გადაწყვეტილება №18367/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18367/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18367/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------------- (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------------- 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18367/2/2022).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28671 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401905 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. ---------), გადამოწმების დროს (30.09.2022 წ. 09:13 სთ) გამოვლინდა 4 658 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის (ფიცარი 5,48 მ 3 X 850 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.11.2022 წლის №28671 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე2 და მე-3 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის 30 სექტემბერს -------- მუნიციპალიტეტის სოფელი ------, მისი კუთვნილი სახერხი საამქროდან ახორციელებდა ტვირთის (დახერხილი ხე-მასალის, რომელიც იყო მისი საკუთრება და შეძენილი ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აუქციონზე) ტრანსპორტირებას ქ. თბილისის მიმართულებით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ქ. ----------ში --------ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით გააჩერეს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურმა.

გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ ზედნადებში შეცდომით იყო ჩაწერილი ელექტრონულ ჟურნალში მრგვალი მორის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის №---------------- ცნობის ნომერი (კუბატურით 5.48 მეტრ კუბი), კერძოდ 2022 წლის 30 სექტემბერს, როცა ტვირთავდა საბუთებს მოხდა ტექნიკური შეცდომა. №----------- ცნობის ნომრის ნაცვლად უნდა ჩაწერილიყო №----------- ცნობის ნომერი, რომელიც ელექტრონულ ჟურნალში მრგვალი მორის გადამუშავების შედეგად მიიღო. ორივე ცნობის ნომერი ერთიდაიგივე გვერდზეა ელექტრონულ ჟურნალში. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ №------------ ცნობის ნომერის კუბატურა იყო 6.48 მ 3 ,საიდანაც სოჭის ჯიშის ფიცარი შეადგენდა 5,7 მ 3 , ხოლო ძელი 0,7 მ 3 და გაწერილი იყო 24 სექტემბერს. აღნიშნული რაოდენობა გაწერილი ჰქონდა ტრანსპორტირება-გაყიდვით. ხოლო №------------ ცნობის ნომერის კუბატურა იყო 5,48 მ 3 , საიდანაც სოჭის ჯიშის ფიცარი შეადგენდა 5,10 მ 3 , ხოლო ნაძვის ჯიშის ფიცარი 0,38 მ 3 , გაწერილი ჰქონდა 29 სექტემბერს შიდა გადაზიდვით და ახორციელებდა ტრანსპორტირებას თბილისის მიმართულებით. ელექტრონულ ჟურნალშიც და ელექტრონულ ზედნადებშიც პროდუქციის გატანისას მითითებული აქვს ერთი და იგივე ავტომანქანა და ერთიდაიგივე კუბატურა, რაც რეალობაა და სხვა განზრახვა არ ჰქონია. ცნობის ნომრებს შორის სხვაობა არის ბოლო ციფრში და შეცდომა მოუვიდა ატვირთვისას მხედველობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხე-მასალის უკან დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადებში თავდაპირველად შეცდომით იქნა მითითებული ცნობის ნომერი. კერძოდ, №---------- ცნობის ნომრის ნაცვლად უნდა ჩაწერილიყო №-------------- ცნობის ნომერი. სხვაობა არის ბოლო ციფრში და შეცდომა მოუვიდა ატვირთვისას მხედველობის გამო.

ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი არგუმენტების განხილვის შემდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა შესწავლა და თუ დადასტურდება, მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28671 ბრძანება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და თუ დადასტურდება მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.