ბრძანება N 20667-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2020
№ დოკუმენტი 20667-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 20667

23/07/2020

შპს ------------------------- ს

(მის.: ქ. --------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 11 ივნისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 23 იანვრის N13693/21-11 და 2020 წლის 7 თებერვლის N27038/21 საჩივრები , შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის N081-440 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2020 წლის 28 იანვრის N081-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისს. წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი უთითებს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული ---- ში, დამატებით დამუშავების მიზნით ჩატანილი 11 706 ქილა ჯემი და 4 500 ცალი ცარიელი ქილა, ასევე არ იქნა მხედველობაში მიღებული 2 340 ქილა ჯემი, რომელიც სხვა საწარმოს ობიექტში იყო განთავსებული შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა მათი რეალიზაცია არ მომხდარა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N33218 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე.

ამავე დროს, 2019 წლის 25 ნოემბრის N40813 და 2019 წლის 26 ნოემბრის N41029 ბრძანებით დაინიშნა შპს ----- ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტიური შედეგების გამოყვანის მიზნით). 2019 წლის 27 ნოემბერს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღირიცხა ფაქტობრივი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 26 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №46474 ბრძანება და №081-440 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს განესაზღვრა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება სულ 178 233.75 ლარის ოდენობით. მათ შორის გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 672 ლარს და საურავი - 36 818.75 ლარს.

2020 წლის 21 იანვარს აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა №18 დასკვნა, სადაც, შემმოწმებელი უთითებს, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, განსხვავდება შემოწმების აქტით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 772 ლარი) და ამონაკრებით (ძირითადი გადასახადი 93 747 ლარი და ჯარიმა 47 672 ლარი) დარიცხული თანხები 100 ლარით. სხვაობა ეხება სხვა ჯარიმების ნაწილში დარიცხულ თანხებს. შემოწმების აქტით სხვა ჯარიმებში დარიცხულია 400 ლარი, ხოლო ამონაკრებში სხვა ჯარიმების გრაფაში დაფიქსირებულია 300 ლარის დარიცხვა, სხვაობა შეადგენს 100 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამონაკრებში დარიცხული თანხა ჯარიმების ნაწილში დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 100 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №18 დასკვნის საფუძველზე, 2020 წლის 28 იანვარს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №1598 ბრძანება ტექნიკური უზუსტობის გასწორების თაობაზე და ამავე თარიღის N081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები გადასახადების ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო ჯარიმის თანხა 100 ლარით და განისაზღვრა შესაბამისი საურავი, კერძოდ 2020 წლის 28 იანვრის №081-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შეადგენს 179 847 ლარს, საიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგენს 93 743 ლარს, ჯარიმა - 47 772 ლარს, ხოლო საურავი - 38 332 ლარს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება შემდეგი:

2019 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი საბუღალტრო მასალებით, 2019 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება როგორც მზა პროდუქციის, ასევე მინის ქილების ნაშთები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №40813 და 2019 წლის 26 ნოემბრის №41029 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო მასალებში დაფიქსირებული ნაშთები აჭარბებს შემოწმების პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხულ ფაქტობრივ ნაშთებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით. ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (ბოლო დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით). საბაზრო ღირებულება მზა საქონელზე განისაზღვრა ინვენტარიზაციით დადგენილი ღირებულების შესაბამისად, ხოლო საწარმოო მასალებზე (ტარა და დანამატი), ნედლეულის თვითღირებულებით. აღნიშნული ოპერაციით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საქართველოს საგადასახადო 0კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკვშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაქტობრივი აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის 29-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი, ფაქტობრივი აღრიცხვის შემდეგ საინვენტარიზაციო უწყისებში შეამჩნევს შეცდომებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ (საწყობის, საკუჭნაოს, სექციის გახსნამდე) განუცხადოს საინვენტარიზაციო კომისიას. კომისია შეამოწმებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გაასწორებს დაშვებულ შეცდომებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება , რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გააჩნია გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.

საკანონმდებლო ბაზის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მეწარმის კუთვნილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას შემოწმება-აღრიცხვას ექვემდებარება ნებისმიერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად იმისა, იმყოფება ის უშუალოდ მეწარმის საწყობში/ობიექტში თუ სხვა პირთან. ამასთან, ინვენტარიზაციის დაწყებამდე, კუთვნილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს თავად გადასახადის გადამხდელი. აღნიშნულის შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საწყობში/ობიექტში საგადასახადო ორგანო ატარებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის აღწერას და მონაცემები შეაქვს საინვენტარიზაციო უწყისებში. ხოლო, თუკი გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საინვენტარიზაციო უწყისებში დაშვებულია შეცდომა, ის ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ განუცხადოს საინვენტარიზაციო კომისიას.

განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №40813 და 2019 წლის 26 ნოემბრის №41029 ბრძანებები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. აღნიშნული ბრძანებების ჩაბარების შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა წერილობითი განმარტება, სადაც მიუთითა, რომ კომპანიის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებულია ქ. ---- ში. ხსენებულ წერილში გადამხდელმა ასევე მიუთითა, რომ მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სხვაგან არ ინახება. ხოლო ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ, მომჩივანმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ხელწერილი, სადაც უთითებდა, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ მომჩივანის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დათვალა მისი თანდასწრებით, საქონლის ფაქტობრივი აღწერა ჩატარებული იყო სწორად და საინვენტარიზაციო კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე სრულიად შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად მიჩნევა და მიღებული შემოსავლის ანგარიშვალებული პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისად, მომჩივანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება შემდეგი: ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის საბუღალტრო მასალებში დაფიქსირებული ნაშთები აჭარბებს ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხულ ფაქტობრივ ნაშთებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სსკ-ს 73-ე მუხლის მიხედვით. ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილ სმფ-ებს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად (ბოლო დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით). საბაზრო ღირებულება მზა საქონელზე განისაზღვრა ინვენტარიზაციით დადგენილი ღირებულების შესაბამისად, ხოლო საწარმოო მასალებზე (ტარა და დანამატი), ნედლეულის თვითღირებულებით. აღნიშნული ოპერაციით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სსკ-ს 161-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, მიღებული შემოსავალი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სმფ-ების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, მომჩივანის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(5,,ა“); 73(9,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“)

01.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1,,ა“)