ბრძანება N 15193

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.06.2024
№ დოკუმენტი 15193
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15193

28 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 8 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის და 13 ივნისის სხდომებზე (ოქმი №54 და №63) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 8 მაისის №89548/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აპრილის №064-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციას და აცხადებს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ დამოუკიდებელ სუბიექტებს და კომპანია ვერ გააკონტროლებს მათ ქმედებებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით;

2. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს ორ ეპიზოდში:

 აცხადებს, რომ 2023 წლის 8 აგვისტოს ფ/პ "-------"-მ შეიძინა 2 ბინა კომპანიისგან, თუმცა 2023 წლის 10 აგვისტოს გააუქმდა გაფორმებული ხელშეკრულებები და დაბრუნდა თანხა. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა და არ ექვემდებარება დაბეგვრას;

 აცხადებს, რომ 2023 წლის 24 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 55 000 აშშ დოლარზე კომპანიასა და ფ/პ "--------"-ს შორის. აღნიშნულმა პიროვნებამ ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში, დანარჩენი 45 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2023 წლის 30 დეკემბრამდე. 2023 წლის 7 აპრილს გაუქმდა ხელშეკრულება და ფიზიკურ პირს დაუბრუნდა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომის გამო გაუქმების ხელშეკრულებაში დაბრუნებული თანხის ოდენობად მითითებულია 45 000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ ჩათვალა, რომ კომპანიას ავანსად მიღებული ჰქონდა 45 000 აშშ დოლარი. მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარადგინოს წერილობითი დასტური ფ/პ "-------"-სგან .

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25233 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 აპრილის №7837 ბრძანება და ამავე თარიღის №064-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 638 407 ლარი, მათ შორის, გადასახადი 351 921 ლარი, ჯარიმა 194 517 ლარი და საურავი 91 969 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გადახდილი აქვს ხელფასები და მომსახურების ღირებულებები გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ასევე, ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე - საპროცენტო განაცემები ნაღდი ანგარიშსწორებით. კომპანიის მიერ აღნიშნული განაცემები არ არის სრულად დეკლარირებული. საწარმოს მიერ დებიტორებისგან მიღებულია 123 898 ლარი, რომელიც სააღრიცხვო პროგრამაში და შესაბამისად, სალაროს ნაშთში არ ასახულა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 2018 წელს ამხანაგობებისგან ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მიწაზე (ს/კ: ------). ამხანაგობებზე მიწის სანაცვლოდ ფართები გადაცემულია 2021 წელს, კრების ოქმის საფუძველზე, თუმცა ვინაიდან ჯერ ობიექტი მშენებლობის პროცესშია, აღნიშნული ოპერაცია არ დაბეგრილა დღგ-ით. სამშენებლო მხარეებს შორის მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების საანგარიშგებო პერიოდი, თუმცა გადამხდელის მიერ ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხები შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გადახდილი აქვს ხელფასები და მომსახურების ღირებულებები გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ასევე, ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე - საპროცენტო განაცემები ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა აღნიშნული განაცემები არ აქვს სრულად დეკლარირებული. ამასთან, საწარმოს მიერ დებიტორებისგან მიღებულია 123 898 ლარი, რომელიც სააღრიცხვო პროგრამაში და შესაბამისად, სალაროს ნაშთში არ ასახულა. შემოწმებით, აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციას და ითხოვს ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას,ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე (სულ 8 პირი) საშემოსავლო გადასახადის გარეშე 62 297 ლარი, რაც არ არის ასახული მცირე მეწარმეების მიერ შესაბამის დეკლარაციებში. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები გადახდილი იყო ექსკავატორით მომსახურების, ობიექტის ღობის განათების, თვითმცლელით და ამწით გაწეული მომსახურებების ანაზღაურების მიზნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მცირე მეწარმეების მიერ გაწეულია ისეთი სახის მომსახურებები როგორიცაა ექსკავატორით მომსახურება, ობიექტის ღობის განათება, თვითმცლელით და ამწით გაწეული მომსახურება, აღნიშნული მომსახურებები რეალურად არის გაწეული და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება შეესაბამება გაწეულ მომსახურებებს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ოპერაციის ფორმა არ მოდის წინააღმდეგობაში მის შინაარსთან, შესაბამისად მისი განხილვა ნების ნაკლის მქონე გარიგებად, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებად დაუსაბუთებელია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეული მომსახურებებისთვის მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხები.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას შემდეგ გარემოებათა გამო:

