მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის გამოსვლა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ნომერი
#1-3892/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2024-04-03

📜 ტექსტი

წერილი
3/29/2024 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ზ. გამსახურდიას სანაპირო №1 0114 თბილისი, საქართველო +995 32 299 11 11 ministry@moesd.gov.ge 29 / მარტი / 2024 წ. KA020122076863624 № 20/2042 საქართველოს პარლამენტს როგორც ცნობილია, 2024 წლის 3 აპრილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის სახით წარმოგიდგენთ დაგეგმილი მოხსენების ტექსტს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a037b791-82f6-4c1a-99cc-669fc464ba89.html ნინო ენუქიძე 1/1
მოხსენება
2024 წლის 3 აპრილი, „მინისტრის საათი,“ მოხსენების ტექსტი 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის გარკვეული გაჯანსაღების მიუხედავად, გეოპოლიტიკური შოკების ფონზე კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება გაურკვევლობა, მნიშვნელოვნად შენელებულია ეკონომიკური ზრდა ევროპაში და გლობალურად ჯერ კიდევ მაღალია ინფლაციური წნეხი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართე რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 2021 – 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანობაში პოსტპანდემიურ პერიოდში - 2021-2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი - 9.7%. მოხარული ვარ, რომ მართლდება ჩვენი პროგნოზი - 2024 წელი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვნად პოზიტიური და დამაიმედებელი ტენდენციებით დაიწყო. კერძოდ, იანვართებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9.5%იანი ზრდა დაფიქსირდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში (ანუ, 2023 წელს 2020 წელთან შედარებით) დოლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 8,210 დოლარი შეადგინა, ხოლო ლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე 21,575 ლარი იყო. ამასთან, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს, მათ შორის მნიშვნელოვნია საინვესტიციო აქტივობის ზრდა - 2023 წელს ინვესტიციები რეალურ გამოხატულებაში 22.6%-ით გაიზარდა. სექტორების კუთხით კი ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს: მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობისა და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას - 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 2022 დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა 2.1 მილიარდი აშშ. დოლარის ოდენობით, 2023 წელს კი პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 17.8%-ით გადააჭარბა. ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ამასთან, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელ. ენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად 2020 წელთან შედარებით გენერაცია გაზრდილია 29%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2ჯერ გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა (ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ით არის გაზრდილი). 2023 წლის მდგომარეობით, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მშპ-თან მიმართებით 4.3% შეადგინა (2022 წელს - 4.5%), ასევე ნარჩუნდება მისი დაფინანსების ჯანსაღი სტრუქტურა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად ფინანსდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი, რაც დიდწილად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი გახადა სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-მდე (ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-ზე ნაკლები), ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ს 39.3%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ინფლაციის დონეს - 2023 წლის აპრილიდან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 9 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1 %-ზე ნაკლებს შეადგენს. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2024 წლის იანვარ-თებერვალშიც საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2023 წელს საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ოქტომბრიდან ფასების კლება ფიქსირდება. ასევე ფასების წინა წელს ფასების შემცირება დაფიქსირდა მედიკამენტებზე. სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების კლება ყველაზე დიდ შეღავათს სწორედ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის წარმოადგენს. უმუშევრობის დონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - 2023 წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მეტყველებს. ამასთან, უმუშევრობის დონე 2023 წელს 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. ამასთან, აღვნიშნავ, რომ ბოლო წლებში არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი - არაერთი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე. წამყვანი სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“, „Moodys“ – შეფასებით საქართველომ რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე შეინარჩუნა და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია. ამასთან, აღსანიშნია, რომ წინა წლის დასაწყისში Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო 2024 წლის დასაწყისში დაადასტურა პოზიტიური პერსპექტივა. 