„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.10.2014
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/263/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე‐6 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ კანონის მე‐8 მუხლით დადგენილი წესით. ამ მიზნით უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა.“. 2. მე‐7 მუხლის მე‐3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით: „ე) ტრანზიტული ვიზა – მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში.“. 3. მე‐8 მუხლის მე‐2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები, გარდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემისას.“. 4. მე‐10 მუხლის მე‐5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.“. 5. მე‐15 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე‐60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;“. 6. 48‐ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება: დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო‐სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;“. 7. 72‐ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა.“; ბ) მე‐2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‐3‐მე‐5 პუნქტები: „3. საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენისას უცხოელი, რომელზეც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 მარტამდე თავისუფლდება ამ კანონის მე‐14 მუხლის მე‐2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უცხოელი არ ექვემდებარება საქართველოდან გაძევებას. 4. უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მოიპოვებს ამ მუხლის მე‐3 პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და ის გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისაგან. 5. უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტამდე და ამ პუნქტის ამოქმედებისათვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში მიიღოს საიმიგრაციო ვიზა 2015 წლის 1 მარტამდე, ამ კანონის მე‐6 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც ასეთ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და ის გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდისაგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ ექვემდებარება საქართველოდან გაძევებას.“. მუხლი 2 საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და პირველი მუხლის მე‐7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 72‐ე მუხლის მე‐5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და პირველი მუხლის მე‐7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 72‐ე მუხლის მე‐5 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30‐ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი მოცემულობით გამოწვეული შედეგებით. ახალი რეგულაციების პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა უცხოელთა განსაზღვრული კატეგორია (2000‐მდე პირი), რომლებიც, ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის დადგენილი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ექვემდებარებიან დაჯარიმებას და საქართველოდან გაძევებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე, სახეზეა კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების შეღავათიანი პირობების დადგენის მიზანშეწონილობა. ამასთან, არსებობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის, აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილისათვის შეღავათიანი პირობების დადგენის საჭიროებაც. გარდა აღნიშნულისა, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საიმიგრაციო ვიზის მიღების შესაძლებლობის მინიჭების მიზანშეწონილობა საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ამ კატეგორიის პირთა შესაბამის ქვეყანაში დაბრუნების გარეშე. მოქმედი კანონმდებლობით ამ უკანასკნელთ საქართველოს ვიზის მისაღებად უწევთ საქართველოს ტერიტორიის დატოვება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა თუ საკონსულო დაწესებულებებისათვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვან დროსა და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და, ზოგადად, არახელსაყრელ პირობებში აყენებს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გამარტივების გზით, საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობების დადგენა; საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელისათვის საიმიგრაციო ვიზის მიღების შესაძლებლობის მინიჭება შესაბამის ქვეყანაში დაბრუნების გარეშე; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; ტრანზიტული ვიზის გაიცემის პირობების გამარტივება, აგრეთვე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილე პირების მიმართ ტრანზიტული ვიზის მისაღებად შეღავათიანი პირობების დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად სიახლეებს: კანონპროექტით დგინდება დროებითი შეღავათიანი რეჟიმი საქართველოში მყოფ ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. კერძოდ, საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის მიზნით განაცხადის წარდგენისას უცხოელი, რომელზეც წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებამდე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ოფიციალურად გამოქვეყნების ‐ 2014 წლის 17 მარტის ‐ შემდეგ შემოვიდა და წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 მარტამდე გათავისუფლდება ამავე კანონის მე‐14 მუხლის მე‐2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამასთან, კანონპროქტით დადგენილია ასეთი კატეგორიის უცხოელთა საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა და საქართველოში კანონიერად ყოფნის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ‐ ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ დაექვემდებარება გაძევებას. ამასთან, უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მოიპოვებს ამავე კანონით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა ჩაეთვლება საპატიოდ და ის გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდისაგან. ამავე დროს, უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტამდე და პროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის იმყოფება საქართველოში, ენიჭება უფლება, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში მიიღოს საიმიგრაციო ვიზა 2015 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელს უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვაზე. მარტამდე. უცხოელს, რომელიც ასეთ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და ის გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდისაგან. ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ დაექვემდებარება საქართველოდან გაძევებას. ამ მიზნით კანონის 72‐ე მუხლს ემატება შესაბამისი შინაარსის მე‐3‐მე‐5 პუნქტები. საქართველოში მყოფი უცხოელების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული კიდევ ერთი სიახლის არსი იმაში მდგომრეობს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. ამდენად, უცხოელს აღარ დაჭირდება თავის ქვეყანაში დაბრუნება შესაბამისი ვიზის მისაღებად. ამ მიზნით კანონის მე‐6 მუხლს ემატება 11 პუნქტი. კანონის მოქმედი რედაქციით, კერძოდ 72‐ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „იმ უცხოელზე, რომლმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე“. ამ რედაქციიდან გამომდინარეობს, რომ 2014 წლის 1 სექტემბრამდე შემოსულ უცხოელზე ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე არსებული რეგულაციები, რაც გულისხმობს, რომ რიგი უცხო ქვეყნების (სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ა.