ბრძანება N 9988

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 9988
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9988

30 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 19 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის, 14 მარტის, 28 მარტის და 18 აპრილის სხდომებზე (ოქმები №12, №27, №33 და №42) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 19 იანვრის №86919/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №021-106 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვას. განმარტავს, შემმოწმებლებისათვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროს ანგარიშიდან გარკვეული თანხის გაცემა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით. აცხადებს, რომ გაუგებარია აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6855 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №32331 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-106 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 641 198 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 343 750 ლარი, ჯარიმა 171 875 ლარი და საურავი 125 573 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შესწავლილ იქნა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები და აგრეთვე სხვა ტიპის ფულადი შემოსავლები. შესწავლილ იქნა გაწეული ხარჯები, კერძოდ, სასაქონლომატერიალური ფასეულობებზე გადახდილი თანხები, სახელფასე განაცემები, ძირითად საშუალებებზე გადახდილი თანხები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და სხვა ტიპის ფულადი ხარჯები (საბანკო ამონაწერების მიხედვით). კომპანია ანგარიშსწორებებს ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო საშუალებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში სალაროში (1110 ანგარიშზე) უგროვდება ნაღდი ფული, რომელიც შემდგომში ბუღალტრული გატარებების მიხედვით, გადააქვს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე სულ ჯამში 848 000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „-------“-ის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2020 - 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ ხორციელდება, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი კრედიტორული დავალიანებების დაფარვა ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას შეძენილი (მიღებული) აქვს სატრანსპორტო საშუალებები 2020 წლამდე საანგარიშო პერიოდში და დავალიანების დაფარვა ხორციელდება 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს შპს „-------“-ის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებას და დღეის მდგომარეობით არ არის გადაფორმებული კომპანიაზე. შემოწმების მიერ კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები ჩათვლილ იქნა სახელფასე განაცემად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში სალაროს ანგარიშზე გროვდება ნაღდი ფული, რომელიც შემდგომში ბუღალტრული გატარებების მიხედვით გადააქვს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე სულ ჯამში 848 000 ლარის ოდენობით. ასევე 2020 - 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ ხორციელდება 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვა ნაღდი ანგარიშსწორებით.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ხდებოდა სალაროს ანგარიშიდან თანხის გაცემა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით. წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად განემარტა შემმოწმებელს, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა მოგების განაწილებას და პირველ რიგში ანაწილებდა 2008-2016 წლებში გამომუშავებულ მოგებას, რაზეც ეკუთვნის შესაბამისი პერიოდის გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა. მისთვის გაუგებარია აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას. ასევე, კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, გადამხდელი აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში კომპანიის ბალანსზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალებები ძირითად საშუალებებად, ასევე ფიქსირდება მათი ღირებულების ვალდებულება ------- და ------- მიმართ. ბუღალტრულად ასევე ასახულია, რომ აღნიშნული დავალიანების დაფარვა განხორციელდა კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით 2020 – 2021 წლებში, კომპანიაში შესაბამისი ფულადი საშუალებების არსებობის პერიოდებში. მიუთითებს, რომ ტექნიკა რეგისტრირებულია დამფუძნებლისა და მისი ოჯახის წევრი ფიზიკური პირების სახელზე და ვინაიდან საქმიანობის პროცესში რაიმე პრობლემას და შეფერხებას არ იწვევდა, დღემდე არ მომხდარა მათი რეგისტრაცია კომპანიაზე. თუმცა, აღნიშნული ტექნიკები ეკუთვნის კომპანიას, ირიცხება მის ბალანსზე, მუდმივად დისლოცირებულია კომპანიის კუთვნილ საწარმოო ტერიტორიაზე და გამოიყენება მხოლოდ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის არ არსებობა ვერ ჩაითვლება კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად. განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის მიზნით ამ ტექნიკის გამოყენება დასტურდება საქმიანობის პროცესში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. ამასთან, დაბეგვრის მიზნებისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის შინაარსს და არა ფორმას, საკუთრების აღიარებაც ხდება არა მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციისას, არამედ შესაბამისი გარემოებების დადგომისას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის და კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა მომჩივანის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შესწავლილ იქნა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები და გაწეული ხარჯები. კომპანია ანგარიშსწორებებს ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო საშუალებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში სალაროში უგროვდება ნაღდი ფული, რომელიც შემდგომში ბუღალტრული გატარებების მიხედვით, გადააქვს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად.

კომპანიას შეძენილი (მიღებული) აქვს სატრანსპორტო საშუალებები 2020 წლამდე საანგარიშო პერიოდში და დავალიანების დაფარვა ხორციელდება 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს ორგანიზაციის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებას და დღეის მდგომარეობით არ არის გადაფორმებული კომპანიაზე. შემოწმების მიერ კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;