„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/300/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „11. დანაკლისი - გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ამასთან: ა) ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისს მიეკუთვნება სხვაობა ფაქტობრივად შეძენილ/წარმოებულ და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ)/მოხმარებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ასევე, დანაკლისად ითვლება შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადაცემის/განაწილების საქმიანობის ფარგლებში, გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ტრანსპორტირებისას გამოვლენილი დანაკარგი, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი; ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი. შენიშვნა: 1. ამ ნაწილის მიზნებისათვის, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში, დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. 2. ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს დანაკლისის გამოანგარიშების და დაბეგვრის წესი.“. 2. 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის, ელექტროენერგიის - გადამცემი/გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაკლისი განიხილება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებელზე შესაბამისი საქონლის მიწოდებად.“. 3. 161-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და განსაზღვრულ შემთხვევაში ისეთი საქონლის მიწოდება, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, თბოენერგია, გაგრილების ენერგია და სხვა).“. 4. 163-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევა, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნების უზრუნველყოფა, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად. 5. 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის სუბიექტების მიერ ელექტროენერგიის მიწოდება (მათ შორის, ავარიული რეზერვის აქტივაციის ფარგლებში), შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბალანსო ელექტროენერგიის აქტივაცია, საბალანსო სიმძლავრის და ავარიული რეზერვის მიწოდება, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნების უზრუნველყოფა, გადაცემის, განაწილებისა და სხვა მომსახურების გაწევა (მათ შორის, ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის სანაცვლოდაც გათვალისწინებულია უბალანსობის ღირებულების ანაზღაურება). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ხდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის, საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით;“. 6. 180-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ პირი მომსახურების გაწევას, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნების უზრუნველყოფას ან საქონლის (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით.“. 6. 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 ნაწილი: „141. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ შესყიდული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგია, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული გადაცემის მომსახურება, ამ კოდექსის მიზნებისთვის, წარმოადგენს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ/მიწოდებულ საქონელს და გაწეულ მომსახურებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 აპრილის #716-IIს დადგენილებით საქართველო შეუერთდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას და აიღო ქართული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების და მისი განხორციელების ვალდებულება. სწორედ აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“ (კონცეფცია). აღნიშნული კონცეფციის თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბების მიზანი არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის მინიჭება გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე. ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი გულისხმობს თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის თანახმად, საბითუმო ბაზარზე უნდა დაინერგოს საათობრივი დაბალანსება და, შესაბამისად, საათობრივი ვაჭრობა. ამ მიზნით, საქართველოში ყალიბდება ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზარი (ბირჟა), რომელიც აერთიანებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებს. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა მოხდება ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე, ყოველი კონკრეტული საათისთვის, სადაც ელექტროენერგიის ფასი მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბდება. ელექტროენერგიის ბაზრის ახალ მოდელში, საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი ახალი სეგმენტია ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი (საბალანსო ბაზარი), რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორთან ერთად ეკისრება სისტემის რეალურ დროში დაბალანსებისა და ბაზრის მონაწილეებთან უბალანსობაზე ანგარიშსწორების ფუნქცია. არსებული მოდელის მსგავსად, ახალ მოდელში ისევ არის შესაძლებელი ელექტროენერგიით ვაჭრობა ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე. როგორც