გადაწყვეტილება №22256/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22256/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 15.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22256/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №068-29 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1725 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 207 189 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 126 837
დღგ - 6 781
საშემოსავლო გადასახადი - 120 056
ჯარიმა - 63 419
საურავი - 16 933
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საწარმოს 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 4 629 722 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პერიოდში პირის მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 700 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების თანახმად, საწარმოს 2023 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არ გააჩნია სალაროსა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი, ხოლო ნაშთი საბანკო ანგარიშებზე შეადგენს სულ 4 ლარს. ამასთან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, კომპანიას 2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია. საქონლის ბოლო შემოტანა უფიქსირდება 2023 წლის მარტის თვეში, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მაჩვენებლები - 2023 წლის აპრილის თვეში.
შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს ფულის ნაშთი 435 773 (ნეტი) ლარის ოდენობით, 2023 წლის 1 ივნისის მდგომარეობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის 14413 ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის 22 ივნისს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, 435 773 ლარი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 7.07.2023 წლის №16424 ბრძანება და №001-144 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. დასკვნის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №32717 ბრძანება და №068-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1725 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სალაროს ნაშთად არსებული 480 228 ლარიდან 350 000 ლარი ავანსად აქვს გადახდილი 2023 წლის აპრილის თვეში არარეზიდენტ მომწოდებელზე შპს -------, რომელსაც უნდა მოეწოდებინა საქონელი რომელიც უნდა გაეყიდა საქართველოში, დავალიანების შესახებ ცნობა საჩივარს თან ერთვის, ხოლო დარჩენილი სალაროს ნაშთი 130 228 ლარი 2023 წლის 3 ივნისს გაიტანა მოგების სახით და დეკლარირებული აქვს შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელ შპს „-------“ (ს/ნ -------) გაფორმებული შედარების აქტი, რომლის თანახმად, საწარმოს მოთხოვნა შპს „-------“ მიმართ 2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით შეადგენს 11 346 000 რუბლს და ასევე, წარდგენილ იქნა 2023 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შპს „-------“ საქონელი იმპორტირებული აქვს 2021 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, ხოლო შემდგომ პერიოდში მასთან სავაჭრო ურთიერთობა არ უფიქსირდება. ამასთან, 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შპს „-------“ მიმართ კრედიტორული/დებიტორული დავალიანება. ამას გარდა, საწარმოს 2023 წლის მარტის თვიდან დღემდე არ უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები და ეკონომიკური საქმიანობა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საზღვრის კვეთის დროს 11 346 000 რუბლის/ექვივალენტი ლარის დეკლარირების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის მოწოდებული დამატებითი მტკიცებულებები/არგუმენტები სასამართლოში/არბიტრაჟში სარჩელის შეტანასთან ან/და სხვა სამართლებრივი დავის წამოწყებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელ არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული იქნა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.08.2023 წლის №20860 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;