„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი
ნომერი
#07-3/343/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა პასუხობდეს სქესის თანასწორობის პრინციპებს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა პასუხობდეს სქესის თანასწორობის პრინციპებს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.’’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართვეოს კანონის პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : ჩვენი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი გენდერი. ჩვენ გვჯერა რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით. ტერმინი გენდერი კი, ამის საწინააღმდეგოდ, იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში. ეს, პირველ რიგში, განპირობებული იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა დაადგინოს, თუ რა „იდენტობის“ მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს „იდენტობის“ პრიზმით უყურებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში მისი აღსრულება შეუძლებელია. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ გარემოებების იგნორირება და „იდენტობის“ პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზების მცდელობები. ასე, ამერიკაში სპორტის რიგ სახეობაში, ნებართვა მიეცა კაცებს მიიღონ მონაწილეობა ქალების ტურნირებში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი საკუთარ თავს „ქალებად აიდენტიფიცირებდნენ“. შედეგად, ცურვაში და კიდევ რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში, ქალად გამოცხადებული კაცების დომინირება დაფიქსირდა, რას ამ დისციპლინების პროფანაცია და განადგურება მოსდევს. მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის პოლიტიკის ჩვენ კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე განხორციელდა, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებული არის იმ რწმენაზე, რომ ადამიანს შეუძლია ,,თვითიდენტიფიცირება’’ როგორც ნებისმიერი სქესის თუ არსების წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი, მდედრობითი სქესი თუ სხვა ,,სქესის’’ ან სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ტერმინი გენდერი განმარტებულია როგორც – „სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“ ანუ შეიძლება ითქვა, რომ ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდიტინფიცირებს. ასთან ერთად, კანონმდებლობაში ვხედავთ „გენდერული თანასწორობის“ სრულიად გამაოგნებელ განმარტებას, როგორც ,, ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.’’ სხვა სიტყვებით, გენდერი სქესთან არის გათანაბრებული, რაც ერთი მხრივ, არ არის შესაბამისობაში ამ ტერმინის საყოველთაოდ მიღებული განმარტებასთან. მეორე მხრივ კი, თუ გენდერი და სქესი ერთი და იგივეა, მითუმეტეს არ არსებობს საფუძველი, თუ რატომ უნდა იყოს ტერმინი „გენდერი“ ჩვენ კანონმდებლობაში გამოყენებული. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პირველი მუხლით დაცულია გენდერული იდენტობა და გამოხატვა. გენდერული იდენტობაში იგულისხმება ის თუ, როგორ აიდენტიფიცირებს ბიოლოგიურად მდედრობითი და მამრობითი ადამიანი თავს. ქალი შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამაკაცი და პირიქით. ამ კანონმდებლობით ჩვენ ვაღიარებთ რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სქესისგან, რომელიც მას დაბადებისას მიენიჭა. თუმცა აღსანიშნავია, რომ „გენდერული იდენტობა“ თანამედროვე განმარტებით შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათეულ „იდენტობას“ და არა მხოლოდ „ქალს“ და „კაცს“. შეიძლება, ამგვარი არეულობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტერმინი ,,სქესი’’ და ,,გენდერი’’ ხშირად ურთიერთშემნაცვლებელი ტერმინებია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილისთვის გენდერი გაიგივებულია ბიოლოგიურად მამრობით და მდედრობით სქესთან. ეს გარემოება კი სათანადო თემებსა თუ პრობლემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის სიმწირით შეიძლება აიხსნას. ფაქტობრივად, აღნიშნული კანონმდებლობა ვითომ „კარგი დასავლური პრაქტიკის“ კოპირების მიზნით, ჩვენი მოსახლეობისთვის გაუგებარი და ბევრ შემთხვევაში სამართლიანად მიუღებელი წესრიგის ძალით დანერგვის მცდელობა. ეს კი ამ ნორმების ბუნდოვანებასთან და პრაქტიკაში აღსრულების შეუძლებლობასთან ერთად, ადამიანებს შორის კონფლიქტების ზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის რომ ტერმინი გენდერი ამოღებულ იქნას საკანონმდებლო ბაზიდან საჭიროა ცვლილება მოხდეს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში და მასთან ერთად ყველა იმ კანონში სადაც ,,გენდერი’’ არის ნახსენები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ სქესს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია, საკანონმდებლო ჩარჩოდან გაქრეს ტერმინი ,,გენდერი’’, გენდერული იდენტობა არ არსებობს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულსამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებისთვის არ არის საჭირო აუცილებელი ხარჯების გამოყოფა და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი დადებით გავლენას ახდენს ,,გენდერული’’ თანასწორობის მდგომარეობაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გენდერული თანასწორობა ზუსტად იმ შინაარსით განიმარტება, რასაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ჰქვია, შესაბამისად, ცვლილება სრულად მოდის თანხვედრაში დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზის შინაარსთან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი