გადაწყვეტილება №19953/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19953/2/2023
03 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორი ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორი ------- 13.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19953/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11287 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
2022 წლის 30 დეკემბერს შემოსავლების სამსახურს საჩივრით მიმართა შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილმა დირექტორმა ------- (ს/ნ -------), აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №040-13 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11287 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის გამო.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 275-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ------- (ს/ნ -------) 2022 წლის 30 დეკემბრის №238756/21 საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოში დირექტორად მუშაობდა 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 6 ივნისამდე პერიოდში. მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ განეხილა საჩივარი და გამოეტანა მართებული გადაწყვეტილება, რადგანაც აუდიტორული შემოწმებით საწარმოზე დამატებით დარიცხული თანხა აღემატებოდა 100 000 ლარს და იწვევდა მის მიმართ როგორც ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამასთან საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით საწარმოზე მიკუთვნებულია საფუძველს მოკლებული გადასახადები და ასეთის მიუხედავად აღნიშნულ სამსახურმა გამოსცა ბრძანება №11287, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
მისი დირექტორად მუშაობის პერიოდში მისი შეფასებით საწარმოზე დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 106 000 ლარს, რაც არარეალურად მიაჩნია, რადგან აქედან 35,8 ათასი ლარი შეადგენს და განეკუთვნება მისი მუშაობის პერიოდის დაწყებამდე პერიოდს, ამასთან 25 500 ლარი კი სამუშაოდან დათხოვნის შემდეგომ პერიოდს, ხოლო 27 000 ლარიდან 25 500 ლარი არარეალურია და გამოწვეულია მოსაკრებლის არასწორი - ზედმეტად გაანგარიშებით.
ითხოვს საჩივრის განხილვას, რომ უზრუნველყოფილ იქნას შემოწმების მიერ შეცდომით საწარმოზე გადასახდელად დაკისრებული სანქციების ანულირება. კერძოდ, ბუნებრივი რესურსების მოპოვება - სარგებლობისთვის ზედმეტად დარიცხული გადასახადი 23 563 ლარი, ქვეანგარიშით გაცემულად და დავალიანებად გამოყვანილი 106 950 ლარის ხელფასად გადაანგარიშების მოტივით უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადი 21 390 ლარი და საცხოვრებელი ბინის გაქირავებით მიღებულ მომსახურებაზე საშემოსავლო გადასახადის არასწორად გათვლით გადასახდელად ზედმეტად დარიცხული 767 ლარი, ხოლო შეცდომით დავალიანებად გამოყვანილი და ხელფასად ჩათვლის მოტივით დარიცხული გადასახადი 51 606 ლარს შეეცვალოს კვალიფიკაცია და ჩაითვალოს არადეკლარირებულ ხელფასზე დარიცხულ სანქციად.
ამასთან, ითხოვს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საწარმოს მოეხსნას სანქციები.
ამდენად, მისი დირექტორად მუშაობის პერიოდზე გათვლით (3.12.2020 დან 6.06.2022 წლამდე) საწარმოზე დამატებით დარიცხვას დაქვემდებარებული გადასახადების ჯამი შეადგენს 21 238 ლარს. ხოლო შემოწმების მიერ მთელ საანგარიშო პერიოდზე გამოყვანილია დამატებით დასარიცხად 215 309 ლარი, საიდანაც მისი მუშობის დაწყებამდე პერიოდს განეკუთვნება 35 875 ლარი. სამსახურიდან დათხოვნის შემდგომ პერიოდს 112 476 ლარი, დანარჩენი 42 720 ლარი შემოწმების მიერ არასწორი გაანგარიშებით - ზედმეტადაა გამოყვანილი.
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას იმ ფაქტზე, რომ მისი დირექტორობიდან გათავისუფლების გამო მას წვდომა არ აქვს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მონაცემებთან, საბუღალტრო დოკუმენტები ამოღებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მიერ და წინამდებარე საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მოთხოვნისამებრ დამატებითი - მოპოვების პირობებში წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16633 და 5 აგვისტოს №21015 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. ამასთან, ------- (ს/ნ -------) საწარმოს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ 2022 წლის 28 სექტემბერს შედგენილი შემოწმების აქტით ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განსაზღვრული გადასახადის თანხა შეადგენს 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2021 წლის 2 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში 33 349 ლარს, 2021 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 3 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში 45 796 ლარს და ამავე პერიოდში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი შეადგენს 27 305 ლარს. ასევე აღინიშნა, რომ არც ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის დამდგარი შესაბამის დავასთან მიმართებით.
ვინაიდან შპს „-------“ (ს/ნ -------) ხელმძღვანელად მომჩივნის ყოფნის პერიოდში, ამ კომპანიაზე საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ აკმაყოფილებს დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს და ვერ ჩაითვლება მომჩივნად შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ დამატებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით.
ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ გააჩნია შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი არაა უფლებამოსილი წარმოადგინოს აღნიშნული კომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საჩივრის განუხილველად დატოვებას - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურს საჩივრით მიმართა ორგანიზაციის ყოფილმა დირექტორმა, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, რომ განეხილა საჩივარი და გამოეტანა მართებული გადაწყვეტილება, რადგანაც აუდიტორული შემოწმებით საწარმოზე დამატებით დარიცხული თანხა აღემატებოდა 100 000 ლარს და იწვევდა მის მიმართ როგორც ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11287 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის გამო.
გადაწყვეტილება
ვინაიდან შპს ხელმძღვანელად მომჩივნის ყოფნის პერიოდში, ამ კომპანიაზე საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ აკმაყოფილებს დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტით დადგენილ პირობებს და ვერ ჩაითვლება მომჩივნად შპს მიმართ დამატებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(გ); 304(1-გ)