ბრძანება N 2208

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2208
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2208

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2024 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 30 იანვრის №87320/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-426 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33478 ბრძანება და ამავე თარიღის №007-426 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 543 599 ლარი, მათ შორის, გადასახადი 266 944 ლარი, ჯარიმა 185 002 ლარი, საურავი 91 653 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ფერადი ლითონების ჩამოსხმა (წარმოება). რომლის ძირითადი ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს ექსპორტის გზით. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და სხვადასხვა ტიპის ახსნა განმარტებები. ბუღალტრულ პროგრამაში ჯამურად არის ასახული შეძენილი პროდუქტები, რომელიც არ ემთხვევა ფაქტობრივ შეძენებს (ზედნადებებსა და შესყიდვის აქტებს) და აღნიშნული პროდუქცია ჩამოწერილია ჯამურად. ასევე აღსანიშნავია, რომ წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არ აქვს აღრიცხული სრულყოფილად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციებით და თითოეული წარმოებული საქონლის რაოდენობით მოხდა წარმოებისთვის საჭირო თითოეული პროდუქტის ჩამოწერა. დარჩენილი საქონლით შემოწმების მიერ დამატებით იქნა წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქტი (ძირითადად --------), რომელიც ჩაითვალა ადგილობრივ რეალიზაციად. შედეგად გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად შემმოწმებლების მიერ განხორციელდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადამხდელს დეკლარირებული აქვს ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ჯამურად 3 829 397 ლარი (დაბეგრილი აქვს 3 % იანი განაკვეთით), ხოლო წარმოდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით აღნიშნული თანხა არის 4 163 417 ლარის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ფერადი ლითონების ჩამოსხმა (წარმოება). რომლის ძირითადი ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს ექსპორტის გზით. შემოწმების პროცესში ბუღალტრულ პროგრამაში ჯამურად არის ასახული შეძენილი პროდუქტები, რომელიც არ ემთხვევა ფაქტობრივ შეძენებს (ზედნადებებსა და შესყიდვის აქტებს) და აღნიშნული პროდუქცია ჩამოწერილია ჯამურად. ასევე წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არ აქვს აღრიცხული სრულყოფილად. შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციებით და თითოეული წარმოებული საქონლის რაოდენობით მოხდა წარმოებისთვის საჭირო თითოეული პროდუქტის ჩამოწერა. დარჩენილი საქონლით შემოწმების მიერ დამატებით იქნა წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქტი რომელიც ჩაითვალა ადგილობრივ რეალიზაციად. შედეგად გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270;272;275;