გადაწყვეტილება №22770/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22770/2/2024
27 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -----------ი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 3.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22770/2/2024).
დავის საგანი:
1. ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №011-2721 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №011-2721/1 ბრძანება ვალის მართვის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №011-2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №2023/011-2721-1, 10.07.2023 წლის №2023/011- 2721/2, 26.07.2023 წლის №2023/011-2721/3 და 27.11.2023 წლის №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი;
4. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1139 და 19.10.2023 წლის №006-530 საგადასახადო მოთხოვნები;
5. შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6425 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 078 999 ლარი.
31.12..2021 წლის №006-1139 საგადასახადო მოთხოვნით:
დარიცხული თანხა: 1 546 777.07 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 758 815
დღგ - 136 322
მოგების გადასახადი - 1 023
საშემოსავლო გადასახადი - 619 659
ქონების გადასახადი - 1 595 ბუნებ. რესურს. სარგებ.
მოსაკრებელი - 216
ჯარიმა - 534 396
საურავი - 253 566.07
19.10.2023 წლის №006-530 საგადასახადო მოთხოვნა:
დარიცხული თანხა: 532 222.3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 319 408
დღგ - 55 729
მოგების გადასახადი - 15 226
საშემოსავლო გადასახადი - 247 623
ქონების გადასახადი - 830
ჯარიმა - 162 930
საურავი - 49 884.3
პროცედურული გარემოება
კომპანიის საქმიანობაა გზების მშენებლობა ----- საქართველოში. შემოწმების პერიოდში ასევე, ფიქსირდება ბეტონის ქარხანა და ბეტონის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 მარტის №8261 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №42642 ბრძანება და №006-1139 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №18154 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა სადავო საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 11.07.2022 წლის №18154 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის საფუძველზეც დარიცხული თანხმები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ვინაიდან საგადასახადო დავალიანებაზე საწარმოსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №15251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 18.10.2023 წლის №25863 ბრძანება და 19.10.2023 წლის №006-530 საგადასახადო მოთხოვნა, რაც არ გასაჩივრებულა, თუმცა, 2024 წლის 11 მარტს კომპანიამ ზემოაღნიშნულ აქტებთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6425 ბრძანებით საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №006-530 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დაწყების/განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხოლო, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6425 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №25863 ბრძანების და 19.10.2023 წლის №006-530 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების მიზნით, მომჩივანმა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით, მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 293-ე, 299-ე, მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №006-1139 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გაფორმებულია 2022 წლის 28 ნოემბერს №ა653-21 საგადასახადო შეთანხმება.
ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №006-530 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენდა ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების საფუძველს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს საბუღალტრო დოკუმენტების პროგრამა ორისში შეტანა, რაც დოკუმენტების სიმრავლის გამო მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშებას და საშუალებას იძლევა პირდაპირი მეთოდის გამოყენების.
ამასთან, ძველმა ბუღალტერმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა პირნათლად, არ აწარმოებდა ორგანიზაციის მიერ გაწეულ ხარჯებს (რომელიც სულ მცირე 500 000 ლარი მაინცაა), არ ავსებდა ორისის პროგრამას, რისი განხორციელების მეშვეობით არ მოხდებოდა აღნიშნული გადასახადის დარიცხვა. ამჟამად უკვე დასრულებულია პროგრამა ორისში ხარჯის დამდასტურებელი დოკუმენტების ასახვა.
მომჩივანი ურთავს ექსპერტიზის დასკვნას და ამბობს რომ შემდგომი გადაანგარიშების მიზნით უნდა დაუბრუნდეს საგადასახადო სისტემას, რათა გამოიყენონ პირდაპირი მეთოდით გადაანგარიშება და შემდეგ მოხდეს გადასახადების დარიცხვა (ურთავს ექსპერტიზის დასკვნას და პრეცედენტულ და ანალოგიურ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებს).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებად მიაჩნია ის გარემოება, რომ ძველმა ბუღალტერმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა პირნათლად, არ აღრიცხავდა ორგანიზაციის მიერ გაწეულ ხარჯებს (რომელიც სულ მცირე 500 000 ლარი მაინცაა), არ აწარმოებდა ორისის პროგრამას.
მომჩივანი ურთავს შპს „---------“ ექსპერტიზის დასკვნას და ამბობს, რომ იმის გამო, რომ მომჩივანს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ამჟამად კი მიმდინარეობს 01.01.2018 წლიდან დღემდე ბუღალტრული დოკუმენტების საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ შეტანა, გამომდინარე აქედან შემდგომი გადაანგარიშების მიზნით უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, რათა გამოიყენონ პირდაპირი მეთოდით გადაანგარიშება და შემდეგ მოხდეს გადასახადების დარიცხვა.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, დოკუმენტაცია არ არის ისეთი გარემოება ან მტკიცებულება, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო დავის დაწყების/განახლების და შესაბამისად, ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6425 ბრძანებით, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შპს მომჩივნის საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011-2721 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 6 ივლისის №011-2721/1 ბრძანებასთან ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №2023/011-2721/1, 10 ივლისის №2023/011-2721/2, 26 ივლისის №2023/011-2721/3 და 27 ნოემბერს №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტი არ წარმოდგენა.
დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
დადგენილია, რომ:
ა) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2.06.2023 წლის №011-2721 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 13.06.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 3.07.2023 წელი (ორშაბათი);
ბ) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 19.06.2023 წლის №2023/011-2721/1 აქტს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული ვებგვერდის მეშვეობით 19.06.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 19.07.2023 წელი (ოთხშაბათი);
გ) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 10.07.2023 წლის №2023/011-2721/2 აქტს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 10.07.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 31.07.2023 წელი (ორშაბათი);
დ) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 26.07.2023 წლის №2023/011-2721/3 აქტს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 31.07.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 30.08.2023 წელი (ოთხშაბათი).
აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 11.03.2024 წელს, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით.
მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულება, რაც სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.
მითითებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №8261 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №42642 ბრძანება და №006-1139 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №18154 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის №18154 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის საფუძველზეც დარიცხული თანხმები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ვინაიდან საგადასახადო დავალიანებაზე საწარმოსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
ასევე,აუდიტის დეპარტამენტის №15251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა №25863 ბრძანება და №006-530 საგადასახადო მოთხოვნა, რაც არ გასაჩივრებულა, თუმცა, 2024 წლის 11 მარტს კომპანიამ ზემოაღნიშნულ აქტებთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურს.შემოსავლების სამსახურის №6425 ბრძანებით საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის №006-530 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დაწყების/განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხოლო, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის №011-2721 ბრძანების, ვალის მართვის დეპარტამენტის №011- 2721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №011-2721/1 ბრძანების, ვალის მართვის დეპარტამენტის №2023/011-2721/1, №2023/011-2721/2, №2023/011-2721/3 და №2023/011-2721/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის №6425 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო დავის დაწყების/განახლების და შესაბამისად, ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,ვინაიდან გასულია სადავო აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299( 4.7.10); 301( „ე“); 308(1);