გადაწყვეტილება №27845/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27845/2/2026
11 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 23.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27845/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14496 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 405 081,49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 228 058,00
დღგ - 193 687,00
საშემოსავლო გადასახადი - 34 371,00
ჯარიმა - 114 156,00
საურავი - 62 867,49
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა, რაც მოიცავდა ტენდერების ფარგლებში შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. გარდა აღნიშნულისა ჰქონდა რამდენიმე კერძო შესრულება.
აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 4.02.2026 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14496 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 24.07.2026 წლის №------- წერილით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14496 ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა 30.06.2026 წელს, აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 30.06.2026 წელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს საჩივარი წარედგინა 23.07.2026 წელს ფოსტის მეშვეობით. წარმოდგენილ საჩივარს ახლავს საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 17.07.2026 წელს ფოსტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურში წარსადგენად გადაეცა საჩივარი. წარმოდგენილ საჩივარზე დატანილია ბეჭედი, რომელზეც მითითებულია მხოლოდ "--------" ფოსტა და თარიღი 17.07.2026 წელი. გამგზავნში მითითებულია "--------"(წარმომადგენელი), ხოლო გამგზავნის მისამართში დაფიქსირებულია "--------",რომელ მისამართზეც წარმომადგენლის ოფისი მდებარეობს. აღნიშნული საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 23.07.2026 წელს.
საჩივარზე, საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით (საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება, არ იდენტიფიცირდება საფოსტო კომპანია. წარმოედგინა დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარსადგენად გზავნილის საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტაცია) დადგინდა ხარვეზი და მომჩივანს მიეცა მისი გამოსწორების ვადა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, წარმოდგენილი იქნა ფოსტის მომსახურებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
1.09.2026 წლის №"--------" წერილით მომჩივანს ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა - გამოგზავნილია თუ არა საჩივარი საფოსტო/საკურიერო დაწესებულების მეშვეობით და დადებითი პასუხის შემთხვევაში, წარმოედგინა ინფორმაცია აღნიშნული დაწესებულების შესახებ (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი) და ფოსტისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გასაგზავნი კორესპონდენციის ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მომჩივნის წარმომადგენლმა "--------"-მ ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნა დოკუმენტები და განმარტა, რომ მის მიერ გამოგზავნილი საჩივარი ჩაბარდა ინდივიდუალურ მეწარმე "--------"-ს, რომელიც დარეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, დამატებით გამოგზავნა სხვა გზავნილების დოკუმენტებიც, რომლითაც აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დადგენა, რომ არაერთხელ უსარგებლია ამ ფოსტის საშუალებით. ასევე წარმოადგინა "--------"-ის მობილური ნომერი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლმა "--------"-მ აღნიშნა, რომ ფოსტის კომპანია და ინდივიდუალურ მეწარმე "--------" ერთიდაიგივე პიროვნებაა.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა და მისი ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირდა 2026 წლის 30 ივნისს. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში ფაქტობრივად წარმოდგენილია 2026 წლის 23 ივლისს. ამასთან, წარმოდგენილი საკურიერო მომსახურების დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 17 ივლისს საჩივარი გადაცემული იქნა "--------" Post-ისთვის.
იმისათვის, რომ 2026 წლის 17 ივლისს საჩივრის ფოსტისთვის გადაცემით გასაჩივრების ვადა ჩაითვალოს დაცულად, აუცილებელია დადასტურდეს, რომ აღნიშნული სუბიექტი წარმოადგენს საფოსტო მომსახურების განმახორციელებელ პირს (საფოსტო დაწესებულებას).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი გარემოება არ დასტურდება. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი საფოსტო კომპანიის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები ან სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მისი, როგორც საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის სტატუსი. ასევე, ვერ დგინდება, რომ ინდივიდუალური მეწარმე "--------", რომელიც, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ახორციელებს აღნიშნულ საკურიერო მომსახურებას, წარმოადგენს საფოსტო დაწესებულებას (საფოსტო მომსახურების განმახორციელებელ პირს) ან მოქმედებს ასეთი დაწესებულების (პირის) სახელით.
საბჭო ვერ გაიზიარებს ასევე არგუმენტს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სხვა გზავნილების დოკუმენტები ადასტურებს აღნიშნული პირის მიერ საფოსტო მომსახურების განხორციელებას. სხვა გზავნილებით საკურიერო მომსახურებით სარგებლობის ფაქტი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი ადრე სარგებლობდა აღნიშნული მომსახურებით და არ ადასტურებს "--------" Post-ის საფოსტო დაწესებულების (საფოსტო მომსახურების განმახორციელებელ პირის) სტატუსს.
ამგვარად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ „------Post“ (ინდივიდუალურ მეწარმე "--------") წარმოადგენს საფოსტო მომსახურების განმახორციელებელ პირს, მისთვის გზავნილის ჩაბარებას ვერ მიენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების თარიღად უნდა ჩაითვალოს არა 17.07.2026 წელი (რაც ფიქსირდება წარმოდგენილ საჩივარზე), არამედ ფინანსთა სამინისტროში საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, 23.07.2026 წელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №261-8 საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14496 ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა, რაც მოიცავდა ტენდერების ფარგლებში შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. გარდა აღნიშნულისა ჰქონდა რამდენიმე კერძო შესრულება.აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 4.02.2026 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.