ბრძანება N 17571
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17571
19.07.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,------------ის’’ (ს/ნ ---------)
(ფაქტ. მის.: ----------------------)
(იურ. მის.:-----------------------)
2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს ,,------------ის’’ (ს/ნ ---------) №78796/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №081-281 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას, ასევე შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ აუდიტის ჩატარების პროცესში არ იქნა გამოყენებული ბუღალტრული დოკუმენტაცია, რაც გამომდინარეობდა ხანდაზმულობის ვადის გასვლიდან გამომდინარე. აცხადებს, რომ კომპანიას არ მოეპოვება სრული დოკუმენტაცია, რაც ობიექტური შემოწმების ჩატარების საშუალებას მისცემთ. აცხადებს, რომ კორპუსის ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ გასულია ხანდაზმულობის ვადა. ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ივლისის №19772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,------------ის’’ (ს/ნ ---------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32563 ბრძანება და ამავე თარიღის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 188 928 ლარი, მათ შორის: გადასახადი 599 881 ლარი, ჯარიმა 299 941 ლარი, საურავი 289 106 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: შპს ,,------ის’’ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი ქ. -----ში. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და რეალიზებული (შესამოწმებელ პერიოდში გადაფორმებული) საცხოვრებელი ბინების ნუსხა. შემოწმებისთვის არ წარმოდგენილა ბუღალტრული აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშგების სისწორის დაგენის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული მონაცემებით. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები და აგრეთვე ბანკში ფულადი სახსრების შემოსავლები ბინის საფასურის გადახდის დანიშნულებით. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია (მტკიცებულებები) 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდში დადებული ნასყიდობის ხელშკრულებების ფარგლებში, 2019 წლამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული ავანსების შესაბამის პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვით ვერ დასტურდება აღნიშნული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვა. შემოწმების მიერ 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფართების მიწოდება ჩათვლილ იქნა დადების მომენტში ბინების რეალიზაციად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. აგრეთვე, შემოწმების მიერ რეალიზებული ბინების საფასური ჩაითვალა ამავე პერიოდში მიღებულად და შემოწმების მიერ ხელთარსებული მონაცემების საფუძველზე (საბანკო ამონაწერები, პირველადი დოკუმენტაცია) დაანგარიშებულ იქნა ყოველი საანგარიშო წლის და შემოწმების ბოლოს არსებული ფულადი სახსრების ოდენობები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების სხვაობები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანხამად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული მონაცემებით. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ 2019 - 2022 წლებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები და აგრეთვე ბანკში ფულადი სახსრების შემოსავლები ბინის საფასურის გადახდის დანიშნულებით. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდში დადებული ნასყიდობის ხელშკრულებების ფარგლებში, 2019 წლამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული ავანსების შესაბამის პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვით ვერ დასტურდება აღნიშნული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვა. შემოწმების მიერ 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფართების მიწოდება ჩათვლილ იქნა დადების მომენტში ბინების რეალიზაციად. აგრეთვე, შემოწმების მიერ რეალიზებული ბინების საფასური ჩაითვალა ამავე პერიოდში მიღებულად და დაანგარიშებულ იქნა ყოველი საანგარიშო წლის და შემოწმების ბოლოს არსებული ფულადი სახსრების ოდენობები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,------------ის’’ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრას, ასევე შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №19772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია.შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ 2019 - 2022 წლებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები და აგრეთვე ბანკში ფულადი სახსრების შემოსავლები ბინის საფასურის გადახდის დანიშნულებით.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული ავანსების შესაბამის პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებით, რაზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, რომლის მიხედვით ვერ დასტურდება აღნიშნული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვა.
შემოწმების მიერ 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფართების მიწოდება ჩათვლილ იქნა დადების მომენტში ბინების რეალიზაციად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
აგრეთვე შემოწმების მიერ 2019 - 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფართების მიწოდება ჩათვლილ იქნა დადების მომენტში ბინების რეალიზაციად. აგრეთვე, შემოწმების მიერ რეალიზებული ბინების საფასური ჩაითვალა ამავე პერიოდში მიღებულად და დაანგარიშებულ იქნა ყოველი საანგარიშო წლის და შემოწმების ბოლოს არსებული ფულადი სახსრების ოდენობები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 73(4, 9,,ბ’’); 101(1); 154(1,,ა’’); 159(1,,ა’’); 160; 161(1,8); 163(1,2,6,,ბ’’);164(1); 302(6);