„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/308/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია“ და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 13(20), 1999 წელი, მუხ.52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლო ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი შემუშავებულია „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის (შემდგომ - „კონვენცია“) იმპლემენტაციის მიზნით. კონვენცია ძალაშია 2013 წლის პირველი იანვრიდან. ამ ეტაპზე, მას ჰყავს 47 ხელშემკვრელი მხარე, მათ შორის, ევროკავშირი. კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას. დოკუმენტი აფუძნებს ეფექტიან და ხელმისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს ბავშვისა და ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ დავებზე. კონვენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ოჯახის წევრების რჩენის მიზნით ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. კონვენცია ხელს უწყობს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სისტემის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო ხასიათის ოჯახის რჩენის დავებზე ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაღრმავებას, დავის მხარეებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე დროულ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, ასევე, ქვეყნებს შორის მჭიდრო სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის და სამართლებრივი დახმარების ჩამოყალიბებასა ან/და გაძლიერებას. კონვენცია ითვალისწინებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ცენტრალური ორგანოს განსაზღვრის ვალდებულებას. დოკუმენტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ცენტრალურ ორგანოს ეკისრება მრავალი ფუნქცია, მათ შორის, კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ცენტრალურ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, კონვენციის პრაქტიკაში გამოყენებისას წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიკაცია და, შესაძლებლობის ფარგლებში, მათი გადაჭრა. ამასთან, ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ და გადააგზავნონ წერილობითი შუამდგომლობები შესაბამის ორგანოებში. მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის სავალდებულოდ აღიარების შემთხვევაში, სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით, გაუმჯობესდება ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მართლმსაჯულებაზე ეფექტური წვდომა სხვა ხელშემკვრელ ქვეყნებშიც. საქართველოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი უფლების დასაცავად უცხო ქვეყანაში შესაბამისი განცხადებების/მიმართვების წარდგენას ან/და უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის პირადად მიმართვას. ნაცვალგების პრინციპით, საქართველოს ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას. კონვენცია ითვალისწინებს არამხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და რჩენის თაობაზე შეთანხმების აღსრულებას და ადგენს როგორც მათი ცნობისა და აღსრულების, ისე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით (2021-2027 წლებისათვის) გათვალისწინებულ ვალდებულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციას ხელი მოეწერა ა/წლის 25 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ. საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, აღებული ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელებისა და დოკუმენტის იმპლემენტაციის ფარგლებში, იწვევს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. კონვენციის სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციის სრულყოფილ იმპლემენტაციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებით უცხო ელემენტის მატარებელი საქმეების ეფექტურად წარმართვასა და ამ ტიპის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას. ასევე, განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების სფეროში უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ან/და გაღრმავებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კონვენციის ცალკეული დებულებები დღეისათვის არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. ამდენად, კონვენციის მოთხოვნათა ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია საჭიროებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელემენტის მატარებელ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის გზით და ოჯახის რჩენის საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, ასევე, უცხო ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში და მას ემატება „მ1“ ქვეპუნქტი. კონვენციის თანახმად, ხელშემკვრელი ქვეყნების სასამართლო გადაწყვეტილებებთან ერთად, აღსრულებას უნდა ექვემდებარებოდეს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რჩენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმება. ცვლილების პროექტით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტით აღსრულებად აქტებად განისაზღვრება უცხო ქვეყნის სასამართლო ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კონვენციის სავალდებულოდ აღიარება და ასოცირებია შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განსაზღვრულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე - „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი და ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტი მიიღება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის მოთხოვნათა იმპლემენტაციის მიზნით. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი უზრუნველყოფს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, საერთო სასამართლოებთან, სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, რომელთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიც გაზიარებული და ასახულია წინამდებარე კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.