„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/26/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა, ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის გაუქმების ან ამ პირთან დაკავშირებული პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე;“. 2. 194 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა.“. 3. 911 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 911. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის გაუქმების ან ამ პირთან დაკავშირებული პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე სამთავრობო კომისიის მიმართვის აღსრულება 1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ - სამთავრობო კომისია) მიმართვის საფუძველზე. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. 3. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის პირადი მონაცემების ცვლილების რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული განახლებული მონაცემების საფუძველზე. 4. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღა უქმდება სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. მთლიან ქონებაზე ყადაღის გაუქმების შემთხვევაში სამთავრობო კომისიის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ეს პირი ამოირიცხება მოვალეთა რეესტრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „სააღსრულებო შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება განაპირობა მთვარობათაშორისი საერთაშორისო მექანიზმის - ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შემფასებელი მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულმა რეკომენდაციებმა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების აუცილებლობამ. 2019 წლის ნოემბერში MONEYVAL-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის შედეგად კომიტეტის მიერ მომზადდა პირველადი შეფასების პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს წესდების VII თავით მიღებული რეზოლუციების (UNSCR) იმპლემენტაციის არსებული ეროვნული მექანიზმი საჭიროებს დახვეწას. MONEYVAL-ის პირველადი შეფასების პროექტის თანახმად, საქართველოში ასეთი მექანიზმი არსებობს, თუმცა არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს UNSCR დაუყოვნებლივ იმპლემენტაციის (without delay) მოთხოვნას. FATF-ის მიერ დადგენილი სტანდარტით სანქციების „დაუყოვნებლივ აღსრულება“ გულისხმობს მათ ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას, ფაქტობრივად, საათების განმავლობაში. პრაქტიკის თანახმად, ამ დროის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 48 საათს. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში შეადგენს საშუალოდ 3-5 სამუშაო დღეს, რაც, MONEYVAL-ის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს სანქციების „დაუყოვნებლივ აღსრულების“ მოთხოვნას და შესაბამისად, დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს. MONEYVAL-ის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო პროცედურები, პრაქტიკული თვალსაზრისით, ვერ უზრუნველყოფს ზემოთ მითითებული რეზოლუციების დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში იმპლემენტაციას, ვინაიდან არსებული მოდელი ითვალისწინებს სანქციების იმპლემენტაციის პროცესში რამდენიმე სუბიექტის, მათ შორის, სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობას, ხოლო MONEYVAL-ის რეკომენდაციების თანახმად, ტერორიზმის დაფინანსებისა (TF) და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან (PF) დაკავშირებული რეზოლუციების იმპლემენტაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობის საჭიროება არ დგას. იმისთვის, რათა დაკმაყოფილდეს MONEYVAL-ის რეკომენდაციები და გაუმჯობესდეს საქართველოში არსებული UNSCR აღსრულების ეროვნული მექანიზმის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, აუცილებელია UNSCR იმპლემენტაციის პროცესიდან სასამართლოს რგოლის ამოღება, რაც თავისთავად შესაძლებელს გახდის UNSCR დაუყოვნებლივ, შიდა დამატებითი პროცედურების გარეშე, აღსრულებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცვლილება შედის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 42- ე მუხლებსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე განსაზღვრულ სანქცირებულ პირთა სიაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება იძენს საქართველოს ტერიტორიაზე უშუალო მოქმედების ეფექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში სასამართლო რგოლის ჩართულობის საჭიროება აღარ დგას. აქედან გამომდინარე, ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, რომლის ძალითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიდან ამოღებულ იქნება VII8 თავი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გაერო-ს შესაბამის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის დადების ან საქნცირებულ პირის ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნის პროცედურას. ზემოთმითითებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნის და ამ პირის პირად მონაცემებში შესული ცვლილებების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს გავლით ვეღარ მიიღებს მონაცემებს. ამ პროცესში სასამართლოს რგოლს ანაცვლებს სამთავრობო კომისია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი ხდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს, ცვლილება რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისაღკვეთისხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლებით დადგენილ ახალ სამართლებრივ რეჟიმთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება განპირობებულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შინაარსით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია MONEYVAL მიერ 2019 წლის ნოემბერში საქართველოში საშემფასებლო ვიზიტის ფარგლებში გამოთქმულ შეფასებებსა და რეკომენდაციებთან, ისევე, როგორც UNSCR ეროვნული იმპლემენტაციის ეფექტიანად აღსრულების მიზნებისთვის FATF-ის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას UNSCR იმპლემენტაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობის გამორიცხვით და ისეთი რეგულაციის შემოღებით, რომელიც შესაძლებელს გახდის UNSCR მიანიჭოს პირდაპირი მოქმედების ეფექტი, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებშია (ბელგიის სამეფო, ნორვეგიის სამეფო, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვის რესპუბლიკა). აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციები გაეროს წესდების VII თავით არის მიღებული, ემსახურება მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დაცვას და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის. ზემოაღნიშნულზე პირდაპირ მიუთითებს გაეროს წესდების 103-ე მუხლის დანაწესი („იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის წევრების ვალდებულებანი წინამდებარე წესდების თანახმად წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მათ ვალდებულებებთან სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, უპირატესი ძალა აქვთ წინამდებარე წესდებაში აღნიშნულ ვალდებულებებს”), რომლის თანახმად, წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, როდესაც მათი შესრულება ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს, გადაწონის სახელმწიფოს მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ზემოთ მითითებული რეზოლუციების „დაუყოვნებლივ შესრულება“ სწორედ საერთაშორისო მშვიდობისკენ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება და უპირატესია საქართველოს მიერ ნაკისრ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონში ცვლილებების განხორციელებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 194 და 911 მუხლი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რაც შესაძლებელს გახდის UNSCR ეროვნულ დონეზე აღსრულებას სასამართლოს ჩართულობის გარეშე და შესაბამისობაში იქნება ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფისა (FATF) და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) საშემფასებლო მისიის მიერ საქართველოზე წარმოდგენილ შეფასების პროექტში გამოთქმულ რეკომენდაციებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 194 და 911 მუხლები. ცვლილების თანახმად, აღსულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას, ამ პირის პირად მონაცემებში ცვლილების მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციას ან ამ პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნასა და მისი მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ნაცვლად სასამართლოს ბრძანებისა, განახორციელებს სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, ხელშეკრულებას/შეთანხმებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე