„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანა ბუჩუკური, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი
ნომერი
#07-3/29/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მეწარმეთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 66 მუხლი: „მუხლი 66. რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან მიმართებით, ქონების მმართველი ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ რეგისტრირებულ მონაცემებს, მათ შორის, მონაცემებს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ.“ 2. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-7 პუნქტები: „3. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. 4. იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საწარმოს ხელმძღვანელი პირის დანიშვნა და მისი გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეუთანხმოს საწარმოს ხმების 50%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს. 5. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რომლებიც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება/თანხმობა წარმოადგენს პარტნიორთა კრების ოქმის ტოლფას დოკუმენტს და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. 7. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვაზე/გამოსყიდვაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. 2021 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოების ლიკვიდაციის წესის დამტკიცება, რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - კანონი) განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების, მართვის, განკარგვის, სარგებლობაში გადაცემის წესსა და პირობებს. ამასთან, კანონის თანახმად, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების მმართველი. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საწარმოთა მართვის პროცესში ცალკეული პროცედურული საკითხების რეგულაციის არსებობა, ისევე, როგორც ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოთა განსაზღვრა. გასათვალისწინებელია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს მიმართ ადგენს ცალკეულ სპეციალურ რეგულაციებს, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის წესს, ხელმძღვანელი პირის დანიშვნას/გამოწვევასა და ლიკვიდაციის წესის დამტკიცების კომპეტენციის მქონე ორგანოებს. თუმცა, აღნიშნული საკითხები, მათი მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დარეგულირდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, ნაცვლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელებისა და აღნიშნულ საწარმოთა ეფექტურად მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია კანონში განისაზღვროს: იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე უფლებამოსილი ორგანო, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად საჯარო მოსამსახურის არჩევასთან დაკავშირებული რეგულაცია; იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელი პირის დანიშვნაზე/გამოწვევაზე უფლებამოსილი ორგანო; იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო;  სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვაზე/გამოსყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო; სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოსთან დაკავშირებით პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი/ფორმა. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში აფორმებს სახელმწიფო ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებებს, მათ შორის, მსხვილი საინვესტიციო პირობებით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, იგი ეყრდნობოდეს კონტრაჰენტთა ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირთა შესახებ სარწმუნო მონაცემებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პროცესის შეუფერხებლად ქონების მმართველის განხორციელების მიზნით, ვალდებულება, სახელმწიფო კანონპროექტით ქონების მართვასა გათვალისწინებულია და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან მიმართებით დაეყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, მათ შორის, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ მონაცემებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შენარჩუნდება მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული სპეციალური რეგულაციწები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიმართ, კერძოდ განისაზღვრება: - იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე უფლებამოსილი ორგანო, ასევე განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად საჯარო მოსამსახურის არჩევასთან დაკავშირებული რეგულაცია; - იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელი პირის დანიშვნაზე/გამოწვევაზე უფლებამოსილი ორგანო; - იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო. - სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვაზე/გამოსყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო და სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოსთან დაკავშირებით პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი/ფორმა. დამატებით, სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, გათვალისწინებული იქნება ქონების მმართველის ვალდებულება, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან მიმართებით დაეყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, მათ შორის, ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ მონაცემებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონში შემდეგი ცვლილებების განხორციელება: კანონის ემატება 66 მუხლი, რომლის მიხედვითაც ქონების მმართველი, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)თან მიმართებით ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, მათ შორის, ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა შესახებ მონაცემებს. 39-ე მუხლს ემატება მე-3-მე-7 პუნქტები, რომელთა მიხედვით: - იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო, ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კომპეტენციად. ამასთან, დამატებით განისაზღვრება, რომ სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად; - იმ საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, ხმების 50%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის კომპეტენციად განისაზღვრება, შეითანხმოს ხელმძღვანელი პირის დანიშვნის/გამოწვევის საკითხი; - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კომპეტენციად განისაზღვრება იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო. აღნიშნული უნდა განხორციელდეს კანონის ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. - სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოსთან დაკავშირებით პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება/თანხმობა ჩაითვლება პარტნიორთა კრების ოქმის ტოლფას დოკუმენტად - კრების გადაწყვეტილებად; - სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წილების/აქციების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შესყიდვაზე/გამოსყიდვაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის კომპეტენციად განისაზღვრება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართრებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 ნოემბრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZის მხარდაჭერით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გამოყენებული კანონპროექტის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანა ბუჩუკური, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი