გადაწყვეტილება №28038/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.11.2026
№ დოკუმენტი 28038/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

02 ნოემბერი 2026

№28038/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 30.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28038/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2026 წლის №006-339 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 961 411.19 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 070 955

დღგ - 185 578

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 495

საშემოსავლო გადასახადი - 884 882

ჯარიმა - 536 116

საურავი - 354 340.19

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის ან/და ნაღდი ფულის მოძრაობის და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ასევე, არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, ელექტრონული და გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საგადასახადო შემოწმების პერიოდში, კომპანიას უფიქსირდებოდა უძრავი ქონება ---ში, ---ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო ტიპის ნაკვეთზე (1500 კვ.მ.) მშენებარე შენობა-ნაგებობები - საერთო ფართობით 8 899 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 5 569 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 967 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 780 კვ.მ., დამხმარე ფართობი 59 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1 523 კვ.მ. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული ბინების რეალიზაციის ნაწილში კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით და ნასყიდობის ხელშეკრულების შესწავლის საფუძველზე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა, ---მ, საწარმოს გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33055 ბრძანება და №006-649 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17858 ბრძანებით:

1. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბინების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 112 602 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 75 768 ლარით, ჯარიმა 36 834 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 იანვრის №612 ბრძანება და №006-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8377 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები), შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 167 792 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 111 861 ლარით, ჯარიმა 55 931 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 24 ივლისის №16829 ბრძანება და №006-339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებას საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ნაწილში გარკვეული მიზეზების გამო, კერძოდ:

• უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მიეწოდა დამუშავებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, კერძოდ:

1) შპს „---“-სთან, ---ზე გვირაბის გათხრის სამუშაოებთან - დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება;

2) მიღება-ჩაბარების აქტი;

3) ფორმა N2;

4) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები).

• სრულიად გაურკვეველია აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივლისის დასკვნაში დაფიქსირებული პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. დასკვნაში აღნიშნულია ის ფაქტი, რომ 2021 წლის მარტის თვემდე მიღებულია 1 205 000 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ 2 301 600 ლარი. ამ თანხას დაერქვა არაეკონომიკური საქმიანობის პერიოდში მიღებული თანხა, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ თანხად და განხილულია ხელფასად.

ასევე აუდიტი მტკიცების ფორმით უთითებს, რომ 2 301 600 ლარის მიღების პერიოდი ხანდაზმული პერიოდია. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბერს, აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს საკმარისი დრო ჰქონდა ამ ოპერაციის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისთვის და ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივნისსა და დეკემბერში ფულის მიღების ოპერაცია არ მოხვდა შესწავლის ობიექტში, გადამხდელის დაზარალების საფუძველია.

• ამავე ნაწილში აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში გადახდილია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. რადგან ჩანს რომ ეს თანხა ჩარიცხულია ბიუჯეტში, მიუხედევად იმისა რომ ეს არის ეგრეთ წოდებული „არაეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პერიოდში“ მომხდარი ოპერაცია, აუდიტმა მაინც გაითვალისწინა სალაროს ნაშთში. ზემოაღნიშნულიდან

• გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა აქვს ერთი და იმავე საკითხსა და შინაარსობრივად ერთსა და იმავე ოპერაციაზე, რაც არამართლზომიერი და არაკანონიერია.

• აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დავალიანება - 2 445 662.84 ლარი.

გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების საბოლოო და სწორი შედეგების დადგენის შემდგომ უნდა გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება და გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დადგენილი დავალიანება. აუდიტის შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ მიღებული თანხა სწორედ ამ საგადასახადო შეთანხმების მიღწევას უნდა მოხმარდეს, აქედან გამომდინარე შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ დებიტორული დავალიანების ფარგლებში მიღებული თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასად განხილვა სრულად ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ნორმებს.

• ამასთანავე აღსანიშნავია სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც 2026 წლის 22 ივლისის დასკვნაში პირველ საკითხად განიხილა აუდიტის დეპარტამენტმა. გადამხდელის მიერ წარდგენილია ფულის მოძრაობის ამსახველი სრული სურათი კომპანიის დაარსებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე და ასევე შემდგომ პერიოდზე, სანამ ფიქსირდება ნებისმიერი საბანკო თუ სალარო ოპერაციები.