2024 წლის მარტში კი Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა. პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა. უნდა აღინიშნოს, რომ რთულ პერიოდებშიც: პანდემიის და შემდგომ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საქართველომ ინტენსიურად გააგრძელა რეფორმების განხორციელების პროცესი. ამავე დროს, ქვეყანა ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მცირდება საგარეო მოწყვლადობა. როგორც უკვე გითხარით, გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზანს სწორედ დასაქმების ხელშეწყობა, შედეგად კი სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება წარმოადგენს. ეს კომპლექსური სამუშაოა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე - რომ მოხდეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმებისა და სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შესაძლებლობებისა და შეფარდებითი უპირატესობების ეფექტიანი გამოყენება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაკავშირებადობის ზრდა ეკონომიკის ყველა სფეროში, იქნება ეს ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფორმაცია და კომუნიკაციები თუ ტურიზმი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირთან საერთო სახმელეთო საზღვრის არქონის მიუხედავად, ეკონომიკური კავშირების კუთხით სრულად ვიყოთ მასთან ინტეგრირებული. ამ ეტაპზე კი შეგვიძლია იმის თქმა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.  როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, უცვლელია ჩვენი ეკონომიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტები და ორიენტირები. ეკონომიკის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება კერძო სექტორის, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობა და შიდა და უცხოური ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობა - ამ მიმართულები ჩვენ პერმანენტულად ვმუშაობთ. ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით ასევე გაგრძელდება როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება. პრიორიტეტული მიმართულებაა კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ: გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას. ასევე იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება - 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას ითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე. კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საინვესტიციო ფონდების განვითარება - მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს მუშაობას კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 2-3 ფონდის მხარდაჭერა, რომელთა ჯამური მოცულობა 80 მილიონ დოლარამდე იქნება. 2024 წელს ასევე დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალება მისცემს, საკუთარი აქტივები დამატებითი ფინანსური რესურსის მოსაზიდად გამოიყენონ. პარალელურად გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული პროექტების განხორციელება. 2023 წელს სესხის პროცენტის სუბსიდირების ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 650-ზე მეტმა პროექტმა, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 900 მილიონ ლარამდე შეადგინა. 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, შედეგად მოხდება 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება. ასევე წარმატებით ფუნქციონირებს „საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმი“ - მის ფარგლებში 2023 წელს გაიცა 340-მდე სესხი, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება. ჯამურად, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შექმნის დღიდან, ანუ 2014 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარზე მეტი მიმართა, მოხდა 5 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის ხელშეწყობა და შეიქმნა 75 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. სააგენტოს მიერ სესხის სუბსიდირებისთვის დახარჯულ 1 ლარზე ბენეფიციარებმა 14 ლარის შემოსავალი მიიღეს. 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარია, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე, ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის. მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს დაგეგმილია მიკროსესხების მხარდაჭერის ახალი პროგრამის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს არსებული და დამწყები მიკრო ბიზნესისთვის 50 000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების დაწყება/გაფართოება შეძლონ. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 500-მდე მეწარმის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელის განვითარება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაიწყო და რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესის კეთების კომპტენციის ამაღლებას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას. სამი ცენტრი უკვე გაიხსნა ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში. 2024 წელს დაგეგმილია მინიმუმ ხუთი ახალი საკონსულტაციო ცენტრის გახსნა. რაც შეეხება ექსპორტის მხარდაჭერის კუთხით გაწეულ საქმიანობას - 2023 წლის განმავლობაში საქართველო და ქართველი მეწარმეები წარმოდგენილი იყვნენ 20-მდე საერთაშორისო ღონისძიებაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორიცაა Gulf Food, Anuga და სხვები. ამგვარად მოხდა 220-მდე კომპანიის მხარდაჭერა. ამასთან, გასულ წელს გადავამზადეთ 60 ახალი ექსპორტის მენეჯერი და გავაფართოვეთ ისეთი პროგრამები, როგორიცა ტექნიკური დაზმარების მექანიზმი, რომელიც კომპანიებს ეხმარებათ სერტიფიცირების და სტანდარტების დანრეგვაში, ბრენდის გუმჯობესებასა და ახალ ბაზრებზე შესვლაში. 2024 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 200-მდე ქართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბის საექსპორტო ღონისძიებებში. გადამზადდება 50-მდე ექსპორტის მენეჯერი, 30-მდე ქართულ კომპანიას კი სააგენტო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართულ ხარჯებს დაუფინანსებს. ასევე, ახალი, შემსყიდვლებთან დაკავშირების პროგრამის საშუალებით, 50-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უცხოური კონსულტანტების მხარდაჭერით დაამყარონ ურთიერთობები პოტენციური შემსყიდვლებთან. წელს კვლავ გაგრძელდება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების განხორციელება. მათ შორის: • გაგრძელდება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს დაფინანსდება 40 სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით. აღსანიშნავია, რომ დღემდე თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა 239 სტარტაპი - ჯამში 38 მლნ ლარის ოდენობით, შედეგად სტარტაპებმა დააგენერირეს 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი. • გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამა, რომლის დაფინანსდება 40-მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით. ფარგლებშიც წელს • 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 30 ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი გაივლის ინტენსიურ სამთვიან აქსელერაციის კურსს, რაც მათ დაეხმარება საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებადი პროდუქტის გატანაში, სტარტაპებს გაუწევს მენტორინგს და რელევანტურ ცოდნას გაუზიარებს. • იგეგმება ქვეყანაში ტექნოპარკების ქსელის გაფართოება, აქტიურად გაგრძელდება ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკების გახსნა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს არსებობისა და საქმიანობის 10 წლის იუბილე აღვნიშნეთ, სადაც წარმოდგენილ იქნა სრულიად ახალი ინიციატივები ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შემდგომი, სწრაფი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. უახლოეს პერიოდში ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარმოვუდგენთ ახალ კანონპროექტს სადაც ქართული კომპანიებისთვის განისაზღვრება ახალი სტატუსები და შემუშავდება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები: o ინოვაციური სტარტაპი - აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები o ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმო - აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი R&D დანახარჯები ჩაითვალონ 500%-ით და შეიმცირონ მოგების გადასახადი. ამასთან ერთად, ამ სტატუსის კომპანიებს შეეძლებათ R&D დანახარჯების 30%-მდე გრანტის სახით დაიბრუნონ o ექსკლუზიურად კვლევის და განვითარების (R&D) კომპანია - აღნიშნული კომპანიები გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან და ისარგებლებენ 5% საშემოსავლო და მოგების გადასახადებით საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით ჩვენ განვსაზღვრეთ ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება. ეს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს, საქართველოში გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტებები შექმნას. უფრო კონკრეტულად, ესენია: 1. ხელოვნური ინტელექტი - დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე შეუძლებელია გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვირდება. საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი სადაც იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. 2. ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციის თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს ფაგების მიმართულებით. 3. აგროტექნოლოგიები - ამ სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც ქართველი ფერმერების პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ქვეყნის პრიორიტეტული ტექნოლოგიური მიმართულებების განსაზღვრის შედეგად, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2024 წელს გაიწერება ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, ფაგების და აგროტენქოლოგიების განვითარების სამოქმედო გეგმა. სტარტაპების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს ასევე შემუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროგრამა, რომელიც 2025 წლიდან, ყოველწლიურად მოამზადებს და დააფინანსებს 160-მდე სტარტაპს.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით შეასრულა 3 წლის სტრატეგია და მასში დასახული მაჩვენებლები. მოხდა არაერთი ინოვაციური მექანიზმის დანერგვა, მათ შორის წარმომადგენლობითი ოფისების ოპერირება, სექტორების მიხედვით გავლენიან ექსპერთებთან პარტნიორობა, კომპანიების ე.წ. “თარგეთინგი” და სხვა. მიმდინარე წელს დასრულდება ახალ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა (5 წლიანი სტრატეგია). გაგრძელდება ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების და სკაუტების მასპინძლობა და მსოფლიოს მასშტაბით წარმომადგენლობითი ოფისების საშუალებით პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაცია. ასევე, ექსპერტებსა და სექტორში გავლენიან პირებთან თანამშრომლობა, რათა მოხდეს საერთაშორისო დონეზე საქართველოს საინვესტიციო შეთავაზების მიმართ ნდობის გაზრდა. ამავე მიზნით იგეგმება პარტნიორ ქვეყნებთან (კანადა, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა) ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება. ასევე, მიმდინარეობს „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავება. ამასთან, ვაპირებთ, აქტიურად გავაგრძელოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია. განხორციელდება პოტენციური ინვესტორებისათვის საინვესტიციო პაკეტების მომზადება/შეთავაზება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად სააგენტომ ჯამურად უზრუნველყო 279,518,776 ლარის მობილიზება, რომელიც მიიმართა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივი პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 2019-2023 წლებში განხორციელდა 900-ზე მეტი ობიექტის პრივატიზება, ჯამური საპრივატიზებო თანხით 543,401,236 ლარი. სააგენტო კვლავ განაგრძობს პროექტის ფარგლებში კერძო სექტორისთვის ახალი ობიექტების შეთავაზებას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2024 წელს უკვე გასხვისებულია 36,589,200 ლარის ღირებულების ქონება. აქვე უნდა ვთქვა, რომ 2024 წელს დასრულდება სახელმწიფო ქონების ერთიან ელექტრონულ პორტალზე მუშაობა და მოხდება მისი გამოყენებაში ჩაშვება, ასევე შეიქმნება მოქალაქეებთან კომუნიკაციის მოდული მობილური აპლიკაციის მხარდაჭერით.  