ბრძანება N 27731

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 27731
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27731

13 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 26 ოქტომბრის №84373/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №035-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლდან გამოსაქვითი ხარჯის, კერძოდ იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯის შემცირებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ოჯახის წევრებისგან იჯარით აღებულ ფართში. ითხოვს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული რემონტის ხარჯის აღიარებას. აცხადებს, რომ ხარჯი რეალურად გასწიეს შენობის კეთილმოწყობისთვის და იჯარის თანხას ყოველთვიურად ბეგრავს. მიუთითებს, რომ მასალების ნაწილი შეძენილი აქვთ საბუთით (ზედნადებით), ნაწილი კი უსაბუთოდ, ---------- ბაზრობაზე, ასევე, ---------- და მსგავს ბაზრობებზე, სადაც საბუთის მიღება რთულია. აცხადებს, რომ მშენებლობა და რემონტი ოჯახის წევრებმა ერთობლივად განახორციელეს. გადამხდელს საჩივარზე დართული აქვს შესრულებული სამუშაოს და მიღება-ჩაბარების აქტები მეიჯარესთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6714 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 სექტემბრის №23829 ბრძანება და ამავე თარიღის №035-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 209 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 686 ლარი, ჯარიმა 3 997 ლარი და საურავი 3 526 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილის ახალი ნაწილების, აქსესუარების, ზეთების შეძენა-რეალიზაცია. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც იჯარით აღებული აქვს ოჯახის წევრებისგან. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული აქვს რემონტის ხარჯები. მისი ახსნა-განმარტების მიხედვით, რემონტი ჩაუტარდა ერთ-ერთ ფართს და ასევე, იჯარით არსებულ ტერიტორიაზე აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რემონტზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა ამისა, ამ ეტაპზე არ უფიქსირდება ზემოაღნიშნული ავტოფარეხების მეშვეობით გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. ასევე, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ გამოქვითული ხარჯის გადახდა. შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა გამოსაქვითი ხარჯი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:

ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;

ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული აქვს რემონტის ხარჯები. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, რემონტი ჩაუტარდა ერთ-ერთ ფართს და ასევე, იჯარით არსებულ ტერიტორიაზე აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რემონტზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ გამოქვითული ხარჯის გადახდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს არც საგადასახადო შემოწმების და დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლდან გამოსაქვითი ხარჯის, კერძოდ იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში გამოქვითული აქვს რემონტის ხარჯები. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, რემონტი ჩაუტარდა ერთ-ერთ ფართს და ასევე, იჯარით არსებულ ტერიტორიაზე აშენდა 5 ავტოფარეხი დიაგნოსტიკისთვის, საბურავების და ზეთის გამოსაცვლელად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რემონტზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ გამოქვითული ხარჯის გადახდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს არც საგადასახადო შემოწმების და დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 105(1); 115(1,4); 275.