გადაწყვეტილება №22945/2/2024
📄 სრული ტექსტი
№22945/2/2024
31 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 23.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22945/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 მარტის №005-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 აპრილის №7352 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 31 976 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 17 451
დღგ - 5 175
საშემოსავლო გადასახადი - 10 876
ქონების გადასახადი - 1 400
ჯარიმა - 8 646
საურავი - 5 879
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №28230 და 27 აპრილის №9171 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მომსახურების შემძენთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები (წარდგენილია მხოლოდ შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმებული ინვოისები). მომჩივნის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დადგინდა საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატვირთო მანქანის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული შპს „----------“ მიერ დაკვეთილი მომსახურებების საინვოისო ღირებულებების მიხედვით განისაზღვრა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სატრანსპორტო საშუალების მიერ ტვირთის გადასაზიდად განხორციელებული საზღვრის კვეთის სხვა შემთხვევებშიც და აღნიშნულის შესაბამისად დათვლილი იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები. ასევე,პირველადი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილებით ხორციელდებოდა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნითაც. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლების იდენტიფიცირება. გადასახადის გადამხდელის მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორული ნაშთები და ფულადი სახსრების მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვების გზით. შესაბამისად, შემოწმებამ ხარჯად გაითვალისწინა პირველადი დოკუმენტებით შეძენილი საქონლის ღირებულება და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა სალაროში/საქვეანგარიშოდ არსებული თანხის გონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10%-ის ოდენობით). მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- საწარმოს პირველადი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიის ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილებით ხორციელდებოდა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნითაც. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით ფიქსირდება საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება სხვა პირების მიერ, რომლებზეც არ არის გამოწერილი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ არის ასახული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. საწარმოს მხრიდან არ მომხდარა ინფორმაციის წარდგენა საქმიანობის პროცესში ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი პირობების შესახებ. ვერ დგინდება უშუალოდ თვითონ იყო ოპერაციის განმახორციელებელი პირი, თუ აღნიშნული ოპერაციისას სატრანსპორტო საშუალება იჯარით/გაქირავებით იყო გადაცემული/განათხოვრებული სხვა პირისთვის. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებული იქნა მსგავსი მოცულობის ტექნიკის გამქირავებელი პირების მონაცემები, ასევე მოხდა ტექნიკის გამქირავებელ პირებთან გასაუბრება და აღნიშნული ფასები იქნა მხედველობაში მიღებული პირველად დოკუმენტებში განხორციელებულ ოპერაციებზე, დღეების ჭრილში სატრანსპორტო საშუალებების გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავლების დათვლისას. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16534 ბრძანება და №005-101 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 49 679 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის დასკვნა, 29.02.2024 წლის №4565 ბრძანება და 1.03.2024 წლის №005-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 256 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 31 976 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 27 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 3 აპრილის №7352 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის მტკიცებულებები. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული დანახარჯების გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, რის შედეგადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დადგენილი ვალდებულებები. ხოლო, დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარდგენა არ მომხდარა. შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა №7352 ბრძანებაში დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარდგენა არ მომხდარა. შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა კონტრაქტორი კომპანიების ახსნა-განმარტება (რომელსაც წარმოადგენს დანართის სახით), შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლითაც დასტურდება, რომ მომჩივნის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით მოხდა ტვირთის გადაზიდვა მესამე კომპანიის სასარგებლოდ. შემმოწმებელმა, რადგან სასაქონლო ზედნადებში აღმოაჩინა საწარმოს სატრანსპორტო საშუალება, მოახდინა მომსახურეობის ფასის განსაზღვრა. შესაბამისად, დაბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით, მაშინ როცა აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს და შესაბამის საწარმოებს (კონტრაქტორ კომპანიებს) ჰქონდათ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებები. შეუძლიათ კონკრეტულად წარმოადგინონ ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც დადასტურდება ყოველივე: მაგალითად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------, სადაც გამყიდველი არის შპს „----------“ (ს/კ ----------) და მყიდველი არის შპს „----------“ (ს/კ ----------). როგორც ანგარიშფაქტურაში, ასევე ზედნადებში არის საწარმოს სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირებული. შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ის, რომ კომპანიის სატრანსპორტო საშუალება დაქირავებული იყო შპს „----------“ მიერ, რომელზეც გამოწერილი იყო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------. ანალოგიური მდგომარეობა არის ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- - გამყიდველი შპს „----------“ (ს/კ ----------) და მყიდველი შპს „----------“. ამ გადაზიდვაშიც დაქირავებული იყო საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება და გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს „----------“ და შპს „----------“ შორის ეა----------. მსგავსი შინაარსის ოპერაცია განხორციელებული არის შპს „----------“ (ს/კ ----------). აქედან გამომდინარე, შემმოწმებლის მიერ მოხდა შემოსავლის ორჯერ დაბეგვრა.
არასწორად არის დათვლილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა (10 876 ლარი) და შესაბამისად ამ ციფრს არ ეთანხმებიან. არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ მესამე პირის მიერ დაქირავებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ორჯერ იქნა დაბეგრილი შემმოწმებლის მიერ. არასწორად არის დათვლილი დღგ-ის გადასახადი (5 175 ლარი), მოხდა შემოსავლების ორჯერ დაბეგვრა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2024 წლის 3 აპრილის ბრძანება №7352 და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება როგორც ძირი თანხის, ასევე ჯარიმა-საურავის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის მტკიცებულებები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა აღნიშნული დანახარჯების გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, რის შედეგადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დადგენილი ვალდებულებები;
- დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარდგენა არ მომხდარა. შედეგად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 256 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 12 170 ლარი და ჯარიმა - 6 086 ლარი.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა გადაანგარიშების შედეგებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25801 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება: - გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საწარმოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის მტკიცებულებები. საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა აღნიშნული დანახარჯების გათვალისწინება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას, რის შედეგადაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დადგენილი ვალდებულებები; - დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებების (მომსახურების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები) წარდგენა არ მომხდარა. შედეგად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 256 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 12 170 ლარი და ჯარიმა - 6 086 ლარი. საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა გადაანგარიშების შედეგებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.