ბრძანება N 2424
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2424
10.02.2023
ი/მ "------" (ს/ნ -------- )
(მის.: "-------" )
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ --------- ) №------ საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №011-352 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2019 წლის 28 ივნისის #21681 ბრძანების საფუძველზე დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, სადაც შემოწმებულია 01.01.2016-დან 17.05.2019-მდე საანგარიშო პერიოდი, შემოწმების ფარგლებში მოუწია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. აღნიშნული შემოწმების შედეგად, შემმოწმებელს უნდა გაეგზავნა მომსახურების დეპარტამენტში მოხსენებითი ბარათი, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია, რაც როგორც ჩანს შემმოწმებელს გამორჩა. აღნიშნული ფაქტის შესახებ გადამხდელისათვის ცნობილი გახდა 2022 წლის 7 დეკემბერს, როდესაც დღგ-ს დეკლარაციის გაგზავნას აპირებდა და აღმოაჩინა, რომ არ იყო რეგისტრირებული დღგს გადამხდელად. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა გადამხდელის საგადასახადო შემოწმება (17.05.2019- დან 01.06.2022-მდე საანგარიშო პერიოდი) და გადამხდელმა აღნიშნულის თაობაზე აცნობა შემმოწმებელს. ამის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე მოხდა მომჩივნის დარეგისტრირება დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო წესით.
მომჩივანი არ ეთანხმება დაკისრებულ სანქციას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ "-------" (ს/ნ -------- ) 2022 წლის 20 დეკემბერს აუდიტის დეპერტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №------- წერილის საფუძველზე ( 20/12/2022 ID ------- ) დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად და განახორციელა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 25.07.20217-20.12.2022წ.წ. პერიოდში. გადამხდელის მიერ 2022 წლის 22 დეკემბერს წარმოდგენილია 2022 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-352 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2118.64 ( 2022 წლის ნოემბერი 42372.88*5%=2118.64 ლარი) ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 6452.74 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 700740.51 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ი/მ "-------" (ს/ნ -------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ "-------" (ს/ნ -------- ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №011-352 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან; 3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.