გადაწყვეტილება №20663/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20663/2/2023
13 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 25.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20663/2/2023).
დავის საგანი:
დაუბეგრავი ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20985 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 415 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 3 339
საურავი - 76
ფაქტების აღწერა
მომჩივნის 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით - 3 339,21 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ - 3 339,21 ლარი რაზეც გამოიცა 31.07.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №20985 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხვას და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.08.2023 წლის №86606-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლის პერიოდში მოხდა 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტების შესწავლა. აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის თანხა შეადგენდა 0 ლარს. შედეგად გამოვლინდა სხვაობა 3 339,21 ლარის დღგით დასაბეგრი თანხა. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხა - 2 692.45 ლარი. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების დღგ-ის თანხა - 646.76. დასაბეგრი ოპერაციების დეკლარირებული დღგ-ის თანხა - 0 ლარი. დოკუმენტების მიხედვით არსებული დღგ-ის თანხის სხვაობა 3 339.21 ლარი. გადასახადის გადამხდელთან ვერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამიტომ 17.07.2023 წელს გაეგზავნა შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო ამავე დღეს. გადამხდელის მხრიდან კომუნიკაციას რეაგირება არ მოჰყოლია. დასაბეგრ სხვაობაზე საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 31.07.2023 წლის ბრძანება №002102-ის მიხედვით, მოხდა 3 339,21 ლარის დარიცხვა.
ზემოთხსენებულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაუბეგრავი ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით - 3 339,21 ლარის დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ - 3 339,21 ლარი რაზეც გამოიცა 31.07.2023 წლის №001-52 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №20985 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 69(1), 43(1), 158(1), 159(1).