ბრძანება N 2865

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2026
№ დოკუმენტი 2865
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2865

10 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 16 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა ----- (პ/ნ ------) №100022/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 იანვრის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ავტონაწილების აწონა კონტეინერში ჩატვირთვამდე ხდება შესყიდვის ადგილას. ვარაუდობს, რომ საქონელი ვინც აწონა დაუშვა ტექნიკური შეცდომა და ინვოისში მიუთითა 360 კგ-ით ნაკლები. ასევე მიუთითებს, რომ კონტეინერის საერთო წონა დაემთხვა სხვა დოკუმენტებში მითითებულ წონას. მიუთითებს სხვაობის სიმცირეზე და იმ ფაქტზე, რომ კომპანიას მიზანი არ ჰქონია გადასახადებისგან თავი აერიდებინა.

აღნიშნულზე და იმ ფაქტზე მითითებით, რომ ჯარიმის თანხა გადახდილია, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 12 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო ინდ. მეწარმე ------ (ს/ნ -----) კუთვნილი, №----- (08.01.2026) საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი – ავტომობილის მეორადი ნაწილები (ბრუტო წონა – 5 500 კგ; საბაჟო ღირებულება – 24866.63 ლარი). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „-----“-ის მიერ განისაზღვრა „------“. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – ავტომობილის მეორადი ნაწილები 360 კგ.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2026 წლის 13 იანვრის №----- დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 603.41 აშშ დოლარი (1627.64 ლარი).

ვინაიდან ------- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 13 იანვარს შედგენილ იქნა №------საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------ (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1627.64 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის) ოდენობით.

ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, არადეკლარირებული საქონლის გაფორმების მიზნით, ცვლილება იქნა შეტანილი №----- საბაჟო დეკლარაციაში და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, რაც გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №2163 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანს იგივე ქმედების ჩადენის გამო წარსულშიც აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული. შესაბამისად მისთვის ცნობილია წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში ინფორმაციის სწორად ასახვის ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. პირს

დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, არადეკლარირებული საქონლის გაფორმების მიზნით, ცვლილება იქნა შეტანილი საბაჟო დეკლარაციაში და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13,168(1);