„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/440/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი: ,,3. კანონის მიზნებისთვის, ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებით მიღებული ანაზღაურება არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. ‘’ 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, ლობისტად რეგისტრაციის უფლება აქვს პირს, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.’’ 3. მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,,1. ლობისტად რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ‘’ 4. მე-5 მუხლს დაემატოს 11 ნაწილი 1 ,,1. ლობისტად რეგისტრაციისთვის იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ,,ა. საიდენთიფიკაციო მონაცემები.’’ 5. მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,2. დავალება შეიძლება ითვალისწინებდეს ნორმატიული აქტების ან ნორმატიული აქტების პროექტის შეცვლას ან უარყოფას.’’ 6. მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი : ,,3. ლობისტს უფლება აქვს, დავალების შესრულების მიზნით ხელშეკრულება გააფორმოს პარლამენტის, საკრებულოს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჭევრებთან ან პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის შეთანხმდნენ ფულად ანაზღაურებაზე.’’ 7. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ’’ ქვეპუნქტი ,,გ) ლობისტის მიერ დავალებით გათვალისწინებული მიზნებისთვის პარლამენტის, საკრებულოს, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჭევრებთან ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ, მათი გაწევის მიზნის, თარიღისა და პირობების მითითებით. ‘’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ‘’ლობისტური საქმიანობის შესახებ’’საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონში განხორცილებული ცვლილების პროექტის მიზანია ლობისტური სიაქმანობის ლეგალიზება. შემოთავაზებული ცვლილებით გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს დარეგისტრირდეს ლობისტად. პირი, რომელიც უფლებამოსილია დადოს სამოქალაქო ხელშეკრულება შესაძლებელია გახდეს ლობისტი. ლობისტი არ იქნება შეზღუდული დავალების რაოდენობით, დავალება შეიძლება ითვალისწინებდეს განუსაზღრელი რაოდენობის ნორმატიული აქტის შეცვლას ან უარყოფას. ლობისტური საქმიანობა პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სრულყოფილად არ არის მოწესრიებული. ლობისტი გავლენას ახდენს პოლიტიკოსზე, რომელმაც თავისი მანდატის ფარგლებში რეალური ცვლილებები უნდა განახორციელოს, თუმცა პოლიტიკოსს ეკრძალება ამ ურთიერთობის ფარგლებში მატერიალური სარგებლის მიღება, პროექტის ცვლილება კი ამ შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკოს ან/და პოლიტიკურ პარტიას. ლობისტის მიერ დავალების შესასრულებლად გაწეული ხარჯები დეტალური და საჯარო უნდა იყოს ყველასთვის. დღეს მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის გარდა არცერთ სხვა პირს უფლებას არ აძლევს დარეგისტრირდეს ლობისტად, ასევე სხვა კანონით აკრძალულია პოლიტიკოსმა მატერიალური სარგებელი მიიღოს ლობისტური საქმიანობის ფარგლებში დადებული შეთანხმებიდან. კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ლობისტური საქმინობის დალეგალიზება ქვეყანაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა დღეს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის გარდა სხვა პირი დარეგისტრირდეს ლობისტად, პოლიტიკური თანამდებობის პირსაც აკრძალული აქვს მატერიალური სარგებლის მიღება, ამიტომ ამ ცვლილების განხორციელება აუცილებელია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები ყველა სამართლებრივ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება დარეგისრირდეს ლობისტად და კანონიერად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. დღეს საქართველოში მოქმედ უამრავ იურიდიულ პირს აქვს სურვილი ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და გავლენა იქონიოს მასზე, თუმცა კანონმდებლობით პირდაპირ ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული არაა, ამ ცვლილების საშუალებით კი ამ პროცესებში ჩართვა შესძლებელი იქნება ყველასთვის, მხოლოდ იმ პირობთ რომ ფინანსური საკითხი საჯარო იქნება ყველასთვის, ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 1. ყველა პირს ექნება შესაძლებლობა გახდეს ლობისტი 2. ლობისტად რეგისტრაცია არ იქნება შეზღუდული მხოლოდ 1 ნორმატიული აქტის მიღების ან გაუქმების დავალებით. 3. პოლიტიკოს ან და პოლიტიკურ პარტიას უფლება ექნება სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობაში შევიდეს ლობისტთან, მიიღოს დაფინანსება, დავალების შესრულების ფარგლებში. 4. ყველა ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ურთიერთობა იქნება საჯარო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) პარლამენტი განიხილავს უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესაებ კანონს, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილება კი ამ კანონის ალტერნატივად შეიძლება იქნას მიჩნეული, ამიტომ მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით იზრება იმ პირთა წრე ვისაც შეუძია იყოს ლობისტი, ასევე განუსაზღვრელი ხდება იმ ნორმატიული აქტების რაოდენობა რომლის ლობიზმითაც იქნებიან დაკავებული. ლობისტები ამ საქმიანობაში იღებენ ანაზღაურებას, შესაბამისად, ამ პირთა წრის ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დარეგისტრირდებიან ლობისტებად და მიიღებენ ფინანსურ სარგებელს გაწეული საქმიდან, ასევე პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც მიიღებენ სარგებელს ლობისტებთან დადებული ხელშეკრულებიდან. გავლენა დამოკიდებული, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანაზღარებაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.