გადაწყვეტილება №23349/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.11.2024
№ დოკუმენტი 23349/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23349/2/2024

01 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23349/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის №021-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12626 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 111 882,42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 771

დღგ - 10 694

მოგების გადასახადი - 13 131

საშემოსავლო გადასახადი - 23 946

ჯარიმა - 23 328

საურავი - 40 783,42

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №021-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე თუ დასტურდება, რომ თანხები გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირზე, ნოტარიუსზე, კერძო აღმასრულებელზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). თუ დგინდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების პირობები, უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32393 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

- შემოწმების აქტის შედგენის დროს, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე. გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც გათვალისწინებული არ იყო შემოწმების მიერ, აქტში გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

- საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ანაზღაურებისთვის გაცემული აქვს თანხები როგორც გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე, ისე მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, თუმცა გადახდის წყაროსთან დაბეგრილია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე განხორციელებული განაცემები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში დარიცხვის შემცირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით განხორციელდა შეღავათის არსებობის პერიოდში გაცემული სახელფასო განაცემების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 2 014 ლარით და ჯარიმა 1 015 ლარი. შემცირებას დაექვემდებარა აქტით დარიცხული ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით 999 ლარის ოდენობით.

- კომპანიის დირექტორს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი პირს გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები, რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისაგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობა. მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №021-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.07.2023 წლის №20007/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11655 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით:

- შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღებაჩაბარების და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი (ავანსად), რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თანხები აღნიშნული აქტების საანგარიშო პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში მოხდა დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა;

- კომპანიის დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები (აღნიშნული აქტები წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების დროსაც), რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნახსენებ პირებს (მცირე მეწარმეებს) არ აქვთ დეკლარირებული შესაბამისი თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობაც. შედეგად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.04.2024 წლის №021-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12626 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დღგ-ის ნაწილში შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი (ავანსად), რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. აღნიშნულის შედეგად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. ხოლო, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი დირექტორს გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები (აღნიშნული აქტები წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების დროსაც), რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში ნახსენებ პირებს (მცირე მეწარმეებს) არ აქვთ დეკლარირებული შესაბამისი თანხები. შედეგად, დადგინდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების წარდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით ხარჯვა.

ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების, აგრეთვე გადაანგარიშების ეტაპზე. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხების გადაანგარიშება განხორციელდა აღნიშნული დოკუმენტაციების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ არც გადაანგარიშების ეტაპზე და არც დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მიერ არ ყოფილა დამატებით წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების დამატებით შემცირების საფუძველი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანებით მომჩივანს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლათ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინათ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დროულად წარედგინა არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დანართი 7, გვ. 27-103 და დანართი 8, გვ. 104-116, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ არაერთხელ შეეხმიანა აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების გადაანგარიშების თაობაზე მომჩივნის მონაწილეობისათვის ჩაენიშნათ შეხვედრის თარიღი, მაგრამ ისინი ყოველთვის აპელირებდნენ მოუცლელობაზე და განხილვის თარიღს წევდნენ მომავალი პერიოდისთვის. საბოლოოდ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაინც მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განიხილეს წარდგენილი დოკუმენტაცია და სრულიად გაუგებარი მოტივით გადაიანგარიშეს მხოლოდ დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხა, ისიც ძალიან უმნიშვნელოდ 5 618 ლარით, არადა დღგ-ის ნაწილში დასაბეგრი ბრუნვა არასწორად იყო გაანგარიშებული 2019 წლის იანვრის, მაისის, ივნისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში.

რაც შეეხება სამეურნეო დანიშნულებით გამოტანილი თანხების ანგარიშვალდებული პირისათვის შემოსავალში ჩართვის და საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრის საკითხს, შემმოწმებელმა მიუთითა, რომ თითქოსდა თანხები ბანკიდან გამოტანილი იყო წლის საწყის თვეებში, ხოლო სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული იყო წლის მეორე ნახევარში. წარდგენილი დოკუმენტაცია საერთოდ არ გაითვალისწინეს და დარიცხული თანხები არ გადაიანგარიშეს.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით განიხილონ წარდგენილი დოკუმენტაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანებით, დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი (ავანსად), რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თანხები აღნიშნული აქტების საანგარიშო პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. დღგ-ის ნაწილში დაკორექტირდა დასაბეგრი ბრუნვები. საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ძირითადი ნაწილი გატანილია 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები (აღნიშნული აქტები წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების დროსაც), რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნახსენებ პირებს (მცირე მეწარმეებს) არ აქვთ დეკლარირებული შესაბამისი თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობაც. მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი არ დაექვემდებარა შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მითითებაზე, რომ სადავო საკითხების შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა მომჩივნის მონაწილეობით და არ მოხდა საკითხების შესწავლა მისი მონაწილეობით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საკითხების დამატებით შესწავლით შესაძლოა საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12626 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიჩნევს ,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით განიხილონ წარდგენილი დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.04.2024 წლის №021-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12626 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მითითებაზე, რომ სადავო საკითხების შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა მომჩივნის მონაწილეობით და არ მოხდა საკითხების შესწავლა მისი მონაწილეობით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საკითხების დამატებით შესწავლით შესაძლოა საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27437 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,163,164.