2024 წელსაც გავაგრძელებთ მუშაობას სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისა და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიმართულებით. შენარჩუნდება წიაღითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის მზარდი ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტში გენერირებული შემოსავლების მოცულობის გაზრდას. 2023 წლის განმავლობაში გამოცხადებული აუქციონების შედეგად, ჯამურად, გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 568 ლიცენზია. 2023 წლის ბოლოს არსებული მოქმედი ლიცენზიების რაოდენობამ კი 4,449 შეადგინა. ბიუჯეტში გენერირებულია 73 557 642 ლარი. წელს დაგეგმილია მინიმუმ 450 წიაღითსარგებლობის ლიცენზიის გაცემა. 2024 წელს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების განკარგვის შედეგად ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში იგეგმება 80 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის აქტიური წიაღითსარგებლობის ლიცენზიების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 4500 ლიცენზიას.  ქვეყნის ახალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე, ვააქტიურებთ მუშაობას DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით. ამისთვის ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომლიც მიღებულ იქნება 2024 წლის ბოლომდე. გეგმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ორმხრივად შეთანხმებული აქტივობები, მათ შორის DCFTA-ის მიღმაც. საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 65 პროცენტზე მეტთან. ამასთან, გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის, კერძოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. დღეისათვის საქართველო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-თან, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს. მათ შორისაა 45 ქვეყანა (ევროკავშირი 27, დსთ-11, EFTA 4, გ/სამეფო, თურქეთი, ჩინეთი) და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 80%-ზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის. ამ კუთხით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ის ამჟამად პარლამენტში გადის რატიფიცირების პროცესს. შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება ამ ქვეყანასთან 2024 წლის პირველი ნახევრის დასრულებამდე იგეგმება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე გაიხსნა მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან, პირველი რაუნდი წელს 20-22 თებერვალს გაიმართა, ხოლო მოლაპარაკებების დასრულება და შეთანხმების ხელმოწერა 2024 წლის ბოლომდე იგეგმება. ასევე გაგრძელდება კონსულტაციები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე 2025 წელს მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ასევე პრიორიტეტული იქნება აშშ-სთან თავისუფალი მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით მუშაობა. ვაჭრობის შეთანხმებაზე ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს როგორც ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას. აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტორი: საქართველოს სტანდარტად უკვე რეგისტრირებულია 25,500 - ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი, მათ შორის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 61%-ს. 2024 წლის ბოლომდე იგეგმება ამ მაჩვენებლის 80%-მდე გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სტანდარტების ევროპულ ორგანიზაციებში (CEN/CENELEC) სააგენტოს სტატუსის ამაღლებას და ევროპულ სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე 2024 წლიდან დაიწყება აკრედიტებული ორგანიზაციების ევროკავშირისთვის ნოტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით მუშაობა. სისტემა ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, წარმოებულ ინდუსტრიულ პროდუქტებზე დაიტანონ CE ნიშანდება, ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოდან ინდუსტრიული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის ზრდას. აქვე მინდა, მოკლედ მოგახსენოთ ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქციაზე ბაზრის ზედამხედველობის სფეროზე, რომელსაც 2024 წლიდან დაემატა 17 ახალი სამშენებლო პროდუქტი. 