ბირჟაზე, ასევე საბალანსო ბაზარზე, ვაჭრობის ერთი მხარეა წარმოების ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, ტრეიდერები, მიმწოდებლები, მსხვილი მომხმარებლები და სისტემის ოპერატორები (ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში), ხოლო მეორე მხარე - შესაბამისი ბაზრის ოპერატორები. განსხვავებით არსებული მოდელისაგან, ახალ მოდელში საბითუმო ბაზრის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ელექტროენერგიის როგორც ყიდვა, ასევე გაყიდვა (გარდა კონცეფციით განსაზღვრული გამონაკლისებისა), რის გამოც ბაზრის მონაწილის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ან ბაზრის ოპერატორების მიერ ორგანიზებულ ბაზრებზე ელექტროენერგიის გაყიდვისას შეუძლებელია დადგინდეს, თუ რა წარმოადგენს ელექტროენერგიის მყიდველი მხარის მიზანს - საკუთარი მოხმარება თუ გადაყიდვა. ამასთან, შესაძლოა, თვით მყიდველის საწყისი მიზანი და ფაქტობრივად დამდგარი შედეგიც განსხვავებული იყოს. კერძოდ, მყიდველმა შეიძლება შეისყიდოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარების მიზნით, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების ცვლილების შემთხვევაში, უბალანსობის თავიდან არიდების მიზნით, შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილი გადაყიდოს ბაზრის სხვა სეგმენტ(ებ)ზე. მოქმედი საგადასახადო კოდექსის (სსკ) 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიწოდება ხორციელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის ბაზრის ახალ მოდელში საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის რეალიზაციისას შეუძლებელია დადგინდეს შემსყიდველი მხარის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის ცალსახა მიზანი, საჭიროა განხორციელდეს ცვლილება დღგსგან გათავისუფლებისა და დაბეგვრის მეთოდის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში. გარდა ამისა, საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში განხორციელებულ იმ ცვლილებასთან, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 1 ივლისიდან განხორციელდა საქმიანობების განცალკევება და ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას გამოეყო საბოლოო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობა. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევა არასაბოლოო მომხმარებლისთვის. რაც შეეხება განაწილების მომსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობების გაყოფის შედეგად იგი გადაცემის მომსახურების ანალოგიური გახდა, მასზე სსკ-ის არსებული რედაქციით ხსენებული შეღავათი არ ვრცელდება. კონცეფციით არსებითად იცვლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის მიწოდების არსებული წესი. კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება ეკისრება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას. ამასთან, ამ ელექტროენერგიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) გადაცემის მომსახურებას ეწევა გადამცემი სისტემის ოპერატორი. არც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის და არც გადამცემი სისტემის ოპერატორის შემთხვევაში არ ხდება მოსარგებლის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა სსკ-ით განსაზღვრული დაბეგვრის მექანიზმები და დადგენილი საგადასახადო შეღავათები შესაბამისობაში მოვიდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან. კერძოდ, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული დანაკლისის განმარტება, ასევე 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქცია ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის კონცეფციასთან შეუსაბამოა. საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობისას შეუძლებელია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა შემსყიდველი მხარე საქონლის საბოლოო მომხმარებელს. შესაბამისად, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის ცვლილება და ელექტროენერგიის მიწოდების დაბეგვრის ახალი მექანიზმის ამოქმედება აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფის ახალი წესის გათვალისწინებით, განისაზღვროს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მიწოდების ოპერაციის სტატუსი. შესაბამისად მოხდება დაბეგვრის რეჟიმის განსაზღვრაც. ანალოგიური მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ ტეროტორიაზე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ტრანსპორტირების (გადაცემის) მომსახურების გაწევის ოპერაციაზეც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მიღწეული იქნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონთან და კონცეფციასთან. შემოთავაზებული კანონპროექტით, სსკ-ის დღევანდელი რედაქციის იდენტურად, დღგ-ით დაიბეგრება საბითუმო ბაზარზე (მათ შორის, ბირჟაზე და საბალანსო ბაზარზე) საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტური მიზეზით ვერ ხდება შესყიდვის მიზნის ცალსახა იდენტიფიცირება, იმოქმედებს მომხმარებლის მიერ დღგ-ით უკუდაბეგვრის მექანიზმი. გარდა ამისა, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ოპერაციის სტატუსი და დაბეგვრის წესი. ვინაიდან ბაზრის ახალი მოდელით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი სიახლეები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემუშავებული სპეციალური წესით მოხდება ამ სიახლეებთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხების დეტალური დარეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისადაც გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის დანაკლისად განიხილება, მათ მიერ გადაცემის/განაწილების საქმიანობის ფარგლებში, გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ტრანსპორტირებისას გამოვლენილი დანაკარგი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით დანაკარგი). გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრს მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს დანაკლისის გამოანგარიშების და დაბეგვრის წესი. სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი „თ“ ქვეპუნქტისთვის შენიშვნის დამატებით, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით გამოვლენილი დანაკლისი დღგ-თი დაბეგვრის მიზნებისთვის განხილულ იქნება საბოლოო მომხმარებელზე შესაბამისი საქონლის მიწოდებად, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება იმავე კოდექსის 172ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და დაიბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება შეეხო სსკ-ით გათვალისწინებულ დღგ-სგან გათავისუფლების მარეგულირებელ 172-ე მუხლს და დღგ-ს უკუდაბეგვრის წესების მარეგულირებელ 161-ე მუხლს. კერძოდ, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტში შესატანი ცვლილების მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებული იქნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული საბითუმო ბაზრის სუბიექტების მიერ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდეგი ოპერაციები: ელექტროენერგიის მიწოდება, საბალანსო ელექტროენერგიის აქტივაცია, საბალანსო და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, ავარიული რეზერვის მიწოდება, გადაცემა, განაწილება და სხვა მომსახურება. ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესებულია გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც ხსენებული საგადასახადო შეღავათი არ გავრცელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლისათვის საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შემთხვევებზე, ასევე, ისეთ შემთხვევაში, როდესაც საბითუმო ბაზრის სუბიექტი არ ახდენს შესყიდული ელექტროენერგიის მიწოდებას და იყენებს მას საკუთარის მოხმარებისთვის. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ „ე“ ქვეპუნქტის დამატება, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილება, ისეთი საქონლის მიწოდებისას, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, თბოენერგია, გაგრილების ენერგია და სხვა), დაადგინოს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესი. სსკ-ის 163-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და 180-ე მუხლის მე-4 ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების მიზანია უზრუნველყოფილ იქნას სსკ-ის ტერმინების შესაბამისობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერმინებთან, კერძოდ კი, „გარანტირებული სიმძლავრე“ იცვლება „სიმძლავრის შენარჩუნების უზრუნველყოფით“. სსკ-ის 309-ე მუხლის 141 ნაწილის ახალი რედაქციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მომსახურების გაწევის ოპერაცია განსაზღვრულია, როგორც ხსენებული სუბიექტების მიერ სახელმწიფოსთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა/მიწოდება და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შევა 2023 წლის 1 ივლისიდან, რაც დაკავშირებულია ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების თარიღთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მსგავსად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიც საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რათა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო თვალსაზრისით, ძალაში იყოს ბაზრის ახალი მოდელი ამოქმედების თარიღისთვის - 2023 წლის 1 ივლისიდან. კერძოდ, ბაზრის გახსნის თარიღისთვის, აუცილებელია გადაცემის მომსახურების მსგავსად, არასაბოლოო მომხმარებელზე გაწეული განაწილების მომსახურება განთავისუფლდეს დღგისგან ჩათვლის უფლებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უცნობია საწარმოს მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის მიზანი და თანაც, შესაძლოა, შესყიდვის საწყისი მიზანი და საბოლოო შედეგი შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილში ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს თვით მყიდველისთვისაც, საჭიროა კანონში შესაბამისი დათქმის გაჩენა, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდული ელექტროენერგიის ფაქტობრივად მოხმარებული ნაწილის დღგ-ით უკუდაბეგვრას. ბაზრის გახსნის პირობებში, მნიშვნელოვანია, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის შესყიდული და უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის გადასახადებისგან გათავისუფლების საკითხიც, რასთან დაკავშირებითაც, კანონპროექტის ფარგლებში ზუსტდება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მიწოდებული ელექტროენერგია და თანმდევი გადაცემის მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელსა და გაწეულ მომსახურებას. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის თანმდევია რიგი ახალი ოპერაციები, რომელთა საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად იდენტიფიცირება და დაბეგვრის რეჟიმს სწორად დაქვემდებარება აუციელებელია (მათ შორის, ბაზრის მონაწილის მიერ გამოწვეული უბალანსობა), აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის მიღება და ამრიგად, სამართლებრივი საფუძვლის შექმნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესაბამისი ინსტრუქციის დასამტკიცებლად, 2023 წლის პირველ ივლისამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული საგადასახადო ორგანოთა ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება შემოსავლების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო 1. კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული სსკ-ის 172-ე მუხლის მე4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელით გათვალისწინებული დამატებითი ტრანზაქციების გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ცვლილების მიზანს წარმოადგენს არსებული საგადასახადო შეღავათის ფარგლების შენარჩუნება ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების პირობებში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა საქმიანობების გაყოფა ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების საქმიანობებად. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის ანალოგიურად, საგადასახადო შეღავათი არ გავრცელდება ელექტროენერგიის და მომსახურების საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებაზე, ხოლო საბითუმო ბაზრის სუბიექტის მიერ შეძენილი ელექტროენერგიის საკუთარი მიზნისთვის მოხმარება დაიბეგრება უკუდაბეგვრის წესით, ფისკალური თვალსაზრისით ადგილი არ აქვს საგადასახადო შეღავათის ფარგლების გაფართოებას. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 2. კანონპროექტით შემოდის დღგ-ით უკუდაბეგვრის მექანიზმი, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბაზრის ახალი მოდელში ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტროენერგია იყიდოს როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე გადაყიდვის მიზნით. იმისთვის, რომ ბიუჯეტში მიმართულ იქნას ზუსტად მოხმარების შესატყვისი დღგ და ბაზრის ახალი მოდელის ცვლილებამ არ იქონიოს გავლენა ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილზე, პირდაპირი მომხმარებელი თავად განსაზღვრავს და მიმართავს ბიუჯეტში მოხმარების შესატყვის დღგ-ს; 3. შემოთავაზებული პროექტით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის მიწოდება ხდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, ნაცვლად ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადისა. როგორც არსებულ რედაქციაში, ასევე პროექტის მიხედვით მიწოდება განთავისუფლებულია დღგ-სგან, რაც შეეხება მოგების გადასახადს, ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება აღიარდება შემოსავალში, თუმცა, მთავრობის აქტის საფუძველზე, ხდება მისი უიმედო ვალად ჩამოწერა. შემოთავაზებული რედაქციით, ვინაიდან იცვლება მიმწოდებელი სუბიექტი და მიწოდების სქემა, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის შესყიდული და მიწოდებული ელექტროენერგია უთანაბრდება სახელმწიფოსთვის მიწოდებად და შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ცვლილებას ადგილი არ აქვს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული საგადასახადო ორგანოთა ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება შემოსავლების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: განაწილების ლიცენზიატებთან მიმართებაში, მიწოდების საქმიანობის გამოყოფის გათვალისწინებით, განაწილების საქმიანობის დაბეგვრა დაექვემდებარა იმავე რეჟიმს, რასაც გადაცემის საქმიანობა არსებულ მოდელში. თუმცა, სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო და საბოლოო მოხმარებელთან მიმართებით, საბოლოო ფინანსური შედეგი არ შეცვლილა. ბაზრის იმ მონაწილეების შემთხვევაში, რომლებიც ელექტროენერგიას შეისყიდიან როგორც საკუთარი მოხმარების მიზნით, ასევე მისი გადაყიდვის მიზნით ან მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახეზეა შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილის გადაყიდვა ბაზრის სხვა სეგმენტზე, მათი ფინანსური შედეგი უკუდაბეგვრის წესის შემოღების პირობებში არ იცვლება და, როგორც არსებულ მოდელში, დაბეგვრა შეეხება მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდულ ელექტროენერგიას. ბაზრის სხვა მონაწილეებთან მიმართებით, შენარჩუნებულია სსკ-ის არსებული რედაქციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც იბეგრება საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული საქონელი/გაწეული მომსახურება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ იცვლება გადასახადის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტს მდგომარეობაზე. არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან, აგრეთვე, ენერგეტიკის სექტორში საქმიანობების განმახორციელებელ სახელმწიფო საწარმოებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.