გადაწყვეტილება №20560/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20560/2/2023
27 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20560/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №002-82 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17255 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 440 426 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 238 606
დღგ - 77 107
მოგების გადასახადი - 145 539
საშემოსავლო გადასახადი - 15 960
ჯარიმა - 119 108
საურავი - 82 712
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო შემოწმება ჩატარდა გადამხდელი შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემების და ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერზე დაყრდნობით. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა სხვადასხვა სამშენებლო სარემონტო ხასიათის მომსახურებას სახელწიფო შესყიდვებში გამოცხადებულ ობიექტებზე, როგორც თავისი სახელით, ისე მონარდეობის წესით. გადასახადის გადამხდელის სახელზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც შესყიდული სმფ-ების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ლოკაციები, რომლებიც არ უკავშირდება გადამხდელის სამეურნეო საქმიანობის ლოკაციებს (სამშენებლო ობიექტებს). შესაბამისად, არ დასტურდება მათი გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობაში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებით სმფ-ები, რომლის კავშირიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ დგინდება, განხილულ იქნა არაეკონომიკურ ხარჯად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებები, არც აქვს წარდგენილი შესყიდული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, არ დასტურდება მათი გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობაში „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის N230 ბრძანების შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ხარჯის გაწევა, რომელიც არ გამოიყენება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში, ამიტომ აღნიშნული ოპერაციები შემოწმების მიერ ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქონლის შეძენა, რომელიც არ გამოიყენება საწარმოს მიერ მის ეკონომიკურ საქმიანობაში, ამიტომ აღნიშნული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა ნაწილობრივ გაუქმებას და საწარმოს გადასახდელად დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს ი/მ ------- (-------) მიღებული აქვს 4 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ჯამური თანხით 245 284 ლარი, ოპერაციის შინაარსით - სპეცტექნიკით მომსახურება ან მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული ოპერაციის შესაბამისი თანხების გასვლას საწარმო აფიქსირებს სალაროდან. შემოწმებით ჩატარებული ანალიზით, არ დგინდება აღნიშნული მომსახურების გაწევის რეალობა და მიზნობრიობა, შესაბამისად აღნიშნული გადახდების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დგინდება. აღნიშნული გადახდები შემოწმების მიერ დაბეგრილი იქნა, როგორც არაეკონომიკური ხარჯი მოგების გადასახადით და ასევე, გაუქმებული იქნა დღგ-ის ჩათვლა. ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ამასთან, შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიწოდებიდან და შესრულებებთან/შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა და ვალდებულება ანაზღაურებულია, რომლის შემდეგაც დარჩენილი ფულადი სახსრების ნაშთის გამოყენება გაურკვეველია. აღნიშნული ნაშთის თაობაზე გადამხდელის მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტება, რის საფუძველზეც დარჩენილი ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.09.2022 წლის №24967 ბრძანება და 30.09.2022 წლის №002- 160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები);
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება, რომ სმფ-ები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზეა მიტანილი, ასევე შეძენილი საწვავი და სპეცტექნიკით მომსახურება ასახულია ფორმა №2- ში, აღნიშნულის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
2. ზემოაღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 15 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.05.2023 წლის №11468 ბრძანება და №002-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში სათანადო დოკუმენტაცია (მტკიცებულებები) არ წარუდგენია. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილია შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, რომელთა შესწავლის და ანალიზის შედეგად გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც არ მიექცა ყურადღება შემოწმების პროცესში და რომელიც შემოწმების აქტში დაფიქსირებულია არის ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ეწეოდა სამშენებლო-სარმონტო მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვების გზით, როგორც დამოუკიდებლად, ისე მენარდეობის წესით. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 096 805 ლარს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ პროექტების შესრულებისთვის განსაზღვრული ხარჯი შეადგენს 690 858 ლარს, ეს კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნარდობის საფუძველზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 872332 ლარს. ღებულობს მოცემულობას, რომ შემოსავლის 80% მიღებულია ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში (რომელიც თავის მხრივ შემცირებულ მარჟას გულისხმობს) და ამის გათვალისწინებით მარჟა შესრულებული პროექტებიდან 59%- ს შეადგენს, რაც სახელმწიფო ტენდერებისთვის წარმოუდგენელია.
ამასთანავე ძირითადი დარიცხვა, როგორც მოგების, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადში გამოწვეული იმ მოტივით, რომ ტრანსპორტირების დასრულების ადგილი განსხვავდებოდა მოგებული ტენდერებისა და ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული პროექტის ადგილმდებარეობისაგან. ასეთი ზედნადებების ღირებულება შეადგენს 256 732 ლარს, რომელიც შემოწმების მიერ ჩათვლილია მიწოდებად და დაბეგრილია დამატებული ღირებულების გადასახადით, მათ შორის 99166 ლარის ღირებულების საქონელი მიტანილია კომპანიის საწყობში, რომელიც მდებარეობს თბილისში ალექსიძის №1-ში, 108 708 ლარის ღირებულების საქონელი ტრანსპორტირებულია არა იდენტურად იმ ქუჩების მისამართებით, სადაც მდებარეობდა უშუალოდ სამშენებლო ობიექტები, არამედ მისი მიმდებარე ქუჩების დასახელებებით, ხოლო 48 857 ლარის საქონლის ტრანსპორტის დასრულების ადგილი არის მცხეთა, რომელიც გადამხდელის მიერ ისედაც დეკლარირებული იყო და გაწერილია ანგარიშ-ფაქტურები (ეა-----; ეა-----; ეა------) ი.მ ------- (პ/ნ -------) მაგრამ ხელმეორედ არის დაბეგრილი.
შემოსავლების სამსახურში მის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ყველანაირი დოკუმენტაცია ზემოაღნიშნული პროექტების მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ, ასევე მიღებაჩაბარებებისა და ფორმა №2-ების შესახებ მიწოდებულია აუდიტის დეპარტამენტისთვის, ასევე არსებობს ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია სახელმწიფო ტენდერების ოფიციალურ საიტზე www.procurement.gov.ge, საიდანაც შესაძელებელია ნებისმიერი შესრულებული პროექტის ფორმა №2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის ნახვა, სადაც გაშიფრულია ყველა შესრულებული პროექტისთვის საჭირო მასალებისა და დანახარჯების ინფორმაცია, რაც ისედაც გააჩნდა აუდიტის დეპარტამენტს და სხვა რაიმე დოკუმენტაციის დამატებით წარდგენას ვერ შეძლებდა, რადგან ყველა ინფორმაცია უკვე მიწოდებულია აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აუდიტის დეპარტმამენტმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ მათ გააჩნდათ ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, მაგრამ შემოწმების პროცესში იხელმძღვანელეს განსხვავებული მიდგომით, კერძოდ არ მიექცა ყურადღება მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებს და იხელმძღვანელეს ტრანსპორტირების დასრულების ადგილით, რომელიც თუ არ იყო იდენტური პროექტში მითითებული მისამართის, ჩაითვალა სხვა პროექტზე მიკუთვნებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა, რომ უშუალო მონაწილეობით მომხდარიყო საკითხის ხელახალი შესწავლა, რათა დარწმუნებულიყო აუდიტის დეპარტამენტი გაანგარიშების ხარვეზში, რაზეც გამოიცა 2023 წლის 27 მარტის №5964 ბრძანება, რომლითაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ სმფ-ები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზეა მიტანილი, ასევე შეძენილი საწვავი და სპეცტექნიკით მომსახურება ასახულია ფორმა №2- ში, აღნიშნულის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამ გადაწყვეტილების პასუხად აუდიტის დეპარტამენტმა მისი მონაწილეობის გარეშე მოამზადა და გამოსცა დასკვნა ნულოვანი გადაანგარიშებით, სადაც მიუთითა, რომ გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია და აქედან გამომდინარე არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას აქტით დარიცხული თანხები.
იმავე გადაწყვეტილებით ხელახლა შესწავლას უნდა დაქვემდებარებოდა ი.მ ------- (პ/ნ -------) შეძენილი სატრანსპორტო მომსახურება 4 ანგარიშ-ფაქტურით ჯამში 245 284 ლარის ღირებულების, რომელიც ამოგდებულია ჩათვლებიდან, რაზეც მითითებული იყო, რომ „შემოწმებით ჩატარებული ანალიზით, არ დგინდება აღნიშნული მომსახურების გაწევის რეალობა და მიზნობრიობა, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დგინდება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში არ მომხდარა შეძენილი მომსახურების გამოყენების ფაქტის შესწავლა „დოკუმენტაციის არ წარმოდგენის“ მოტივით, რაზეც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყველა ოფიციალური დოკუმენტი უკვე გააჩნია აუდიტის დეპარტამენტს, რადგან შემოწმების პროცესში ან მის მიერ უკვე წარდგენილია, ან აუდიტის მიერ ამოღებულია სახელმწიფო ტენდერების ოფიციალურ საიტიდან www.procurement.gov.ge.
ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს 2023 წლის 27 მარტის №5964 ბრძანების აღსრულება, მოხდეს შესრულებული სამუშაოების შესწავლა ფორმა №2-ში და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული საქონლისა და მომსახურების გათვალისწინება მიზნობრივ ხარჯებში და შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევებზე.
ასევე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები);
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდებოდა, რომ სმფ-ები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზეა მიტანილი, ასევე შეძენილი საწვავი და სპეცტექნიკით მომსახურება ასახულია ფორმა №2- ში, აღნიშნულის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
2. ზემოაღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 15 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5964 ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 2023 წლის 12 აპრილს და არ განახორციელა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში სათანადო დოკუმენტაციის (მტკიცებულებების) წარდგენა. აღნიშნული გარემოების გამო, შემოწმების მიერ, 2022 წლის 22 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების შესაბამისად სათანადო დოკუმენტაციის (მტკიცებულებების) აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენა არ მომხდარა, არც ამჯერად, დავის განხილვის ამ ეტაპზეც არ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოსგენს შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 15 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.05.2023 წლის №11468 ბრძანება და №002-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5964 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);