2025 წლის იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს კიდევ 101 ახალი სამშენებლო პროდუქტის ზედამხედველობა დაემატება. ასევე, 2024 წლის ბოლოდან საზედამხედველო სფეროს ელექტრომოწყობილობები დაემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში მეტად კვალიფიციური სპეციალისტების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენას/ექსპერტიზის განხორციელებას. გასულ წელს დასრულდა დადგენილების პროექტის მომზადება, რომელიც გავლილ იქნა, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ საჯარო უწყებებთან. პროექტის მიხედვით, კანდიდატის სერტიფიცირებას განახორციელებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ორგანო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იგეგმება დადგენილების მიღება, რათა 2025 წლის პირველ დეკემბერს, როდესაც სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლი ამოქმედდება, ბაზარზე უკვე იყვნენ ხსენებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირები. სამინისტრომ გასულ წელს დაასრულა მუშაობა შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ დადგენილების პროექტზე, რომელიც ევროპულ სტანდარტის შესაბამისად მომზადდა. პროექტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნას მზის სხივების მინიმალური ზემოქმედება ობიექტებში, რაც შიდა სივრცის ხარისხის მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს. იგეგმება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დადგენილების მიღება. (ამოქმედდება 2026 წლის 1 დეკემბრიდან). სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დასაახლოებლად, სამინისტრო კოორდინაციას უწევს ევროკოდების დანერგვას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს კონსტრუქციების ოპტიმალურ უსაფრთხოებას, ხანგამძლეობას და შესაბამისად, მეტად მდგრად მშენებლობას. აღნიშნულის ფარგლებში, ევროკოდი 0, 4, 5, 7 და მათი ეროვნული დანართები სამოქმედოდ იქნა დაშვებული მთავრობის დადგენილებით. მიმდინარეობს დანარჩენი ევროკოდების ეროვნული პარამეტრების შემუშავება და ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ ახალ გადმოცემული დოკუმენტაციის თარგმნა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში მზად იქნება სამოქმედოდ დასაშვებად, რითაც სრულად დასრულდება ევროკოდების დანერგვის პროცესი. აღნიშნულის შემდეგ კი განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი ევროკოდების სავალდებულოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.  როგორც უკვე არაერთხელ გვისაუბრია, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ იმ რეალური პოტენციალის ათვისებას, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მნიშვნელობაზეც არაერთხელ გვისაუბრია. 2024 წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს. თავის მხრივ ეს საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს. სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას. 2024 წელსვე დაგეგმილი გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ამისთვის შეფასდება დედაქალაქის მთავარი აეროპორტის განვითარების სწორი გეგმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისა თუ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს 18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება. 2024 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება და ასევე დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაეროსატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს, „ACI Europe”-ის 2024 წლის იანვრის რეიტინგით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთაკადის ზრდის მაჩვენებლით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. ამასთან, აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. სამოქალაქო ავიაციის სფეროში გაგრძელდება „ღია ცის“ პოლიტიკის გატარება, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე და ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების განვითარებას. ამასთან, გაგრძელდება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის პოლიტიკა. 2023 წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია, მათ შორის აღსანიშნავია ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, რომელმაც დელისა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. გაიზარდა ფრენების რაოდენობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საქართველოს და თურქეთის მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთის ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი საქართველოსა და ომანს შორის. ასევე, საჰაერო მიმოსვლის თაობაზე მემორანდუმები გაფორმდა ისლანდიასთან და სეიშელთან. 2024 წლის აპრილიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელიც ფრენებს დაიწყებს ამსტერდამი - თბილისი - ამსტერდამის მიმართულებით. ასევე, ოპერირებას იწყებს თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET, რომელიც რეგულარულ რეისებს განახორციელებს სტამბოლი - თბილისი სტამბოლის მიმართულებით. 2024 წელს საქართველო თანმიმდევრულად განაგრძობს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამისთვის დამტკიცდა 2022−2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, უფრო მეტად გააქტიურდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო დახმარების ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ფორმატში. ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ფუნქციის სრულყოფის მიზნით, ჩვენ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარებას ვგეგმავთ, მათ შორის - სახმელეთო ტრანსპორტის კუთხით, გაგრძელდება მუშაობა სერვისებისთვის ერთიანი ელექტრონული/ციფრული პლატფორმის განვითარების მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საერთაშორისო გადაზიდვების (სატვირთო, სამგზავრო) სფეროში ჩართული სექტორი. პროგრამა უზრუნველყოფს მომხმარებლის დროის დაზოგვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას. 2023 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოში დაიწყო მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანების სფეროსა და ავტოსადგურების რეფორმირება. აღნიშნული რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება. საქართველოს ნავსადგურებში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის აქტიური დანერგვა/გაუმჯობესება და სისტემის სრულყოფისთვის სხვადასხვა მოდულების ჩაშენება. საქართველოში დიჯიტალიზაციის განვითარების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს მიღებულ იქნა: საქართველოს კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“, ეს მნიშვნელოვანად დაეხმარება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, გააფართოვონ საკუთარი ქსელები, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოსახლეობის წვდომას ინტერნეტზე; საქართველოს კანონი ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარში და გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებას; „ტექნიკური რეგლამენტი რადიომოწყობილობის“ თაობაზე - აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობისა და ექსპლუატაციაში გაშვების კუთხით. ეს უზრუნველყოფს ადამიანისა და ცხოველების დაცვას ელექტრომაგნიტური მავნე ზემოქმედებისაგან და უზრუნველყოფს ელექტრომაგნიტურ თავსებადობას. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა ციფრული კორიდორის (ჰაბი) განვითარების მიმართულებით. ეს გულისხმობს ერთი მხრივ - შავი ზღვის გავლით ოპტიკურბოჭკოვან კავშირს, ხოლო, მეორე მხრივ - საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების“ ფორმირებას. საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად დაწყებულია მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზზე - ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით. ინტერნეტიზაცია - ეს რეგიონების მეტი ეკონომიკური აქტივობის და ზოგადად, მეტი ეკონომიკურ-სოციალური ინტეგრაციისა მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით გრძელდება პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა. აშენებულია 800-კმ ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალი (ოზურგეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ქობულეთი-ხელვაჩაური და სამტრედია- ჩოხატაური), საერთო ჯამში, დასრულებული და მიმდინარე ტენდერების (ზუგდიდი-ხობი, აბაშა-სენაკი, წყალტუბო-ვარციხე-ხონი, ჭიათურა-საჩხერე, ზესტაფონი-ხარაგაული) მოცულობა 2,100 კმ-ზე მეტს შეადგენს. 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1000მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებისთვის, რაც ჩვენს მოსახლეობას ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობისას როუმინგის ხელმისაწვდომი ტარიფებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და მოლაპარაკებები, მომზადა საკანონმდებლო პროექტები, რომელიც თანხმდება ევროკომისიასთან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მიზანია ინტერნეტზე წვდომის მაქსიმალურად უზრუნველყოფა ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის გაგრძელდება მუშაობა: - ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესამუშავებლად, ევროკავშირის ციფრული სტრატეგიების პრიორიტეტების მიხედვით - Shaping Europe’s Digital Future’ and the ‘Digital Compass’, რომლის მიღებაც იგეგმება 2024 წელს და რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებების და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების კოორდინაციის მექანიზმების განსაზღვრას. - ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ციფრული ინკლუზიის განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც სპეციალური პროგრამები განხორციელდა 7 მუნიციპალიტეტის 135 დასახლებული პუნქტის მოსახლეობისთვის. 2024 წლის განმავლობაში იგეგმება დამატებით 8 მუნიციპალიტეტსა და 150-მდე დასახლებულ პუნქტში ციფრული ინკლუზიის პროგრამების განხორციელება. - ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდება საკანონმდებლო პროექტების შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისთვის და მშენებლობისათვის ნებართვების გამარტივების საკითხებს, რათა ციფრულ ბაზარზე მოქმედმა ავტორიზებულმა პირებმა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ თავიანთი ინფრასტრუქტურის განვითარება. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში, გაგრძელდება სასწავლო პლატფორმის - Do IT in Georgia ბაზაზე, პირებისთვის სასწავლო კურსების შეთავაზება და მოწინავე IT პროფესიებში კადრების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით (პროგრამირება, დიზაინი და მართვა), 2024 წელს, ჯამურად 2000 აპლიკანტი ჩაირიცხება და მათზე სასწავლო გრანტი გაიცემა.  ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა/განვითარება. ჩვენი ქვეყნის დიდი ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით კი ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამასთან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში დასრულდა სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისათვის. სიმძლავრის აუქციონის შესახებ დადგენილებისა და წესების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონში შემოსული განაცხადების განხილვა. გაგრძელდება მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტები. ასევე 2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, შემდგომი ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები. აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე. მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება რეგიონების გაზიფიცირების პროექტი. 2024 წელს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელი აშენდება 134 დასახლებული პუნქტისთვის. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 29 იანვარს ცვლილება შევიდა მთავრობის განკარგულებაში. განახლებული გეგმით, გათვალისწინებული დასახლებების სიას დაემატება 154 დასახლებული პუნქტი, რის გამოც პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის. 2013 წელს პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში დაიწყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლებული პუნქტების ელექტრიფიცირების სამუშაოები. სამუშაოები 2016 წელს დასრულდა და 29 უშუქო სოფელში 630 აბონენტი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, ასევე, ემსახურება მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას. სამინისტროსათვის 2019 წელს გამოყოფილი ასიგნებებით განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის - ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. ჯამში 18 აბონენტს მიეცა ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება. 2019 წელს USAID ენერგეტიკის პროგრამამ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუწია ტექნიკური დახმარება და განახორციელა საქართველოში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის აღწერა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 760 ოჯახი, მათ შორის, 234 მუდმივი და 485 სეზონური მაცხოვრებელი. მათგან 207 მუდმივად მცხოვრებ ოჯახს დაუმონტაჟდა მზის პანელები. გასულ წელს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საკუთარი რესურსით დაიწყო უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალი შესწავლა. კვლევის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნა 300 მდე დასახლება, რომელთა უმეტესობაც სეზონურადაა დასახლებული. ამ ოჯახების ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესწავლილ იქნა ალტერნატივები: 1) არსებულ ქსელზე მიერთება, 2) მზის პანელების სისტემა და 3) ამ ორი გადაწყვეტის კომბინირება. კვლევის შეფასებისა და შესწავლის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტული დასახლებებისთვის და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმები. მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტურობის კანონებში ცვლილებების შეტანა ევროკავშირის განახლებული დირექტივების შესაბამისად. გრძელდება მეორადი კანონმდებლობის შემუშავება და დამტკიცება ზემოხსენებული კანონებიდან გამომდინარე. მიმდინარე წელს მომზადდა მწვანე წყალბადის სტრატეგიის პირველადი ვერსია, ახლო მომავალში ასევე იგეგმება სამოქმედო გეგმისა და საგზაო რუკის შემუშავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის მოსამზადებელი პროცედურები (პროექტის ბიუჯეტია 23 მილიონი ევრო). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 მგვტ სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურის, წყალბადის გასამართი სადგურის და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე წყალბადზე მომუშავე ავტობუსის შეძენა. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამომდინარე აქედან, სამინისტროს ინიცირებით და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, დაიწყო მუშაობა მწვანე ზრდის სტრატეგიაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება 2025-2030 წლებისთვის.  შემდეგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდუსტრია, რომელზეც მინდა, ვრცლად ვისაუბრო, ტურიზმის სექტორია. თავიდანვე უნდა აღინიშნოს - ეს ის სექტორია, რომელიც საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება, მათ შორის, რეგიონსა თუ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა. 2023 წელს ინდუსტრიიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც საქართველომ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და არა მხოლოდ აღადგინა, არამედ 26.2%ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ შედეგს. ასევე, აღსანიშნავია, ქვეყანაში განხორციელებული 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც 2019 წლის მონაცემების 75.6% აღდგენას წარმოადგენს. სახეზეა ასევე ტურისტული ვიზიტების წილის მდგრადი ზრდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაში, რაც 4.7 მილიონ ვიზიტს შეადგენს და 2019 წლის მონაცემების 91.9%-ან აღდგენას უდრის. წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, რომლის ფარგლებში, ჩვენს ქვეყანას ეწვევიან ტურიზმის და ავიაციის სექტორის წამყვანი ლიდერები. საქართველო ასევე უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს - m&i 2024 და ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ევროპიდან. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქმიანი ტურიზმის კუთხით ქვეყნის რეიტინგის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების, ასევე ინდოეთში პირდაპირი ფრენების დაწყების, ხოლო ჩინეთში უვიზო რეჟიმისა და ფრენების სიხშირეების გაზრდის გათვალისწინებით და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ეფექტიანი ინიციატივებითა და სწორი სამოქმედო გეგმით, მივაღწევთ ტურიზმის სფეროს განვითარების ახალ ნიშნულებს. კერძოდ, 2024 წელს მოსალოდნელია, შემოსავლების ზრდა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც 2023 წელთან შედარებით 9%-იან, ხოლო, 2019 წელთან შედარებით 37.5%.-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთან, არსებული პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოში 7.