გადაწყვეტილება №19289/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19289/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---- -------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,----- -----”-ის 31.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19289/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13603 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №259-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4798 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 164,34 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 27 580
მოგების გადასახადი - 5 534
საშემოსავლო გადასახადი - 22 046
ჯარიმა - 27 580
საურავი - 30 004,34
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №259-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13603 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13603 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 11.11.2022 წლის №259-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა მომჩივნის პოზიცია და დარიცხვა დატოვა უცვლელი. აუდიტორმა მიიჩნია, რომ სალაროს რეალური ნაშთი აღემატებოდა სალაროს გონივრულ ნაშთს, რის გამოც აღიარა სესხად გაცემულად. სალაროს ნაშთის სიდიდე გამოწვეული იყო საწესდებო კაპიტალის ზრდით და არა რეალიზაციიდან მიღებული თანხების სიდიდით (მომჩივანი წარმოადგენს ცხრილს). ამასთან, მიუთითებს, რომ გადაანგარიშება განხორციელდა გადამხდელთან კომუნიკაციის გარეშე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
აუდიტის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი, ვინაიდან შემოწმებით სალაროს ნაშთად განხილულ იქნა თვის მინიმალური ნაშთი, რასაც გამოაკლდა საკასო ხარჯის 10%, ხოლო გადაანგარიშებით - თვის ნაშთს (არა მინიმალურს) გამოკლებული საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამი, რის შედეგადაც იზრდებოდა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად სადავო საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მძიმდებოდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მართებულად არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13603 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №13603 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით. აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №259-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №13603 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2022 წლის №13603 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა №259-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №4798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №13603 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:298(2); 302(1,6);304(21)
ასევე,შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9);