შ.) მოქალაქეებს შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მათ არ აქვთ ვალდებულება აიღონ არც ვიზა და არც ბინადრობის ნებართვა. ასეთი უფლების მინიჭება მხოლოდ იმიტომ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრისთვის ეს პირები იმყოფებოდნენ საქართველოში, არ არის მართებული, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ დებულებამ, შესაძლოა, მომავალშიც წარმოქმნას სხვა სახის პრობლემებიც. შესაბამისად, კანონის 72‐ე მუხლის პირველი პუნქტში განხორციელებული ცვლილებით მითითება კეთდება კონკრეტულ ვადაზე ‐ 2015 წლის 1 მარტზე, რითაც ეს ნორმა შესაბამისობაში მოდის კანონის ზოგად პრინციპებთან. კანონის მოქმედი რედაქციის მე‐8 მუხლის მე‐2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავიზო განაცხადს უნდა ერთვოდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს (ან იგი ცნობილი უნდა იყოს საქართველოს ვიზის გამცემი ორგანოსთვის) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიებს. კანონპროექტით დგინდება გამონაკლისი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევაზე. კანონის მოქმედი რედაქციის მე‐15 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობითი ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს მთავრობის წევრი და კანონის მე‐60 მუხლით განსაზღვრულ პირებზე. კანონპროექტის თანახმად, სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლებს ემატება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის ფლობა. აღნიშნული ცვლილება შექმნის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთა საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივ საფუძველს და ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებაში. კანონპროექტის თანახმად, ტრანზიტული ვიზა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჩერდება 10 დღის განმავლობაში, ნაცვლად დღეს არსებული 5 დღიანი ვადისა. ამ მიზნით ცვლილება შედის კანონის მე‐7, მე‐10 და 48‐ე მუხლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან უცხოელი, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მოიპოვებს კანონის 72‐ე მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული წესით, თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდისაგან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის თანახმად, უცხოელი, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას მოიპოვებს კანონის 72‐ე მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული წესით, გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდისაგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი სსიპ ‐ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 6. საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები 1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას აქვს ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა‐გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას. 4. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ერთჯერადი ვიზა 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით, ხოლო უცხოელის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – დროებითი ბინადრობის მოწმობა. 5. უცხოელზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. 6. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. 7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180‐დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელმაც წინა წელს მიიღო ერთი საქართველოს ვიზა მაინც, გამოიყენა ეს ვიზა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. 8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით. იგი დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა. 9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 7. საქართველოს ვიზის კატეგორიები 1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) დიპლომატიური (A კატეგორია); ბ) სპეციალური (B კატეგორია); გ) ორდინალური (C კატეგორია); დ) საიმიგრაციო (D კატეგორია); ე) ტრანზიტული (T კატეგორია). 2. საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. 3. საქართველოს ვიზა გაიცემა: ა) დიპლომატიური ვიზა: ა.ა) A1 კატეგორიის – სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე; ა.ბ) A2 კატეგორიის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე; ა.გ) A3 კატეგორიის – დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან; ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე; ბ) სპეციალური ვიზა: ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე; ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ‐ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე; ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე; ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე; გ) ორდინალური ვიზა: გ.ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე; გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე; გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო‐ კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა; გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; დ) საიმიგრაციო ვიზა: დ.ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; დ.ბ) D2 კატეგორიის – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე; დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ პირებზე; დ.დ) D4 კატეგორიის – ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე; ე) ტრანზიტული ვიზა – მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში. 4. A1 კატეგორიის ვიზის მფლობელი პირები ვიზის მოქმედების პერიოდში საქართველოში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. მუხლი 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები 1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. 2. სავიზო განაცხადს უნდა ერთოდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს (ან ეს გარემოებები ცნობილი უნდა იყოს საქართველოს ვიზის გამცემი ორგანოსთვის): ა) მგზავრობის მიზანი და სავარაუდო პირობები; ბ) მგზავრობისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობა მგზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში; გ) პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები. 3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი მიიწვიოს გასაუბრებაზე, რათა შემოწმდეს: ა) განმცხადებლის ვინაობა; ბ) სავიზო განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა; გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა; დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა; ე) განმცხადებლის უკან დაბრუნების გარანტიები. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა. 5. საქართველოს ვიზის მისაღებად არასრულწლოვანს ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ესაჭიროება მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა. 6. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემისათვის აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც დიპლომატიური ან სპეციალური/მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ. 7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 2 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. მუხლი 10. საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება 1. უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. 2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ იმ 180‐დღიან პერიოდში, რომელიც აითვლება საქართველოში მისი პირველად შემოსვლის დღიდან. 3. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის. 5. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ: ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა; ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 5 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები. მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე; ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით; გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე; დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი; ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, და ამ კანონის მე‐60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე; ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი; თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. მუხლი 48. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება 1. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47‐ე მუხლის მე‐3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება: ა) თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები; გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად; დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 5 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება: დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო‐სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება; ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე. 2. უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 6. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით. მუხლი 72. გარდამავალი დებულებანი 1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე. 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი წარმოების განხორციელების გარეშე და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდათ, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.