გადაწყვეტილება №27724/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.09.2026
№ დოკუმენტი 27724/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27724/2/2026

14 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 5.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27724/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციების გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №005-52 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.06.2026 წლის №12457 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 263.88 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 28 304.10

ჯარიმა - 8 062

საურავი - 4 897.78

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, რომლის მიწოდებასაც ახორციელებს ძველ ----ში -----ის ქუჩაზე ------ში. საქონელს იძენს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტით -----დან. საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4561 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №7391 ბრძანება და №005-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2026 წლის №12457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (პოს-ტერმინალი, სალარო) და გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის/ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხამ 2024 წლის 22 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს. ამდენად, მომჩივანს აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამ პერიოდიდან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, საქმეში არსებულ მასალებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 31 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში ნებისმიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების ოპერაციების ჯამურ თანხას 100 000 ლარისთვის არც ერთხელ არ გადაუჭარბებია. ითხოვს აღნიშნული პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების გადამოწმებას, რათა ადგილი არ ჰქონდეს საკონტროლოსალარო აპარატისა და პოს-ტერმინალის მეშვეობით განხორციელებული ბრუნვებსა და საბანკო ამონაწერებში ერთი და იგივე ოპერაციების ორჯერ აღრიცხვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივანს 2024 წლის 22 აპრილიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული პერიოდიდან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით.

მომჩივანს მიაჩნია, დამატებით შესწავლას მოითხოვს შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რათა ადგილი არ ჰქონდეს საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალის მეშვეობით განხორციელებული ბრუნვებსა და საბანკო ამონაწერებში ერთი და იგივე ოპერაციების ორჯერ აღრიცხვას, თუმცა არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას არ უარყვია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ითხოვა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციების გაუქმება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №005-52 საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა ჯამში 41 263.88 ლარი, მათ შორის: დღგ - 28 304.10 ლარი, ჯარიმა - 8 062 ლარი და საურავი - 4 897.78 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული სამართალდარღვევა არ უნდა იქნას მიჩნეული მიზანმიმართულ ქმედებად, ვინაიდან არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების მცდელობა. ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ მისი ქმედებად არ იყო მიზანმიმართული, ვინაიდან არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების მცდელობა. ითხოვს სანქციების გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია. ამასთან, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №4561 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №7391 ბრძანება და №005-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №12457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1.2); 164(1); 165(1.2); 269(7); 282(1);