ბრძანება N 18123

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.08.2026
№ დოკუმენტი 18123
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18123

11 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.:---) 2026 წლის 23 ივლისის

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №103628/1/2026 და №103629/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №045-12 საგადასახადო მოთხოვნასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №CB1715427 და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უმძიმესი ფინანსური სანქციები დააკისრა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ, მათი შეფასებით, კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი პირველადი სააღიცხვო დოკუმენტაცია, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნავს, რომ კომპანიის ნომინალურ დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს შორის წარმოიშვა კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ხარვეზები და საინფორმაციო ვაკუუმი.

საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონულად თუ მატერიალურად გაგზავნილი შეტყობინებები და მოთხოვნები პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ფიზიკურად და დროულად არ გამხდარა ცნობილი იმ პირისთვის, რომელსაც რეალურად ჰქონდა ამ დოკუმენტაციაზე წვდომა და რომელსაც შეეძლო მათი ჯეროვანი დამუშავება და საგადასახადო ორგანოში წარდგენა. დირექტორმა, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად მიიღო შეტყობინება, ვერ უზრუნველყო ფაქტობრივი მმართველის ინფორმირება. მომჩივანი აცხადებს, რომ დარიცხული 82 525.72 ლარი აბსოლუტურად მოწყვეტილია კომპანიის ბრუნვისა და ეკონომიკური საქმიანობის რეალურ მაჩვენებლებს. საგადასახადო ორგანომ არ გამოიყენა ალტერნატიული მტკიცებულებები, როგორიცაა საბანკო ამონაწერები, კონტრაგენტებისგან მიღებული ჯვარედინი ინფორმაცია, ან საბაჟო მონაცემები, რაც სრულყოფილად წარმოაჩენდა კომპანიის რეალურ ვალდებულებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №045-12 საგადასახადო მოთხოვნის, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანების, 13 404,26 ლარის, გაუქმებას (აღნიშნული შედგება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №CB1715427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით (13 004.26 ლ.) და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით (400 ლ.) დაკისრებული ჯარიმებისგან).

 

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №045-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 9 ივნისის №12610 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №19056 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 24 ივნისის №13889 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №045-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 591.11 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 39 285 ლარი, ჯარიმა 19 642 ლარი და საურავი 9 664 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №19056 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 13 0042,58 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც 2025 წლის 27 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1715427. აღნიშნული დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ არ არის ასახული დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 159-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით დაერიცხა მოგების გადასახადი, ამასთან განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №045-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №19056 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 13 0042,58 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც 2025 წლის 27 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1715427. აღნიშნული დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ არ არის ასახული დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში. შედეგად პირს შემოწმებით დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, ხოლო დღგ-ის მიზნებისთვის საქონლის საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა სმფ-ების დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №CB1715427 და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „---“ (ს/ნ ---) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №CB1715427 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო 2025 წლის 22 მარტს, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო 2026 წლის 7 მაისს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 23 ივლისს. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ, ვინაიდან, საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №CB1715427 და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----“-ის (ს/ნ ----) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №045-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „----“-ის (ს/ნ ----) საჩივრები საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 27 იანვრის №CB1715427 და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №CB1793847 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვას.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანების, 13 404,26 ლარის, გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 13 0042,58 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც 2025 წლის 27 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ არ არის ასახული დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.

გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით დაერიცხა მოგების გადასახადი, ამასთან განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა სმფ-ების დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9); 16 (1); 983; 160 (3); 163 (3); 164 (2,ბ); 301 (ე).