აუდიტის დეპარტამენტს ყურადღება აქვს გამახვილებული მხოლოდ ერთ ოპერაციაზე, სადაც --- ბანკთან ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას გაუსვა ხაზი. აუდიტის დეპარტამენტი აფიქსირებს, რომ გადამხდელის პოზიცია ხელფასად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს რომ ხელფასად დაბეგრილია იმაზე მეტი თანხა ვიდრე მიღებული ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არამართებულია.

• ზემოაღნიშნული მტკიცება სრულიად ალოგიკურია, ვინაიდან თუნდაც --- ბანკთან ანგარიშსწორების თანხის ამოღებით, 4 116 973 ლარით მეტი არის განხილული ხელფასად. აქვე ამატებს და თუნდაც შპს „---სთან“ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ მიღებული თანხები, რომც ჩაითვალოს მართლზომიერად დასაბეგრად, ასეთ შემთხვევაშიც 1 815 373 ლარი არის ზედმეტად დაბეგრილი.

• ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უპირობოდ ხელახალ შესწავლას უნდა დაექვემდებაროს სალაროს ნაშთი და დირექტორზე ხელფასად დარიცხული თანხები, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სწორად იქნას დადგენილი დირექტორზე ხელფასად განსახილველი თანხა, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ დებიტორული დავალიანების ფარგლებში მიღებული თანხა არ დაკვალიფიცირდეს ხელფასად (ვინაიდან ზემოაღნიშნული უნდა მოხმარდეს საგადასახადო შეთანხმებით ბიუჯეტის დავალიანების დაფარვას) და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

ამასთან, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მომჩივნის მიერ, როგორც საჩივარში, ისე ზეპირი განხილვისას დასახელებული არგუმენტებიდან დავების განხილვის საბჭო 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებდა მომჩივნის შემდეგ არგუმენტებზე:

1. კომპლექსურად უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების, როგორც შუალედური აქტით, ისე სრული განსახილველი აქტის მიხედვით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის და შესაბამისად, საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშების საკითხის შესწავლა, ვინაიდან, ხელფასად ჩათვლილია იმაზე მეტი ვიდრე საწარმოს ჰქონდა სულ ამონაგები;

2. ხელფასად განხილული თანხის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნას 2022 წლის 2 თებერვალს საგადასახადო შეთანხმებით გადახდილი თანხა 1 040 070 ლარი, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან - 2021 წლის მარტიდან 2022 წლის 2 თებერვლამდე შპს „---ს არ უფიქსირდება არანაირი ეკონომიკური საქმიანობა;

3. შპს „----სთან“ (ს/ნ ---) დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (მხარეებს შორის თანხის მიღებაზე გაფორმებული ხელწერილები და სალაროს შემოსავლის ორდერები) გათვალისწინებით უნდა მოხდეს ხელფასად ჩათვლილი თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული არგუმენტების და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. გამომდინარე აქედან, საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები), შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით:

1. გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშების ამსახველი ცხრილი, რომლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან - ბოლო ოპერაციამდე, შემოწმებების მიერ ჯამურად იმაზე მეტი თანხა ვიდრე საწარმოს ჰქონდა სულ ამონაგები დაბეგრილი არაა. საწარმოს მიერ წარდგენილი ცხრილის ანალიზმა ცხადყო, რომ გადამხდელს ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული აქვს სესხზე გადახდილი პროცენტისა და ძირის ის ნაწილი, რომელიც რეალურად საზოგადოების მიერ გადახდილი არაა. კერძოდ, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა სს ---სა და ---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვალდებულებების დაფარვის მიზნით ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ არაერთგზის იქნა დარღვეული კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები, სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის შესახებ, რის გამოც სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება გადაცემულ იქნა სს ---თვის.

2. საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას, ფულის მოძრაობის ანალიზის მიზნებისთვის, ხარჯების ნაწილში, ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა საგადასახადო შეთანხმებით გადახდილი თანხა. კერძოდ, გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართა 2021 წლის აგვისტოს თვეში, 2022 წლის თებერვალში კი გააფორმა და გადაიხადა საგადასახადო შეთანხმების თანხა - 1 040 070 ლარი.

2022 წლის დეკემბერში შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო შეთანხმება ფორმდება ბარათზე არსებული დავალიანების თანხაზე, ბარათზე კი აქტის შედგენის თარიღში დარიცხული იყო გადამხდელის მიერ გამოწერილი ფაქტურების დღგ, საგადასახადო შემოწმების აქტშივე ფულის ნაშთი შემცირებულია, ბარათზე დარიცხული დღგ-ის თანხით. შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებით გადახდილ თანხასა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თარიღში ბარათზე არსებული დავალიანების სხვაობის თანხით გადაანგარიშების ეტაპზე შემცირებულ იქნა სალაროში არსებული ფულის ნაშთი.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შპს --- გან თანხის მიღების ამსახველი დოკუმენტაცია (სალაროს შემოსავლის ორდერების ასლები) და ხელწერილი თანხის მიღებაზე. აღნიშნულის თანახმად, გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში (2021 წლის აპრილამდე) მიღებული აქვს მხოლოდ თანხის ნაწილი, კერძოდ 2021 წლის იანვარში - 1 205 000 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 2 301 600 ლარი სალაროში შემოსულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ (2021 წლის ივნისსა და დეკემბერში).

შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2021 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე, შპს „---“-ზე (ს/ნ ---) გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ეა----), გვირაბის გათხრის მომსახურების დანიშნულებით, თანხით 3 506 600 ლარი. აღნიშნულ ფაქტურაზე არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი არცერთი საგადასახადო დოკუმენტი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები).

შესაბამისად, შემოწმების მიერ 2024 წლის 16 იანვრის თარიღით შედგენილ დასკვნაში, გადამხდელის მიერ შპს „---თან“ გაფორმებული ხელშეკრულებისა და ფორმა 2-ის წარმოდგენის საფუძველზე, 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, გაწეული ხარჯების 75%-ით შემცირდა „---ის“ ნაღდი ფულის ნაშთი. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ნაწილში მიღებულ ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია/დოკუმენტაცია არც საგადასახადო შემოწმების ეტაპზე და არც დავების საწყის პერიოდში არ იყო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი.

საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2022 წლის 26 დეკემბერს. შპს --- 2024 წლის 4 აგვისტოს დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნავს, რომ როდესაც 2023 წლის 24 ივლისის №17858 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მიეწოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დამუშავებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, აღმოჩნდა, რომ დედნების დასკანერების დროს გამორჩენის/შეცდომის შედეგად აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა მიწოდებული ზემოაღნიშნულ 2 კომპანიას შორის ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ, სალაროს შემოსავლის ორდერები და ხელწერილი თანხის მიღებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობდა საკმარისი საფუძველი, აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში, საგადასახადო შემოწმების აქტშივე, შემოწმების მიერ სრულად მიღებულადაა ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული თანხა (3 506 600 ლარი). საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ისეთი ინფორმაცია/მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს N23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე, ელექტრონული და გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული ბინების რეალიზაციის ნაწილში კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით და ნასყიდობის ხელშეკრულების შესწავლის საფუძველზე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა, საწარმოს გადასცა უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ საწარმომ აიღო ასაშენებელ მრავალსართულიან კომპლექსში ფართების გადაცემის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს და დამთავრდა 2019 წელს (გრძელვადიანი კონტრაქტი). ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მიზანს წარმოადგენდა, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიწოდება, ხოლო მეორე მხარისთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის საკუთრებაში მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება კომპანიის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურება საბაზრო ფასით, რომელიც გაანგარიშდა კალენდარული წლისთვის განსაზღვრული ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, გაწეული ხარჯების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს დეკემბრის თვე.

საბჭოს №23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 167 792 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 111 861 ლარით, ჯარიმა 55 931 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 29.05.2025 წლის №23018/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.