„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/26/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება 1. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გამოცემული რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი სანქციათა კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანა ან სიიდან ამოღება, ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს შესაბამისი სანქციათა კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვა ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, სამთავრობო კომისია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას: ა) პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე; ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. კომპეტენტური ორგანოს მიმართვის 4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს ან აკონტროლებს: ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციისა და მათი სათადარიგო ნაწილების დაუფლების აღკვეთის მიზნით. სამთავრობო კომისიის მიმართვა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 6. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაწესებული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს. მუხლი 42. ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა 1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისათვის საკმარისი საფუძველი. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდისათვის საკმარისი საფუძველი აღარ არსებობს. 3. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან ყადაღადადებული ქონების შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე წინასწარ შეატყობინებს გაეროს სანქციების კომიტეტს და 3 სამუშაო დღის ვადაში მისგან უარყოფით პასუხს არ მიიღებს. 4. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. სამთავრობო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეროს სანქციების კომიტეტისთვის შესაბამისი პირის ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის განზრახვის თაობაზე შეტყობინების შემდეგ მისგან დადებით პასუხს მიიღებს. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება განაპირობა მთვარობათაშორისი საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შემფასებელი მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულმა რეკომენდაციებმა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობამ. 2019 წლის ნოემბერში MONEYVAL-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის შედეგად კომიტეტის მიერ მომზადდა პირველადი შეფასების პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს წესდების VII თავით მიღებული რეზოლუციების (UNSCR) იმპლემენტაციის არსებული ეროვნული მექანიზმი საჭიროებს დახვეწას. MONEYVAL-ის პირველადი შეფასების პროექტის თანახმად, საქართველოში ასეთი მექანიზმი არსებობს, თუმცა არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს UNSCR დაუყოვნებლივ იმპლემენტაციის (without delay) მოთხოვნას. FATF-ის მიერ დადგენილი სტანდარტით სანქციების „დაუყოვნებლივ აღსრულება“ გულისხმობს მათ ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას, ფაქტობრივად, საათების განმავლობაში. პრაქტიკის თანახმად, ამ დროის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 48 საათს. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში შეადგენს საშუალოდ 3-5 სამუშაო დღეს, რაც, MONEYVAL-ის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს სანქციების „დაუყოვნებლივ აღსრულების“ მოთხოვნას და შესაბამისად, დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს. MONEYVAL-ის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო პროცედურები, პრაქტიკული თვალსაზრისით, ვერ უზრუნველყოფს ზემოთ მითითებული რეზოლუციების დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში იმპლემენტაციას, ვინაიდან არსებული მოდელი ითვალისწინებს სანქციების იმპლემენტაციის პროცესში რამდენიმე სუბიექტის, მათ შორის, სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობას, ხოლო MONEYVAL-ის რეკომენდაციების თანახმად, ტერორიზმის დაფინანსებისა (TF) და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან (PF) დაკავშირებული რეზოლუციების იმპლემენტაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობის საჭიროება არ დგას. იმისთვის, რათა დაკმაყოფილდეს MONEYVAL-ის რეკომენდაციები და გაუმჯობესდეს საქართველოში არსებული UNSCR აღსრულების ეროვნული მექანიზმის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, აუცილებელია UNSCR იმპლემენტაციის პროცესიდან სასამართლოს რგოლის ამოღება, რაც თავისთავად შესაძლებელს გახდის UNSCR დაუყოვნებლივ, შიდა დამატებითი პროცედურების გარეშე, აღსრულებას. გასათვალისწინებელია, რომ 2011 წლის 21 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის №487 დადგენილებით დამტკიცდა „გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება“, სასამართლომ დააკმაყოფილა კომისიის მიერ წარდგენილი 112-ვე შუამდგომლობა. ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს კომისიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე არ მომხადარა დაინტერესებული პირის ჩართვა, ასეთი მოთხოვნის არარსებობის მიზეზით. შესაბამისად, სასამართლოს როლი ამ პროცესში არის წმინდად ფორმალური ხასიათის მატარებელი და მოითხოვს დამატებითი დროისა და რესურსების გახარჯვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას UNSCR იმპლემენტაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობის გამორიცხვით და ისეთი რეგულაციის შემოღებით, რომელიც შესაძლებელს გახდის UNSCR მიანიჭოს პირდაპირი მოქმედების ეფექტი, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებშია (ბელგიის სამეფო, ნორვეგიის სამეფო, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვის რესპუბლიკა). ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული რეგულირება სრულ შესაბამისობაშია MONEYVAL-ის მიერ 2019 წლის ნოემბერში საქართველოში საშემფასებლო ვიზიტის ფარგლებში გამოთქმულ შეფასებებსა და რეკომენდაციებთან, ისევე როგორც UNSCR ეროვნული დონეზე ეფექტიანად აღსრულების მიზნებისთვის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან. წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციები გაეროს წესდების VII თავით არის მიღებული, ემსახურება მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დაცვას და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის. ზემოაღნიშნულზე პირდაპირ მიუთითებს გაეროს წესდების 103-ე მუხლის დანაწესი („იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის წევრების ვალდებულებანი წინამდებარე წესდების თანახმად წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მათ ვალდებულებებთან სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, უპირატესი ძალა აქვთ წინამდებარე წესდებაში აღნიშნულ ვალდებულებებს”), რომლის თანახმად, წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, როდესაც მათი შესრულება ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს, გადაწონის სახელმწიფოს მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ზემოთ მითითებული რეზოლუციების „დაუყოვნებლივ შესრულება“ სწორედ საერთაშორისო მშვიდობისკენ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება და უპირატესია საქართველოს მიერ ნაკისრ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონში ცვლილებების განხორციელებით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რაც შესაძლებელს გახდის UNSCR ეროვნულ დონეზე აღსრულებას სასამართლოს ჩართულობის გარეშე და შესაბამისობაში იქნება ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) საშემფასებლო მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულ რეკომენდაციებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლები. ცვლილების თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიერ შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის დადების/ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის ნაცვლად, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კომისია თავად მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: და კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე