“ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 90%
- მოქმედი 87%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
- მოქმედი 86%
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №52 |
|
2023 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
“ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 6 იანვრიდან.საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე
📎 დანართები (1)
52-1.doc ⬇
„ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესი და პროცედურა
თავი I
ზოგადი დებულებები
მოქმედების სფერო
„ელექტრონული კომერციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“ (შემდგომში − პროცედურა) შემუშავებულია „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.
პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისიწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს.
პროცედურა განსაზღვრავს მომსახურების მიმღების უფლებას მიმართოს სააგენტოს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონის მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მე-8-მე-10 მუხლების დარღვევის შემთხვევებში.
პრინციპები
ამ პროცედურით გათვალისწინებული საქმის შესწავლა ეფუძნება დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
ტერმინთა განმარტება
პროცედურაში გამოყენებული განმარტებები შეესაბამება კანონის მე-2 მუხლით დადგენილ განმარტებებს.
თავი II
განცხადება და საქმის შესწავლა
განცხადების წარდგენა და მისი რეკვიზიტები
განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს ამ პროცედურის დანართი №1-ით დადგენილი ფორმის შესაბამისი განცხადება კანონით გათვალისწინებული მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ (შემდგომ − განცხადება).
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განმცხადებლის სახელს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში)), განმცხადებლის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;
ბ) არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის წარმომადგენლის სახელს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);
გ) მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში)), მისამართი და არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) დეტალურ ინფორმაციას კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაციას სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე;
ე) მტკიცებულებათა ნუსხას, რომელიც ადასტურებს პროცედურის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემულ გარემოებებს (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მოთხოვნას გარკვეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ზ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ერთვის განცხადებას;
თ) მითითებას განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე;
ი) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელს, გვარს, ხელმოწერასა და განცხადების წარდგენის თარიღს.
3. განცხადება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
სააგენტოსადმი მიმართვის ვადა
1. კანონის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 2 წელი.
2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
განცხადების ფორმალური დასაშვებობა
1. სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის, ამ პროცედურის მე-4 მუხლითა და დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომელთა მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო.
4. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5. განცხადების მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში ფორმალურად სრულყოფილი განცხადების წარმოდგენის მომენტიდან.
საქმის შესწავლის დაწყების საფუძვლები
1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს.
2. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს შესაბამისი პოზიცია.
3. სააგენტო იწყებს მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მომსახურების მიმწოდებლის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. სააგენტო იწყებს მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას ისეთი ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული არ ყოფილა, მაგრამ გამოვლინდა წარმოების ფარგლებში.
4. მომსახურების მიმღებთა ჯგუფის ინტერესი გულისხმობს მომსახურების მიმღებთა ფართო წრის საერთო ინტერესს. ამ შემთხვევაში სააგენტო ითვალისწინებს იმ პოტენციურ მომსახურების მიმღებთა რაოდენობას, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს სადავო ქმედებამ.
5. მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის სავარაუდო დარღვევის ფაქტის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედების ხასიათი და მისი უნარი, გავლენა იქონიოს მომსახურების მიმღებთა ფართო წრეზე ან/და ზიანი მიაყენოს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ მომსახურების მიმღებს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
7. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ქმედება არ იწვევს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის დარღვევას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.
საქმის შესწავლის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება
სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმის შესწავლის დაწყების შესახებ (შემდგომ – გადაწყვეტილება).
გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღების თარიღს, განმცხადებლის/განმცხადებლების და მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებსაც ემყარება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება.
სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მომსახურების მიმწოდებლის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში. ხოლო, თუ საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია – მიღებული განცხადებები ჩართოს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თუკი ეს შესაძლებელია საქმის შესწავლისათვის დადგენილი ვადის გათვალისწინებით.
სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მომსახურების მიმწოდებელს შესაბამის ინფორმაციას, განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს და განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.
სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობობებს განმცხადებელ(ებ)ს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და განუმარტავს უფლება-მოვალეობებს.
საქმის შესწავლის ვადა
1. სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
2. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე მომსახურების მიმწოდებელს.
3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან/და პოზიციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
თავი III
სააგენტოსა და მხარეთა უფლება-მოვალეობები
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
განმცხადებელს და მომსახურების გამწევს (შემდგომ – მხარეები) უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს წარმომადგენელი;
ბ) სააგენტოს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
ე) განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ.
განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც წარმოების შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომსახურების მიმღებთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს.
განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სააგენტომ არ გაამჟღავნოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მისი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საქმის სრულად და ჯეროვნად შესწავლას.
მხარე ვალდებულია:
ა) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ახსნა-განმარტება;
ბ) სააგენტოს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
აცილება და თვითაცილება
1. მხარეს უფლება აქვს, აცილება განაცხადოს სააგენტოს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
2. სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა/მხარემ უნდა განაცხადოს აცილების/თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარეს შორის.
3. სააგენტოს თავმჯდომარის თვითაცილების/აცილების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას და სარგებლობს სააგენტოს თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით.
4. მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სააგენტოს კონკრეტული თანამშრომლის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ.
5. სააგენტოს თავმჯდომარის/სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება კანონის სავარაუდო დარღვევის შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
6. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სააგენტოს უფლებები და მოვალეობები
სააგენტოს უფლება აქვს:
ა) ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია;
ბ) მხარეებისგან/დაინტერესებული პირებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;
გ) გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები მხარეებთან/სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან;
დ) საქმის შესწავლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი;
ე) განცხადების განხილვის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია ასევე განახორციელოს ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;
ვ) საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო- გადაღება ან/და ვიდეო-აუდიო ჩაწერა;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სააგენტო ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება სააგენტოს თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.
თავი IV
საქმის შესწავლის პროცედურა
ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები საქმის შესწავლის დროს
1. მხარისგან/დაინტერესებული პირისგან ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით.
2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებაზე მოწვეული პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს მისცენ ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით.
3. მხარეს/დაინტერესებულ პირს შეტყობინება ახსნა-განმარტების წარმოდგენის ფორმის, დროისა და ადგილის შესახებ უნდა ჩაჰბარდეს პირადად, მის წარმომადგენელს, ოჯახის ქმედუნარიან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ადრესატი მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში.
4. სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მხარეთა მოთხოვნითაც.
5. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს/აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი/პირები და ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს.
6. მხარეს/დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს ახსნა-განმარტების ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები.
7. მხარეს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სააგენტოს უნდა წარედგინოს საქმის შესწავლის დასრულებამდე. სააგენტო, საქმის გარემოებების და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, თავად წყვეტს ხსენებული ექსპერტის დასკვნის გაზიარების საკითხს.
სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვა
სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლებამოსილია:
ა) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვოს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია);
ბ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ.
2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.
სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობა
1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი მითითება.
4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:
ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა;
ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება.
6. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.
წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარების ფორმა და წესი
1. სააგენტო წერილს ან/და გადაწყვეტილებას ადრესატს უგზავნის ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული მიწოდების სხვა მეთოდით, რაც მიტანის დადასტურების საშუალებას იძლევა. წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება შესაძლებელია სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაშიც. ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით ან სხვა მეთოდით გაგზავნილი წერილი ან/და გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატის მიერ დადასტურების შემთხვევაში.
2. თუ წერილის ან/და გადაწყვეტილების ჩაბარება პირველ მცდელობაზე შეუძლებელია, ის ადრესატს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იმავე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.
3. თუ წერილის ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლით დადგენილი ფორმით ან ადრესატის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის წერილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. წერილი საჯაროდ ვრცელდება სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება წერილის სააგენტოს იურიდიულ მისამართზე მდებარე შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან/და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
4. თუ წერილი ან/და გადაწყვეტილება ადრესატს ვერ ბარდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით, სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს სსიპ – შემოსავლების სამსახურს წერილის ან/და გადაწყვეტილების გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაცნობის თაობაზე.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით წერილის გაგზავნიდან 30 კალენდარულ დღეში ადრესატს წერილი ვერ ჩაჰბარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება წერილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძვლები
1. სააგენტო იღებს საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ შემთხვევებში:
ა) განცხადებაში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად არ იკვეთება მომსახურების მიმღებთა ჯგუფის ინტერესი;
ბ) წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომსახურების მიმღებთა ჯგუფის ინტერესს ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს;
გ) არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მომსახურების მიმწოდებლის მიმართ, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები;
ე) იმავე მომსახურების მიმწოდებლის მიმართ იმავე დავის საგანზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე;
ვ) გასულია ამ პროცედურის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა;
ზ) განცხადების დასაშვებობის ეტაპზე წარმოების შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, თუ იმავე მომსახურების მიმწოდებლის მიმართ, იმავე დავის საგანზე სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ.
2. საქმის შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. სააგენტო საქმის შესწავლას წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი.
თავი V
სააგენტოს გადაწყვეტილება
სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების წესი
1. სააგენტო ვალდებულია საქმის შესწავლის შედეგად კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
2. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო წერილობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შესახებ;
ბ) მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დარღვევის დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, იმ პოტენციურ მომსახურების მიმღებთა რაოდენობას, ვისზეც იქონია/შესაძლოა იქონიოს გავლენა სადავო ქმედებამ, მომსახურების მიმღებისთვის მიყენებულ ზიანს და სხვა გარემოებებს.
4. კანონის მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომსახურების მიმღებთა ჯგუფის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გონივრული დაშვება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული.
5. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) მომსახურების მიმწოდებლის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა;
ბ) ფაქტების აღწერას;
გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
ე) დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.
6. მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
ბ) კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მომსახურების მიმწოდებელს. თუ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ პროცედურის მე-16 მუხლით დადგენილი ფორმით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
9. სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
10. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
ჯარიმა და მისი დაკისრების პროცედურა
1. სააგენტოს გადაწყვეტილების, მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.
2. თუ დაჯარიმებული მომსახურების მიმწოდებლის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მისი დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან.
3. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა, მასშტაბი და სხვა გარემოებები.
4. მომსახურების მიმწოდებლის მიერ იმავე დარღვევის 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ჯარიმის დაკისრება მომსახურების მიმწოდებელს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება და მისი გასაჩივრება
1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ჯარიმა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
2. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება, მხარის მიერ მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მომსახურების მიმწოდებელს დააკისროს შესაბამისი ჯარიმა.
დანართი N1
განცხადება
| 1. ზოგადი მონაცემები |
|---|
განმცხადებელი : 1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): 2. მისამართი: 3. ტელეფონი: 4. ელფოსტა (არსებობის შემთხვევაში): განმცხადებლის წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში): 1. სახელი, გვარი, პირადი ნომერი: 2. მისამართი: 3. ტელეფონი: 4. ელფოსტა: |
მომსახურების მიმწოდებელი:
2. მისამართი: 3. საკონტაქტო მონაცემები (არსებობის შემთხვევაში): |
|
|---|
| 3. მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში) |
|---|
|
|
|
4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა (არსებობის შემთხვევაში) (გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად – შესაბამისი მითითებით) |
|---|
| 5. განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა |
|---|
| დასახელება: |
| დასახელება: |
| დასახელება: |
ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ.
განმცხადებელი /განმცხადებლის წარმომადგენელი ---------------------------
ხელმოწერა ---------------
თარიღი ---------------