვის მას დამსაქმებლის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა; ამასთან, ინსპექტირების შემდგომ, დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ გააჩნდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა „შრომის უსართხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულმა კანონმა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მანდატი მნიშვნელოვნად გააფართოვა და ინსპექტირების ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება დაისახა მიზნად. 2015 წლიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა 25-დან 40-მდე გაიზარდა; ამჟამად, დეპარტამენტი ახალ თანამშრომელთა აყვანას გეგმავს. ცვლილებათა მიუხედავად, კანონმდებლობა დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მოქმედი კანონმდებლობით, საზედამხველო ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება, ზედამხედველობა შრომის უფლებების (მათ შორის, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება, დასვენებისა და შვებულების უფლება და სხვ.) დაცვაზე განახორციელოს. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები შრომის უფლებების დარღვევას, სხვა უფლებებს შორის, ყველაზე ხშირად უჩივიან1. საგულისხმოა, რომ 2012 წელს ჩატარებული მსგავსი შინაარსის კვლევის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაწილი შრომის უფლების დარღვევაზე საუბრობდა2. ამასთან, 2019 წელს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა (CRRC) და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, სამუშაო ადგილზე ხდება არასათანადო ანაზღაურება (71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%), სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (57%), ანაზღაურების დაგვიანება (42%), ანაზღაურებადი შვებულების უფლების დარღვევა (30%), დეკრეტული შვებულების უფლების დარღვევა (15%)3. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის4 ფარგლებში, 2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა 109 შემოწმება, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევასთან ერთად, ხშირად სახეზეა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებიც, მათ შორის, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევა, სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების წესის დარღვევა. 2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა, შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების საჭიროებასთან ერთად5, 1 ACT (2017). ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება საქართველოში: საზოგადოების დამოკიდებულება და ინფორმირებულობა, გგ. 42-45. ხელმისაწვდომია მბულზე: https://www.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/DG/UNDP_GE_DG_Human_Rights_Survey_201 7_geo.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 2 იქვე, გ. 44. 3 CRRC (2018). გამოკითხვა პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ, გ. 30. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://osgf.ge/wp-content/uploads/2019/04/CRRC-research.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 4 იხ. საქართველოს მთავრობის N603 დადგენილება (31.12.2018) შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელწმიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. ხელმისაწვდომია მბულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4443902?publication=0 [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 5 საქართველოს სახალხო დამცველი (2018). საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომაროების შესახებ, ხაზი გაუსვა შრომის უფლებების შემდგომი რეგულირებისა და დამოუკიდებელი და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას6. აღსანიშნავია, რომ შრომის ზედამხედველობის შესახებ რეგულაციები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებსა და საქართველოს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება, შრომის ეროვნული დებულებები ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვოს7. ასოცირების შეთანხმების 229-ე მუხლის მიხედვით, საქართველო ვალდებულია, პატივი სცეს, ხელი შეუწყოს, საკუთარ კანონმდებლობაში ასახოს და პრაქტიკაში დანერგოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიის (ILO) ფუნდამენტური, პრიორიტეტული და სხვა კონვენციებით აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტთა კომიტეტის თანახმად კი შრომის ინსპექციის შესახებ კონვენცია (No. 81), რომელიც ითვალისწინებს ინსპექტირებას „სამუშაო დროსთან, ანაზღაურებასთან, უსაფრთხოებასთან, ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან, ბავშვთა და ახალგაზრდების დასაქმებასთან და სხვა შესაბამის საკითხებთან“8 დაკავშირებით, პრიორიტეტული კონვენციების ნუსხას9 მიეკუთვნება. ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის მიხედვით, საქართველო იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს მუშაობა ქმედითი შრომის ინსპექციიის შესაქმნელად და უზრუნველყოს მისი უფლებამოსილების გავრცელება შრომის ყველა პირობასა და შრომითი ურთიერთობის ყველა ასპექტზე10. გგ. 186-193. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://ombudsman.ge/res/docs/2019042620571319466.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 6 საქართველოს სახალხო დამცველი (2018). ეროვნული საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ხელმისაწვდომია მბულზე: https://drive.google.com/file/d/1jlujQ6bN40WrlBJFukQx3wv326StelIl/view [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 7 იხ. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, თავი 13: ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და თავი 14. დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები“. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959 [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 8 იხ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ (No. 81; 1947). ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_CODE:C081 [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 9 იხ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტული კონვენციების ჩამონათვალი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ilo.org/global/standards/introduction-to-international-labourstandards/conventions-and-recommendations/lang--en/index.htm [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 10 იხ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წწ. დღის წესრიგი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/annex_ii_-_eugeorgia_association_agenda_text.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. ამასთან, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში შრომის უფლების დაცვის შესახებ 2018 წელს მომზადებულ დასკვნაში მითითებულია, რომ შრომის ეროვნული კანონმდებლობა, როგორც წესი, არ შეესაბამება ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნებს. კომიტეტის შეფასებით, საქართველოს შრომის ინსპექციის უწყება არ ზედამხედველობს დამსაქმებელთა მიერ ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო დროის მარეგულირებელი ნორმების დაცვას, რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნათა დარღვევაა11. ამასთან, 2019 წლის მაისში, საქართველოსა და ევროკავშირს ყოველწლიური ადამიანის უფლებათა დიალოგის მე-12 რაუნდის ფარგლებში, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სრულყოფილი შრომის ინსპექციის შექმნა. შრომის უფლებების დაცვის მდგომარეობა ასევე გახდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2018 წლის ანგარიშის ნაწილი; დასკვნის მიხედვით, მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქმედით ზედამხედველობას მინიმალური ანაზღაურების, სამუშაო საათებისა და შრომის სხვა უფლებებთან მიმართებით12. ამასთან, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის ოფიციალური განცხადებით, 2019 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც კი, საქართველოს შრომის მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში არ იქნება არსებულ გამოწვევებთან, თუ შრომითი ზედამხედველობა არ გავრცელდება შრომის უფლებების ყველა ასპექტზე13. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, უნდა შექმნას „დამოუკიდებელი, სათანადო პერსონალით დაკოპლექტებული და მომზადებული შრომის ინსპექცია ფართო მანდატით, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას; Human Rights Watch-ის რეკომენდაციითვე, შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, „სისტემატურად შეამოწმოს სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე, მათ შორის და 11 იხ. სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის დასკვნა საქართველოს შესახებ. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://hudoc.esc.coe.int/eng#{%22tabview%22:[%22document%22],%22ESCDcIdentifier%22:[%222018/def/G EO/2/1/EN%22]} [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 12 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი (2018). ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.state.gov/wpcontent/uploads/2019/03/GEORGIA-2018-HUMAN-RIGHTS-REPORT.pdf [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. 13 იხ. გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლბების სამუშაო ჯგუფის განცხადება. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=24474&LangID=E [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. არა მხოლოდ, სამუშაო საათებთან, დაღლილობასთან და ადეკვატურ დასვენებასა და საწარმოო ზეწოლასთან დაკავშირებული საფრთხეები“14. შესაბამისად, კანონპროექტის უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ქმედითი დაცვა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნისა და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების, შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებების და ამ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსაზღვრის გზით. ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ნორმატიული ვალდებულება, საქართველოს შრომის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და განსაზღვროს ახალშექმნილი იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო. წინამდებარე კანონპროექტის მიღების გარეშე, ვერ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნციონირებისთვის აუცილებელი პრინციპები, უფლებამოსილების ფარგლები, საქმიანობის ფორმები და მისი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები. მეორე მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ, კანონპროექტის მიღების გარეშე, სახელმწიფო ვერ განახორციელებს ქმედით ზედამხედველობას დამსაქმებელთა მიერ შრომის უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების დაცვაზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ, შეიქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახური და განისაზღვრება მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო 14 Human Rights Watch (2019). No Year without Deaths: A Decade of Deregulation Puts Georgian Miners at Risk. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.hrw.org/report/2019/08/22/no-year-without-deaths/decadederegulation-puts-georgian-miners-risk [ბოლო ნახვა: 29 აგვისტო, 2019]. დამსაქმებელთა მიერ შრომის უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე ქმედით ზედამხედველობას განახორციელებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ქვაკუთხედია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიდგომა შრომის ინსპექტირების სტრატეგიული შესაბამისობის შესახებ. განსხვავებით ტრადიციული აღსრულების მოდელისგან, რომელიც უპირატესად ფოკუსირებულია უფლების ხელყოფის ფაქტის შემდგომ კანონის აღსრულების კლასიკურ პრინციპზე, სტრატეგიული შესაბამისობის მოდელი გულისხმობს სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას პროაქტიული მიდგომით და, მათ შორის, აღსრულების მექანიზმის გამოყენებით. ამის უზრუნველყოფა მოითხოვს ტრადიცული აღსრულების მოდელის მიღმა პროაქტიული, მიზანზე და საჭიროებაზე მორგებული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას. სტრატეგიული შესაბამისობის მოდელი მოიცავს ანალიზის საფუძველზე შეჯერებული მიზნებისა და საჭიროების ფარგლებში კანონთან შესაბამისობისკენ სწრაფვას კონსულტირების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, სწავლების, ცნობიერების ამაღლების, საკითხისადმი სისტემური მიდგომის და, მათ შორის, აღსრულების მექანიზმის მეშვეობით. სტრატეგიული შესაბამისობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, დასაქმებულთა და დამსაქმებლის, მათი წარმომადგენლების, სამთავრობო და არასამათავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ყველა დაინტერესებული სუბიექტის (რომელთაც შეუძლიათ კანონთან შესაბამისობასზე გავლენის მოხდენა) ჩართულობა. შესაბამისად, სტრატეგიული შესაბამისობის მოდელის თანახმად, შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით კანონის იმპლემენტირებაში მონაწილეობს არამხოლოდ შრომის ინსპექცია, ასევე ყველა დაინტერესებული სუბიექტი.15 კანონპროექტი 8 თავისგან შედგება. პირველი თავი („ზოგადი დებულებები“) განსაზღვრავს კანონპროექტის რეგულირების სფეროს, შრომის ინსპექციის სამსახურის სამართლებრივ სტატუსს და ადგენს გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კანონპროექტის პირველი თავი განმარტავს, რომ დამსაქმებლად მიიჩნევა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ 15 ვრცლად იხ. ILO (2017). ILO Approach to Strategic Compliance Planning for Labour Inspectorates. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_dialogue/--lab_admin/documents/publication/wcms_606471.pdf [ბოლო ნახვა: 2 სექტემბერი, 2019]. განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან/და პირთა გაერთიანება, რომელისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულად მიიჩნევა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე. კანონპროექტის მე-2 თავი („ძირითადი დებულებები“) შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრინციპებს, მის მიზანს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონიერების, პროფესიონალიზმისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებით. კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ის კონსულტაციებს უწევს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს, იღებს და განიხილავს საჩივრებს შრომის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებზე, ატარებს ინსპექტირებას, ზრუნავს შრომის კანონმდებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და შეიმუშავებს წინადადებებს შრომის კანონმდებლობის დახვეწისა და მისი გამოყენების გაუმჯობესების მიზნით. კანონპროექტის მეორე თავის მიხედვით, შრომის ინსპექციის საქმიანობა არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო და საომარი მოქმედების დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ შრომის ინსპექციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით. კანონპროექტის მე-3 თავი შრომის ინსპექციის სამსახურის ქონების, დაფინანსების, მისი სტრუქტურის, მართვისა და წარმომადგენლობის საკითხებს ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელწმიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, გრანტები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. ამავე თავის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. შრომის მთავარი ინსპექტორი, სხვა უფლებამოსილებებს შორის, წარმოადგენს შრომის ინსპექციის სამსახურს, წარმართავს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობას და ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს. მთავარ შრომის ინსპექტორს, თავის მხრივ, უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 მოადგილე. კანონპროექტის მიხედვით, იქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც წარმოადგენს მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს. მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის რჩევების მიცემას სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ. ამავე თავით დადგენილია შრომის ინსპექციის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მარეგულირებელი ნორმები, რომელთა მიხედვით ანგარიში საქართველოს პარლამენტსა და მრჩეველთა საბჭოს წარედგინება. კანონპროექტის მე-4 თავი შრომის ინსპექტორის სტატუსს, საქმიანობის ფარგლებსა და სამართლებრივ გარანტიებს ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორი არის საჯარო მოსამსახურე და მისი თანამდებობაზე დანიშვნა, სტატუსი, სოციალური გარანტიები და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორები უზრუნველყოფლი იქნებიან ჯანმრთელობის დაზღვევით. კანონპროექტი კრძალავს შრომის ინსპექტორის საქმიანობისთვის ხელის შეშლას. კანონპროექტის მე-5 თავი ინსპექტირების და შრომის კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების საკითხებს ეხება. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის ინსპექტირებას ახორციელებს დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შრომის ინსპექციის სამსახური ასევე უფლებამოსილია, ინსპექტირება განახორციელოს ნებისმიერი პირის შეტყობინების საფუძველზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. შრომის ინსპექციის სამსახური, კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში; საქმის გარემოებებისა და სირთულის გათვალისწინებით, შრომის მთავარი ინსპექტორი უფლებამოსილია, გააგრძელოს საჩივრის განხილვა 1 თვის ვადით. კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორს უფლება აქვს, თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს ინსპექციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში და მოიძიოს, გამოითხოვოს, გამოიკვლიოს და დალუქოს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან ნივთი, თუ ეს აუცილებელია მოკვლევის ან ინსპექციის ჩასატარებლად; ასევე განახორციელოს აზომვები, ჩანაწერები, ფოტო- და ვიდეოგადაღება და გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. ამავე თავით გათვალისწინებულია შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობის საფუძვლები სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან. კანონპროექტის მე-6 თავი ინტერესთა შეუთავსებლობასა და კონფიდენციალურობის დაცვას შეეხება. ამ თავის მიხედვით, აკრძალულია შრომის ინსპექტორებს ჰქონდეთ ნებისმიერი ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი ინტერესი ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტის მიმართ - ასეთ შემთხვევაში, შრომის ინსპექტორი ვალდებულია, აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. კონფიდენციალურობის გარანტიით არის დაცული შრომის ინსპექციის სამსახურში შესული საჩივრის წყარო, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა. კანონპროექტის მე-7 თავი შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისგებლობისა და მისი გასაჩივრების საკითხებს არეგულირებს. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი სახდელები: გაფრთხილება, ჯარიმა, სამუშაო პროცესის შეჩერება. სახდელის გამოყენებისას, შრომის კანონმდებლობის ფარგლებში, შრომის ინსპექტორს გააჩნია დისკრეცია, განსაზღვროს, როდის და რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული ან/და რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ამასთან, სამუშაო პროცესის შეჩერება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვებებისას არის ნებადართული. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას, შრომის ინსპექციის სამსახური, შესაბამისი კონსულტაციების გავლის შემდეგ, გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ; ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების ოქმი მითითების შესრულების ან მითითების არშესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს დამსაქმებელს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისგან. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება შრომის ინსპექტორის მიერ და იგი საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტის მე-8 თავი გარდამავალ და დასკვნით დებულებებს შეიცავს. ამ დებულებების მიხედვით, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, თანამდებობაზე დანიშნავს მთავარ შრომის ინსპექტორს, ხოლო მთავარი შრომის ინსპექტორი, კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში, მოიწვევს მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცებას, ხოლო 3 თვის ვადაში - შრომის ინსპექციის სამსახურს მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ქონებას გადასცემს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ასეთი არ არსებობს. ამასთან, დამატებითი ღონისძიებების განხორციელება არ არის აუცილებელი და შესაბამისად, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა მისი გამოქვეყნების თარიღი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გრანტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები, რაც მას საშუალებას მისცემს გაამრავალფეროვნოს დაფინანსების წყაროები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით შრომის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბებული არ არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. შესაბამისად, იგი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იქიდან, გამომდინარე, რომ საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გზით გამოეყოფა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსება მოხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მომავალი წლებისთვის განსაზღვრული ფინანსური რესურსის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი იქნება, შრომითი კანონმდებლობის დარღვევისათვის გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა დაეკისრება დამსაქმებელს და იგი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის გავლენა დამოკიდებულია სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი კანონმდებლობის ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილ დარღვევთა რაოდენობაზე და დამსაქმებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმების ოდენობაზე. ამასთან, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი იქნება სანქციის სახედ ყოველთვის არ გამოიყენოს ჯარიმა და მის ნაცვლად პირველ ეტაპზე გამოიყენოს გაფრთხილების მექანიზმი, თუმცა, ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებები, სავარაუდოა, რომ შემდეგ წლებში გაიზრდება შრომის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და დამსაქმებელთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 2020 წელს სსიპ საქართველოს შრომის ინსპექცის ცენტრალური აპარატი განთავსდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში და მას გადაეცემა უკვე არსებული ინვენტარი, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. გარდა ამისა, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა ქუთაისსა და ბათუმში უნდა გახსნას რეგიონალური წამომადგენლობა, რომლისთვისაც საჭირო იქნება საოფისე ტექნიკა, ინვენტარი, საიჯარო ქირა, ოფისის ფუნქციონირებასა და შენახვასთან დაკავშირებული თანხები. წელიწადში თითოეული რეგიონალური წარმომადგენლობისთვის საშუალოდ საჭიროა - 300 000 ლარი. 2021 წლიდან, დაგეგმილია ინსპექტორთა რაოდენობის გაიზრდა 100-მდე, რაც გამოიწვევს ინსპექტორების აღჭურვილობისთვის (მათ შორის, მზომი ხელსაწყოები, სამხრე კამერები, პლანშეტები), სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისათვის, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევისა და საწვავისათვის საჭირო ხარჯებს საშუალოდ - 350 000 ლარის ოდენობით. ამჟამად, საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმებულია შტატით გათვალისწინებული 7 თანამშრომელი და 17 შრომის ინსპექტორი, როგორც ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს 2020 წლის ბოლომდე (სავარაუდოდ მესამე კვარტალში) დაემატება ხელშეკრულებით დასაქმებული 63 პირი, აქედან 60 დასაქმდება შრომის ინსპექტორის, ხოლო 3 - იურიდიულ საკითხებში კონსულტანტის პოზიციაზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 87 თანამშრომლისათვის (27 05 02 პროგრამული კოდით) სახელფასო ბიუჯეტისთვის გათვალისწინებულია - 1 300 000 ლარი. ვინაიდან, 2021 წლისთვის დაგეგემილია შრომითი ინსპექტორების რაოდენობის 100მდე გაზრდა, მათთვის რანჟირების სისტემის შემოღება და კატეგორიებად დაყოფა (ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი), წინა წელთან შედარებით 2021 წლის სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით გაიზრდება - 2 340 000 ლარით. ხოლო, 2022 წლისთვის დაგეგემილია შრომითი ინსპექტორების რაოდენობის 150-მდე ზრდა, რაც თავის მხრივ, წინა წელთან შედარებით, 2022 წლის სახელფასო ბიუჯეტს დაახლოებით - 1 310 000 ლარით გაზრდის. 2023 წლისთვის წინა წელთან შედარებით არ იზრდება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის სახელფასო ბიუჯეტი. რაც შეეხება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის აპარატისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დაზღვევას და სოციალურ უზრუნველყოფას, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 - 2023 წლის ბიუჯეტში იგი წლიურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილში გამოიწევს დაახლოებით - 76 000 ლარით ზრდას. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის საჭირო საინფორმაციო კამპანიები და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება დაფინანსდება ევროკავშირის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დღემდე აქტიურად ეხმარება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს თანამშრომელთა გადამზადებასა და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფაში. 2017-2018 წლებში 40 შრომის ინსპექტორი აღიჭურვა სამხრე კამერებით, პლანშეტებით, პერსონალური კომპიუტერებით. სამინისტროს გადაეცა მზომი ხელსაწყოები და ა.შ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირებისა და შემოწმების დეპარტამენტი მთავარ ბენეფიციარად ჩაერთო ევროკავშირის დაძმობილების პროექტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს პირდაპირი ფინანსური გავლენა არ ექნება დასაქმებულზე, ხოლო იგი გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ დამსაქმებელეზე, რომელიც არ დაიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ვინაიდან, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა დაეკისრება დამსაქმებელს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დამსაქმებელს წარმოეშობა ვალდებულება, შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის გარდა, სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილი დასაქმებულთა უფლებების ეფექტური დაცვა, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ორგანიზაციაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, დასაქმებულთა გადამზადებასთან, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასთან, კომპანიაში სხვადასხვა სახის ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებასთან და ა.შ. დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა უფლებების ეფექტურ დაცვასთან დაკავშირებით გასაწევი ხარჯების ოდენობა პირდაპირპროპორციულად დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ორგანიზაციაში არსებულ და გასატერებელ ღონისძიებათა მასშტაბურობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი იქნება შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული ჯარიმა, შესაბამისი საფუძვლითა და წესით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ამავე სამინისტროს შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა; სოციალურმა პარტნიორებმა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და მის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა; შრომით უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.