ბრძანება N 2927
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2927
17.02.2023
"----------" მოქალაქე "----------"-ის (პასპ. №----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 30 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა "----------"-ის (პასპ. №----------) №15387/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №EL197415 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოძრაობდა ტრანზიტულად "----------"-დან "----------"-ს მიმართულებით. აღრიცხვის მოწმობაში დანიშნულენის ორგანოდ მითითებული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი "----------". მონიტორინგის სამსახურს გაუგზავნა მოთხოვნა დანიშნულების ორგანოს ცვლილების სესახებ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი "----------"-ზე გამოცხადებულიყო, რაზეც მიიღო დადებითი პასუხი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით: "----------", რომელსაც მართავდა "----------"-ის მოქალაქე"----------".
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო გამშვები პუნქტი "----------"-ს უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ 2023 წლის 15 იანვარს გამოწერილი იყო აღრიცხვის მოწმობა "----------" და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი "----------". თუმცა, "----------"-ს მოქალაქე "----------"-ი არ დაემორჩილა საბაჟო ორგანოს მოთხოვნას, გადაუხვია დადგენილ მარშრუტს და საბაჟო გამშვები პუნქტი "----------"-ს ნაცვლად, გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი "----------"-ის კონტროლის ზონაში.
ვინაიდან, "----------"-ს ("----------", პასპ. №----------) მიერ არ შესრულდა სატვირთო ავტომობილის დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვალდებულება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------"-ს უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ 2023 წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა №EL197415 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "----------"-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება "----------"-ს მოქალაქის "----------"-ის მიერ, საჩივარში აღნიშნულ ფაქტს, გადამისამართებასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული ელექტრონულ ქსელებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გადამისამართება განხორციელებულია საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტისა და ოქმის შედგენის შემდეგ, კერძოდ: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2023 წლის 17 იანვარს 13:34 საათზე, ხოლო გადამისამართება განხორციელებულია 2023 წლის 17 იანვარს 14:03 საათზე.
ფიზიკური პირი "----------"-ს მიერ გადახდილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის №EL197415 ოქმით დაკისრებული ჯარიმა (გადახდის ქვითარი ----------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
საჩივარში აღნიშნული ფაქტი გადამისამართებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გადამისამართება განხორციელებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "----------"-ის (პასპ. №----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.