ბრძანება N 23137

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2024
№ დოკუმენტი 23137
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23137

30 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:------)

2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 16 სექტემბრის №91969/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 აგვისტოს ID:-------- შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. მიუთითებს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს ------- ხორბლის ფქვილისა და ქატოს იმპორტისას შეცდომით გადახდილი თანხები. განმარტავს, რომ იმპორტის დღგ 2 205 ლარი შეცდომით ორჯერ იქნა გადახდილი, კერძოდ, პირველად გადახდისას საბანკო დაწესებულებამ არ მიუთითა საბაჟო დეკლარაციის ნომერი, რის გამოც თანხა ხელმეორედ გადაიხადა შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით და თავდაპირველად გადახდილი თანხა აღმოჩნდა ზედმეტობაში. აცხადებს, რომ ასევე შეცდომით გადაიხადა იმპორტის თანხა 1 466 ლარი, რადგან საქონლის იმპორტისას ერთ-ერთ საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებით იმპორტის გადასახადი არასწორად დაეკისრა, რომელიც კომპანიამ გადაიხადა 2023 წლის 15 ნოემბერს. განმარტავს, რომ საბაჟო ორგანომ აღნიშნული შეცდომა გამოასწორა საბაჟო დეკლარაციის კორექტირებით, ხოლო გადახდილი თანხა აისახა ზედმეტობაში. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის უარი ზედმეტობის დაბრუნების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზით დგინდება შესაძლო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის ალბათობა, საფუძველს მოკლებულია და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანო ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს და არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები. აცხადებს, რომ შეცდომა გამოწვეულია საბაჟოსა და საბანკო დაწესებულების მიერ, რაც არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------) 2024 წლის 2 აგვისტოს მოთხოვნის (ID: -------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი 4 425 ლარიდან 3 671 ლარის დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია საქონლის იმპორტის ოპერციაზე შეცდომით ორჯერ დღგ-ის თანხის 2 205 ლარის გადახდის და ასევე, იმპორტის თანხის 1 466 ლარის შეცდომით გადახდის შედეგად.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 13 მუხლის საფუძველზე, 2024 წლის 12 აგვისტოს განისაზღვრა ხარვეზი: (ID: ----------), კერძოდ, წარმოდგენას ექვემდებარება ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაცემულ ავანსებთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა 2024 წლის 19 აგვისტოს (ID: -------) მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2024 წლის 21 აგვისტოს შედგა შესაგებელი (ID: --------) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული დაექვემდებარება დეკლარირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს.

ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია საქონლის იმპორტის ოპერციაზე შეცდომით ორჯერ დღგ-ის თანხის გადახდის და ასევე, იმპორტის თანხის შეცდომით გადახდის შედეგად. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამის მიერ, დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. კერძოდ, წარმოდგენას ექვემდებარება ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაცემულ ავანსებთან დაკავშირებით. გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული დაექვემდებარება დეკლარირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1);65;