ბრძანება N 20454
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20454
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა „----------“-ს (პას/ნ -----------) №127435/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №EL217649 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თანხა განკუთვნილი იყო სატრანსპორტო საშუალების შესაძენად და დეკლარირების ვალდებულების შესახებ არ იყო ინფორმირებული. საქართველოში აქვს საბანკო ანგარიშები და რომ სცოდნოდა თანხას უპრობლემოდ ჩარიცხავდა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ჩაეთვალოს საპატიოდ და დაუბრუნდეს გადახდილი ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 ივლისს რეისით ერევანი-თბილისი (№-----------) ჩამოფრინდა ------------. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა მისი შეჩერება.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება --------------- კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 10 410 აშშ დოლარი, 3 480 ევრო, 400 არაბეთის დირხამი, 831 000 სომხური დრამი და 95 ლარი. რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 43 074 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000269 “.
ვინაიდან ------------ მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ივლისს შედგენილი №EL217649 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------------ საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის თანხა მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს.
მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ------------ არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით, ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. აეროპორტში არსებული აღნიშვნების მიუხედავად, მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ნაღდი ფულის დეკლარირების მოთხოვნით და ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „------------“-ს (პას/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ჩაეთვალოს საპატიოდ და დაუბრუნდეს გადახდილი ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მე-5;მე-6,163(1);169(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი