„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2026
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#272/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-24
ბიუროს ნომერი 119

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 34-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, არაუმეტეს 1 წლის ვადით, განხორციელებული სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; ბ) სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით (მათ შორის, მის შერჩევაში სამინისტროს მონაწილეობით), არაუმეტეს 1 წლის ვადით, საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გაცემის პროცედურები მტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 2. 35-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გაივლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს - 8 თვის ვადით ან ამ კოდექსის შესაბამისად, ვადამდე იქნება გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან (გარდა იმ შემთხვევისა თუ მას შეეფარდა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ან/და სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის).“; ბ) მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 8-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე.“. 3. 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ამ კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდს, მაგრამ თანამდებობიდან თითოეული გათავისუფლებისას არაუმეტეს 4 თვისა;“. 4. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11-მე-14 ნაწილები: „11. პირის გამოძახება, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ხორციელდება როგორც შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინება). 12. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, პირის გამოძახება ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით; ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; გ) პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დ) ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული წესით შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით. 13. თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში, პირი, ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში. 14. ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინება/უწყება შესაძლოა ჩაბარდეს, როგორც წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან პირს, ასევე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 5. 67-ე მუხლის: ა) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) ამ მუხლის მე-18 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად პირისთვის შეტყობინების/პირის გამოძახების/აღნიშნული სამსახურიდან გადაყვანის წესი და ორგანიზაციული საკითხები; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების საკითხები; გ) ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული ოჯახის წევრი.“; ბ) 21-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე-24-ე ნაწილები: „22. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, პირის გამოძახება ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; გ) ამ მუხლის მე-23 ნაწილით გათვალისწინებული წესით შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნება. 23. თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, ამ მუხლის მე-22 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი ორგანო, მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში, პირი, ვალდებულია მისი გაწვევისათვის გამოძახების შესახებ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელ ორგანოში. 24. ამ მუხლის მე-22 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინება/უწყება შესაძლოა ჩაბარდეს, როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირს, ასევე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.“. 6. 72-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში: ა) გადაყვანილი იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და დაექვემდებარება სამხედრო სამსახურის გავლას 8 თვის ვადით თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან სამხედრო სამსახურში იმსახურა 12 თვეზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით, ასევე აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით; ბ) ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე და მეტი.“. 7. 77-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირი გადის შერჩევას, რომლის დროსაც მას შეიძლება ჩაუტარდეს ფიზიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სპეციალური შემოწმება, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევაში − გასაუბრება. სამხედრო სამსახურში მისაღები პირის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 8. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. თანამდებობიდან გათავისუფლება 1. თანამდებობიდან გათავისუფლება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით. 2. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან თავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას − შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. 3. სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან თანამდებობიდან გათავისუფლების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე; გ) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება იმავდროულად არის გაფრთხილება მისი სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. 5. თანამდებობიდან გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების შესრულება ან სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება არაუმეტეს თანამდებობიდან გათავისუფლების ვადით. 6. თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. 7. თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში.“. 9. 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირის მიერ სამსახურის გავლის წესი, ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვა საკითხები, განისაზღვრება თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 10. 178-ე მუხლის მე-19 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი მიზნად ისახავს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას/დახვეწას. კერძოდ: სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობის სახეები განსაზღვრულია თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლით. სამხედრო მოსამსახურის მიერ შეთავსებითი საქმიანობის პროცედურული საკითხების დაზუსტების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიეთითოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული წერილობითი თანხმობის ვადა. ამასთან, ორგანიზაციული საკითხები, როგორიცაა თავსებადი საქმიანობისათვის თანხმობის მისაღებად მიმართვის პროცედურები, ვადები და თანხმობის მიღების ფორმები, მიზანშეწონილია, მოწესრიგდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახლებურად, ასევე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი. ტექნიკური ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში და 85-ე მუხლში, სადაც, „თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების“, ნაცვლად მიეთითება „თანამდებობიდან გათავისუფლება“. პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით, ცვლილება განხორციელდება თავდაცვის კოდექსის 57-ე და 67-ე მუხლებში. კერძოდ, განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები. ამასთან, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების/უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ეს შეტყობინება/უწყება დაექვემდებარება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღეს, გამოქვეყნებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში. ამასთან, პროექტის მიხედვით, პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება ჩაბარდეს ზემოაღნიშნული შეტყობინება/უწყება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავდაცვის კოდექსის მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩაირიცხება საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტისას, მას ნამსახურები აქვს 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის ვადით. ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არ აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება განხორციელდება თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილში. ამასთან, ვინაიდან პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის პირობების დარღვევა იწვევს ჯარიმის დაკისრებას, ცვლილება უნდა განხორციელდეს ასევე თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლში. კერძოდ, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება გადაუვადდება 8 თვის ვადით, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება. თავდაცვის კოდექსის 77-ე მუხლი არეგულირებს პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებულ საკითხს. სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, განზოგადდეს აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი და შერჩევის პროცედურა გავრცელდეს, როგორც საკონტრაქტო, ისე არასაკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია თავდაცვის კოდექსით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების დაზუსტება/სხვაგვარად მოწესრიგება საჭიროებს აღნიშნულ კანონში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღებით დაზუსტდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების/დახვეწის მიზნით, ცვლილება განხორციელდება თავდაცვის კოდექსში: - დაზუსტდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებად საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; - „თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების“, ნაცვლად მიეთითება „თანამდებობიდან გათავისუფლება“; - მოწესრიგდება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები; - დაზუსტდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გასავლელად კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის საკითხი; - პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საკითხი გავრცელდება, როგორც საკონტრაქტო, ისე არასაკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ; - დაზუსტდება საქართველოს თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირების სამსახურის გავლის საკითხები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, პირი რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანას. აღნიშნული ცვლილება იწვევს დაზუსტებას თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლში, რომლის თანახმად, ასეთ პირს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გადაუვადდება კონტრაქტის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდა, ხოლო 8 თვის სამსახურის ამოწურვის შემდგომ, იგი სრულიად გათავისუფლდება ჯარიმის გადახდისგან. სახსრების მოცულობა, რომელთა გადახდისაგანაც შესაძლებელია გათავისუფლდეს პირი, დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორზე, თუ რამდენი პირი არ დაასრულებს 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. თავდაცვის კოდექსის 57-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების შემდგომ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოუცხადებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961 მუხლის თანახმად, იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლის 22-ე და 23-ე ნაწილებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების შემდგომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით გამოუცხადებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის თანახმად, იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, პირი რომელიც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანას. აღნიშნული ცვლილება იწვევს დაზუსტებას თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლში, რომლის თანახმად, ასეთ პირს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გადაუვადდება კონტრაქტის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდა, ხოლო 8 თვის სამსახურის ამოწურვის შემდგომ, იგი სრულიად გათავისუფლდება ჯარიმის გადახდისგან. სახსრების მოცულობა, რომელთა გადახდისაგანაც შესაძლებელია გათავისუფლდეს პირი, დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორზე, თუ რამდენი პირი არ დაასრულებს 8 თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. თავდაცვის კოდექსის 57-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების შემდგომ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოუცხადებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961 მუხლის თანახმად, იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლის 22-ე და 23-ე ნაწილებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების შემდგომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით გამოუცხადებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის თანახმად, იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.