გადაწყვეტილება №27836/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27836/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 22.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27836/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2026 წლის №006-151 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13852 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 295 499,75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 673 232,52
მოგების გადასახადი - 676 404,52
საშემოსავლო გადასახადი - (-3 172)
ჯარიმა - 338 681,21
საურავი - 283 586,02
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო საშუამავლო გადაზიდვები საქართველოს ფოსტასთან ერთად, ძირითადად -------საქართველოს მიმართულებით. გადაზიდვას ახორციელებენ თურქული არარეზიდენტი კომპანიები.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 21.11.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასაზიდი ტვირთის შეგროვება ხდება ------- და შემდგომ შემოდის საქართველოში, საქართველოს ფოსტაში. გადაზიდვის ღირებულება სრულად ერიცხება საქართველოს ფოსტას, რომელიც იტოვებს თავისი მომსახურებისთვის (სატერმინალო მომსახურებისთვის) გარკვეულ პროცენტს 18-20%, ხოლო დანარჩენ თანხას ურიცხავს მომჩივანს. საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომლის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. კომპანიამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა მხოლოდ მცირე ნაწილზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა არარეზიდენტების მიერ გაწეული გადაზიდვის და იჯარის ხარჯების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია. აგრეთვე, არარეზიდენტ კომპანიებთან აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოზე და გადახდილ თანხებზე, რაც გადამხდელმა ვერ წარადგინა. მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის №188787 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა სსკ 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა (400 ლარი). საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 982 პრიმა მუხლების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა თურქული კომპანიის რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 103 284 ლარით (გადასახადი 69 652, ჯარიმა 33 632). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.05.2026 წლის №006-151 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13852 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის სათანადო წესით (მათ შორის, აპოსტილით) დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საქართველოს ფოსტისგან გამოითხოვოს შპს „-------“-თან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ოპერაციის შინაარსის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა ვერ დაადასტურა, რომ სადავო მომსახურება საერთოდ არ განხორციელებულა საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ თურქულ კომპანიებს რეალურად არ გაუწევიათ მომსახურება შპს „-------“-ისათვის. არ დადგენილა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია, არ დადგენილა, რომ გადახდილი თანხები სხვა მიზნებისთვის იყო გამოყენებული და არც ის, რომ ოპერაციები ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. საგადასახადო ორგანოს პოზიცია ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ წარმოდგენილი არ იყო დამატებითი დოკუმენტები, თუმცა დოკუმენტაციის არასრულყოფილება თავისთავად ვერ ადასტურებს მომსახურების არარსებობას.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72- ე მუხლის მოთხოვნებს შემოსავლების სამსახური თავად ადასტურებს, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებებსა და შედარების აქტებში იდენტიფიცირებულია ოპერაციის მონაწილე მხარეები, მომსახურების სახეები, მომსახურების გაწევის პერიოდები, ღირებულებები და განხორციელებული ანგარიშსწორებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით პირველადი დოკუმენტი უნდა იძლეოდეს ოპერაციის მონაწილეთა იდენტიფიცირების, ოპერაციის შინაარსისა და ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია სწორედ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რის გამოც მათი იგნორირება ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლის შინაარსს.
წარმოდგენილი მტკიცებულებების უარყოფა დაუსაბუთებელია არც გადაანგარიშების დასკვნა და არც №13852 ბრძანება არ შეიცავს განმარტებას: რატომ არ არის საკმარისი წარმოდგენილი ხელშეკრულებები; რატომ არ არის საკმარისი შედარების აქტები; რომელი კონკრეტული დოკუმენტი აკლია გადასახადის გადამხდელს; რომელი სამართლებრივი ნორმა ავალდებულებდა ასეთი დოკუმენტის წარმოდგენას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად უარყო მტკიცებულებები, თუმცა არ დაასაბუთა მათი უარყოფის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
აპოსტილის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს 23.06.2026 წლის №13852 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს დაევალა „მათ შორის აპოსტილით“ დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა. თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ ადგენს მოცემულ შემთხვევაში აპოსტილის სავალდებულოობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაცემული დოკუმენტები აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული გამონაკლისებისა. წარმოდგენილი ხელშეკრულებები და შედარების აქტები სწორედ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შედგენილ დოკუმენტებს წარმოადგენს.
გადაწყვეტილება შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახური ძალაში ტოვებს სადავო დარიცხვებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია. მეორეს მხრივ, იმავე გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს ავალებს დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს ფოსტიდან, დამატებით შეისწავლოს გარემოებები და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. თუ საქმის გარემოებები ჯერ კიდევ დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, მაშინ შეუძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ სადავო ხარჯები საბოლოოდ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯებს.
ხანძრის შედეგად დოკუმენტაციის განადგურების გარემოება და გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ------- მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურდა კომპანიის დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. მიუხედავად აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელმა უცხოელ კონტრაგენტებთან კომუნიკაციის გზით მოიპოვა დამატებითი დოკუმენტაცია და წარუდგინა იგი როგორც აუდიტის დეპარტამენტს, ისე დავის განმხილველ ორგანოს. აღნიშნული ადასტურებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას და მის მზაობას, სრულად ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოსთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების აქტით, თურქულ არარეზიდენტ პირებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ვინაიდან შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მიღებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადამხდელს დაევალა მტკიცებულებების წარმოდგენა. გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელმა წარმოდგინა აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შედარების აქტები. ხელშეკრულების მიხედვით, „შემსრულებელი უზრუნველყოფს ------- ტერიტორიაზე „დამკვეთის“ ტვირთების გადაზიდვა-ტრანსპორტირებას, რაც მოიცავს ასევე ტვირთების დასაწყობებას, ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება-მომზადებას, ტვირთების შეფუთვას და ტვირთების ჩატვირთვისა-გადმოტვირთვის უზრუნველყოფას“, ხოლო შპს „-------“ ვალდებულია „გადაიხადოს მომსახურების საფასური ყოველი მომსახურების შესაბამისად; მომსახურების საფასური განისაზღვრება ყოველი რეალურად გაწეული მომსახურების დროს შესრულებული და გაწეული სამუშაოების შესაბამისად“. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა არარეზიდენტ პირზე გაცემული ------- რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, ამ ნაწილში, შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნული გადაანგარიშების შედეგები კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2026 წლის №13852 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის სათანადო წესით (მათ შორის, აპოსტილით) დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საქართველოს ფოსტისგან გამოითხოვოს შპს „-------“-თან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ოპერაციის შინაარსის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალების, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასაზიდი ტვირთის შეგროვება ხდება და შემდგომ შემოდის საქართველოში, საქართველოს ფოსტაში. გადაზიდვის ღირებულება სრულად ერიცხება საქართველოს ფოსტას, რომელიც იტოვებს თავისი მომსახურებისთვის (სატერმინალო მომსახურებისთვის) გარკვეულ პროცენტს 18-20%, ხოლო დანარჩენ თანხას ურიცხავს მომჩივანს. საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომლის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. კომპანიამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა მხოლოდ მცირე ნაწილზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა არარეზიდენტების მიერ გაწეული გადაზიდვის და იჯარის ხარჯების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია. აგრეთვე, არარეზიდენტ კომპანიებთან აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოზე და გადახდილ თანხებზე, რაც გადამხდელმა ვერ წარადგინა. ზემოაღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა კომპანიის რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 982(1-ა); 134(გ);