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდება, რაც 2023 წელთან შედარებით 11.2%-იან ზრდას და 2019 წლის მონაცემების 84.1%-იან აღდგენას შეადგენს. გარდა ამისა, ვვარაუდობთ, რომ საქართველო 5.2 მილიონ ტურისტულ ვიზიტს უმასპინძლებს, რაც თავის მხრივ 2023 წელთან შედარებით 12.1%-იან და 2019 წელთან შედარებით 3%-იან ზრდას წარმოადგენს. ავიაცია 2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვისაც. საქართველოს აეროპორტები ჯამურად 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ (6 013 995), რაც 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ამასთან, გასულ წელს რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს, 6%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყო სრულიად ახალი, 550 მანქანაზე განკუთვნილი საპარკინგე სივრცე. ამასთან, 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა wizz airის 2 უახლესი საჰაერო ხომალდის ბაზირება. ასევე ოპერირება დაიწყო თურქულმა ავიაკომპანია „Pegasus”-მა ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით. არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება 6.8 მილიონამდე მგზავრს, რაც 14%-იანი ზრდაა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით. მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ზამთრის კურორტების განვითარების კუთხითაც: 2023 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. უშუალოდ ჩემპიონატისთვის აშენდა: სამი ახალი საბაგირო, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, დიდველი-კოხტა-მიტარბის არეალში დამონტაჟდა 30 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, მოეწყო 6 ახალი საშეჯიბრო გზა. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ განხორციელდა დაახლოებით 300 მილიონამდე ლარის ინვესტიცია. ასევე გუდაურში აშენდა 2 ახალი საბაგირო კომპლექსი, 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ("ბაბლი") თითოეული საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1800-2400 მგზავრია. ახალმა საბაგიროებმა საშუალება მოგვცა, აგვეთვისებინა ახალი სასრიალო არეალი - არსებულ 70 კმ-ნ სასრიალო ტრასას დაემატა სრულიად ახალი 6 კმ - ნი სასრიალო არეალი. ახლა უკევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა, რომ გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე ასეთივე წარმატებით ჩატარდა ფრირაიდის მსოფლიო ტური. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. ღონისძიებაში 15 ქვეყნის 50 რაიდერმა იასპარეზა. ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გუდაურში სულ რამდენიმე დღეში - 6-7 აპრილს ჩატარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნობურდში. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით ჩატარებულმა მსოფლიო თასის ეტაპმა განაპირობა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი. სწორედ ამიტომ, გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა. ის სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში 21 წლამდე სპორტსმენები იასპარეზებენ. სამთო-სათხილამურო კურორტებზე ასევე დაგეგმილი გვაქვს განახლებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ, მესტიაში, ჰაწვალის მთაზე სრულიად ახალი, ჯამში, 6 კმ-ნი სასრიალო ტრასების მშენებლობა/მოწყობა, რომელიც ზურულდის მთას დაბა მესტიასთან დააკავშირებს. ასევე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში მოხდება ახალი, 3 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. კურორტების განვითარების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში, შეირჩა 60ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მათ შორის ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბის, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა მოამზადეს. უახლოეს მომავალში იგეგმება ბიზნეს სექტორისთვის სააგენტოს მიერ მომზადებული კვლევების წარდგენა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზება. 2024 წელს დამატებით იგეგმება 20-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. რაც მთავარია, 2024 წელს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგია შემუშავდება. 2024 წლის 22-24 აპრილს, წყალტუბოში, პირველად ჩატარდება ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) გენერალური ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი კურორტის ხელმძღვანელი. EHTTA-ს გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების შედეგად, მოხდება ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და ტურისტული პროდუქტების განვითარება.  ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სივრცით განვითარებას. 2023 წელს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 12 ტერიტორიულ ერთეულზე დაიწყო სივრცითი/ურბანული გეგმების შემუშავება. 2024 წელს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით 10 ტერიტორიული ერთეულისთვის სივრცითი/ურბანული გეგმის შემუშავება დაიწყება. მომზადდება სივრცითი/ურბანული გეგმების ახლებური სტანდარტები, ასევე ციფრული სივრცითი პლატფორმის სამუშაო ვერსია და სივრცითი/ურბანული გეგმები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება მოქალაქეებისთვის. სააგენტო გააგრძელებს მუშაობას ეროვნული სივრცითი განვითარების გეგმის მიმართულებით. შეჯამების სახით კი მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთელი უწყება 2024 წელს აქტიურად იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით და პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა დარგს და ინდუსტრიას მოიცავს - იქნება ეს რეფორმები, კერძო სექტორის მხარდაჭერის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა. მათ შორის, ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება და ერთ-ერთი უმთავრესი ორიენტირი ევროკავშირთან სწრაფი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება. ისევე, როგორც წინა წლებში, ახლაც განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პირობებში ყველა ეს ამოცანა რეალობად იქცევა და კვლავ გამართლდება ჩვენი პროგნოზები და მოლოდინი შემდგომი, უწყვეტი ეკონომიკური ზრდა/განვითარების მიმართულებით.