ბრძანება N 12649
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12649
06.06.2023
ი/მ --------- (ს/ნ ---------)
(მის.: ------------)
2022 წლის 20 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილისა და 18 მაისის სხდომებზე (ოქმი №36 და №54) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №17347/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------- (ს/ნ -------) 2022 წლის 20 აპრილის №70123/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №006-81 და №006-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმებას. განმარტავს, რომ პროგრამულად საურავის შეწყვეტა მოხდა 2021 წლის 24 მაისს, თუმცა არ შეწყდა დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. შესაბამისად, სრულად არ აღსრულებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ივლისის №23894 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ -------- (ს/ნ -------) 2021 წლის 8 ივნისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14022 ბრძანების აღრსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ივლისის №23894 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 23 თებერვლის დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 16 მარტის №006-81 და №006-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.
აღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 18 ივლისის №18966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 3 ნოემბრის №17347/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №18966 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №17347/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო დავის პერიოდში, გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საურავის გაანგარიშების არამართლზომიერებაზე და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის და 269-ე მუხლის 21 ნაწილების გათვალისწინებით განხორციელდეს დარიცხული საურავის გადაანგარიშება და შემცირება.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტებში ასახული საურავის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით, სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №006-81 და №006-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების მიხედვით დგინდება შემდეგი:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების მიხედვით, გადამხდელს არ გადაუანგარიშდა საურავი. კერძოდ, მიეთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2022 წლის 24 მარტისთვის ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, როგორც აღიარებულ, ასევე, დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახული ჩანაწერების მიხედვით, საურავის დარიცხვა მიმდინარეობს სწორად, ბარათების წარმოების წესის შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №006-81 და №006-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებში დაფიქსირებული საურავი სწორია და აღნიშნული მოთხოვნების გამოცემის მომენტისთვის ნაერთი ინფორმაციის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით შეჩერებულია (არ ერიცხება) საურავი 105 161 ლარის ოდენობით. ამასთან, საურავის შეჩერების წესის ავტომატიზაცია განხორციელებულია 2019 წლის აპრილი/მაისის თვიდან და შესაბამისობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.
ამასთან, ი/მ -------- (ს/ნ --------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 2016 წლის პირველი იანვრიდან, გარდა ხანდაზმული დავალიანებისა, ასევე, უფიქსირდება მიმდინარე ვალდებულება, რაზეც ჩვეულებრივ ყოველდღიურად ერიცხება კუთვნილი საურავი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების მიხედვით, გადამხდელს არ გადაუანგარიშდა საურავი. კერძოდ, მიეთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(21), 304(21), 306(2).