 აცხადებს, რომ 2023 წლის 8 აგვისტოს ფ/პ"-------"-მ შეიძინა 2 ბინა კომპანიისგან, თუმცა 2023 წლის 10 აგვისტოს გააუქმდა გაფორმებული ხელშეკრულებები და დაბრუნდა თანხა;

 აცხადებს, რომ 2023 წლის 24 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 55 000 აშშ დოლარზე კომპანიასა და ფ/პ „-------“-ს შორის. აღნიშნულმა პიროვნებამ ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში, დანარჩენი 45 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2023 წლის 30 დეკემბრამდე. 2023 წლის 7 აპრილს გაუქმდა ხელშეკრულება და ფიზიკურ პირს დაუბრუნდა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომის გამო გაუქმების ხელშეკრულებაში დაბრუნებული თანხის ოდენობად მითითებულია 45 000 აშშ დოლარი. შემოწმებამ ჩათვალა, რომ კომპანიას ავანსად მიღებული ჰქონდა 45 000 აშშ დოლარი. მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარადგინოს წერილობითი დასტური ფ/პ „-------“-სგან.

გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას სადავო საკითხის პირველ ეპიზოდთან, კერძოდ, ფ/პ "-------"-ის მიერ გადახდილი თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არგუმენტი/მტკიცებულებები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოს თვეში საწარმომ ფ/პ"-------"-ს (პ.ნ "-------") მიჰყიდა ორი ბინა, ჯამში 57 200 დოლარად. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გამყიდველს ნასყიდობის საგანი გადახდილი აქვს სრულად. საჩივარზე თანდართულია ხელშეკრულების გაუქმების დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი რეგისტრირებული არ არის და ორივე ბინა კვლავ ფ/პ "-------"-ის საკუთრებაში ფიქსირდება.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება კომპანიასა და ფ/პ„-------“-ს შორის განხორციელებულ ოპერაციას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის 24 იანვარს ფ/პ „-------“-სთან გაფორმდა ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ უძრავი ქონების ღირებულების 55 000 დოლარიდან 10 000 დოლარი გადახდილია ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო დანარჩენ 45 000 დოლარს მყიდველი გადაიხდიდა 2023 წლის 30 დეკემბრამდე. 2023 წლის 7 აპრილს მოხდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების გაუქმება და მითითებულია, რომ მყიდველის მიერ გადახდილი 45 000 დოლარის ექვივალენტი ლარში დაუბრუნდა „-------“-ს, შესაბამისად, შემოწმების მიერ 2023 წლის იანვარში დაიბეგრა დღგ-ით 45 000 დოლარი, ხოლო ხელშეკრულების გაუქმების საანგარიშგებო თვეში მოხდა დღგ-ს ბრუნვის კორექტირება და აღნიშნული თანხით შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა კომპანიასა და ფ/პ „-------“-ს შორის განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გაწეული მომსახურებებისთვის მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, კომპანიასა და ფ/პ „-------“-ს შორის განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გადახდილი აქვს ხელფასები და მომსახურების ღირებულებები გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ასევე, ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე - საპროცენტო განაცემები ნაღდი ანგარიშსწორებით. კომპანიის მიერ აღნიშნული განაცემები არ არის სრულად დეკლარირებული. საწარმოს მიერ დებიტორებისგან მიღებულია თანხა, რომელიც სააღრიცხვო პროგრამაში და შესაბამისად, სალაროს ნაშთში არ ასახულა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 2018 წელს ამხანაგობებისგან ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მიწაზე.გადამხდელის მიერ ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხები შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეული მომსახურებებისთვის მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,159,160,163,168.