გადაწყვეტილება №19487/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19487/2/2023
8.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19487/2/2023).
დავის საგანი:
საბჭოს 14.04.2022 წლის №14971/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №6187 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №022-6 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 716 067 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 317 185
საშემოსავლო გადასახადი - 369 426
ქონების გადასახადი - 1
759 ჯარიმა - 160 079
საურავი - 184 803
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჯართის შეძენა/რეალიზაცია იჯარით აღებულ ფართში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
- გადამხდელის განმარტებით, შეძენილი საქონლის (ჯართის) აღრიცხვას აწარმოებდა ჯართის აღრიცხვის ჟურნალში. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში დაფიქსირებული ჰქონდა 1 137 619 ლარით მეტი შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ვიდრე მის მიერ წარდგენილ აღრიცხვის ჟურნალშია ნაჩვენები (2018 წლის აღრიცხვის ჟურნალი საერთოდ არ წარუდგენია). ამასთან, გადამხდელს 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული არ ჰქონდა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული შეძენილი საქონელი 6 047 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულია შემოწმებისას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილად შესაბამის პერიოდში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშდა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული ჯართის შეძენის თანხები. შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წელზე შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები 3%-იანი განაკვეთით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირდა რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ფაქტი. აღნიშნულ პირებზე გადამხდელს არ გააჩნდა დოკუმენტური რეალიზაციის ამსახველი ინფორმაცია. გადამხდელის განმარტებით ეს პირები თანხას რიცხავდნენ ი/მ ---ს მიერ იურიდიული პირებისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულებების ასანაზღაურებლად. შემოწმების პროცესში გადამოწმდა ყველა სასაქონლო ზედნადებით განხორციელებული იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხები, რომლებიც ამავე პერიოდებში სრულად იყო დაფარული. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის განმარტებით მათ არ გააჩნდათ შესაბამისი პერიოდების ბოლოს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, აღნიშნული ფიზიკური პირებისგან განხორციელებული ჩარიცხვები საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლად. შედეგად, შემოწმებით გადამხდელს გაეზარდა შემოსავალი 254 400 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.06.2021 წლის №21161 ბრძანება და ამავე თარიღის №022-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2021 წლის 28 ივლისს და 20 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34130 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.04.2022 წლის №14971/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.11.2021 წლის №34130 ბრძანება; სადავო საკითხებზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 14.04.2022 წლის №14971/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 28.02.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 64 147 ლარით, მათ შორის გადასახადი 39 904 ლარი და ჯარიმა 24 242 ლარი, კერძოდ:
- პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილია ხუთი ფიზიკური პირისგან ჯართის შესყიდვის აქტები, ჯამური თანხით 135 749 ლარის ოდენობით. შედეგად განხორციელდა აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ჯამურად 153 795 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმა შემცირდა 76 898 ლარით. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ გადაანგარიშებით (ახლად წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად) მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (ჯართის შეძენის) გაზრდა, თვიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აქტით დარიცხული თანხა დაექვემდებარა კორექტირებას და მოხდა დასაბეგრი ბაზის გაზრდა 769 011 ლარით.
- მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივანმა არ წარადგინა ახალი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია, შესაბამისად გადაანგარიშებით ვერ მოხდა აქტით დარიცხული თანხის კორექტირება.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №6187 ბრძანება და ამავე თარიღის №022-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე ჯართის შეძენას ახდენდა ფიზიკური პირებისგან. შეძენილი საქონლის აღრიცხვას ახდენდა ჯართის აღრიცხვის ჟურნალში. ამავე ჟურნალში სრულად არის დაფიქსირებული ჯართის მომწოდებელი ფიზიკური პირების მონაცემები, შეძენის რაოდენობა და ფასი. ასევე ხდებოდა შეძენა ფიზიკური პირებიდანაც, რომლებიც ხელმოწერით არ ადასტურებდნენ ჯართის რეალიზაციის ფაქტს. ასეთი შესყიდვები ცალკე რეესტრად იქნა დაფიქსირებული სადაც სრულად და ზუსტად არის მითითებული შესყიდვის თარიღი, წონა და ფასი. შემმოწმებლებმა თავდაპირველად შემოწმების აქტით შესყიდვის აქტისა და ჟურნალში რეგისტრაციის გარეშე შეძენები გაითვალისწინეს მხოლოდ დაფიქსირებული შესყიდვის უმცირესი ფასით (მეთოდური მითითება №0256-ის თანახმად). თუმცა აღნიშნული უმცირესი ფასის დადგენის დროსაც მექანიკური შეცდომა დაუშვეს, რაც თავის დროზე მიუთითა საჩივარში. მოითხოვა სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული რეესტრის სახით მოწოდებული შესყიდვის ინფორმაცია რაც დადასტურებული იქნა იმ რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ, რომელთა ახსნა-განმარტებები სრულად წარმოადგინა. გადაანგარიშებისას ისევ და ისევ უმცირესი ფასის გათვალისწინება მოხდა რეესტრის სახით წარდგენილი შესყიდვებიდან. შემცირება კი გამოიწვია მხოლოდ გაანგარიშებაში დაშვებული მექანიკური უზუსტობის გასწორებამ.
საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება რამდენიმე ფიზიკური პირისგან თანხების ჩარიცხვა. აღნიშნული თანხები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად და დარიცხულია 50 880 ლარის საშემოსავლო გადასახადი. არც კი ყოფილა გათვალისწინებული მეთოდური მითითებით 75-25% რენტაბელობის მიდგომა. ითხოვს ამ საკითხის გარკვევას და წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებას, რასაც დღემდე ვერ მიაღწია. ამ საკითხში აქტით დარიცხული თანხები არ შემცირებულა. შესყიდვის აქტის გარეშე შეძენებზე, რომლებზედაც შემმოწმებლები დღემდე ავრცელებენ უმცირესი ფასის მიდგომას მანუალის №0256 თანახმად, ინფორმაცია წარდგენილია რეესტრის სახით თარიღების მიხედვით ზუსტი წონის და ფასების დაფიქსირებით. აღნიშნულ რეესტრში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს ადასტურებს იმ ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ მოცემულ მონაცემებს რაოდენობის და თარიღების მიხედვით.
აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში მიცემული იქნა განმარტება, რომ ეს თანხები წარმოადგენდნენ საქონლის შემსყიდველი იურიდიული პირებისგან შემოტანილ თანხებს მათი წარმომადგენლების მეშვეობით, ხოლო ნაწილი კი იყო უბრალოდ პირადი, კერძო ურთიერთობებიდან გამომდინარე ანგარიშზე თანხების შემოტანა, რაც არ იქნა გათვალისწინებული. კონკრეტულად --- წარმოადგენს შპს ---ის წარმომადგენელს და თანხები შემოტანილი აქვს აღნიშნული კომპანიის სახელით. შპს---ის მეწარმისათვის ავანსად გადახდილი აქვს 107 463 ლარი, რაც დასტურდება თანდართული შედარების აქტით და გაცემული ცნობით. აღნიშნული აქტი წარმოდგენილი ჰქონდა თავის დროზე საჩივრებში დანართის სახით და კიდევ ერთხელ თან ურთავს საჩივარს. დანარჩენი თანხები კი შეტანილია ფიზიკური პირების მიერ რაც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. შემმოწმებლების მიერ აღნიშნული თანხების სრულად დაბეგვრა 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინების გარეშე (მანუალი №0256) საერთოდ აუხსნელი და მიუღებელია. მომჩივანი ითხოვს სრულად იქნეს გათვალისწინებული მოწოდებული ინფორმაცია ჯართის შეძენების შესახებ როგორც ჟურნალში დაფიქსირებული ხელმოწერით დადასტურებული მონაცემები ასევე ცხრილების სახით რეალურ შესყიდვის დროში დაფიქსირებული მონაცემები შესყიდვების ფასის და რაოდენობების შესახებ. შემცირდეს და დაკორექტირდეს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით აქტით დარიცხული თანხები. ასევე, ავანსად ჩარიცხული თანხები და ფიზიკური პირებიდან არაეკონომიკური საქმიანობისთვის მიღებული თანხები, რომლებიც სრულად 100% არის დაბეგრილი ამოღებული იქნას დარიცხვიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 14.04.2022 წლის №14971/2/2021 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხებზე დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართული მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი:
პირველ დავის საგანთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილია ხუთი ფიზიკური პირისგან ჯართის შესყიდვის აქტები, ჯამური თანხით 135 749 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები დაემატა გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ჯართის შესყიდვის ჟურნალით წარდგენილი შესყიდვის ღირებულებებს. აღნიშნული ხუთი პირის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულია შესყიდვები, მათ შორის 2018 წლის საანგარიშგებო წელთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ კიდევ ერთხელ გაანგარიშდა გამოსაქვითი ხარჯი (კერძოდ დამატებით წარდგენილმა ინფორმაციამ გავლება მოახდინა ჯართის მინიმალური შესყიდვის ფასის კოეფიციენტზე, რაზეც თავად გადამხდელი მიუთითებს 2019 წლის ნოემბრის შესყიდვის ფასთან მიმართებაში). შედეგად განხორციელდა აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ჯამურად 153 795 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმა შემცირდა 76 898 ლარით.
საგადასახდო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნათა გათვალისწინებით შემოწმების შედეგად რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობები განხილულია ფიზიკური პირებისგან შეძენილად, შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური (თვეების ჭრილში), რიგ შემთხვევებში მინიმალური საშუალო წლიური ფასით (გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულია გადამხდელის პოზიცია, რომ იმ თვეებში რომელშიც არ არსებობდა შეძენის დოკუმენტი გამოყენებულია მომიჯნავე თვეებში დაფიქსირებული მონაცემები). ამგვარად, გაანგარიშდა ფიზიკური პირებისათვის ანაზღაურებული თანხები.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით რიგ პერიოდებზე დაბეგრილი აქვს აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები, 2018 წელს შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ამრიგად, შემოწმების მიერ გადახდის წყაროსთან შესაბამისი პერიოდის მიხედვით დაბეგრილია აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ გადაანგარიშებით (ახლად წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად) მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის (ჯართის შეძენის) გაზრდა, თვიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აქტით დარიცხული თანხა დაექვემდებარა კორექტირებას და დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 769 011 ლარით.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივანმა არ წარადგინა ახალი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია, შესაბამისად გადაანგარიშებით არ განხორციელდა დარიცხული თანხის კორექტირება. საჩივარში მითითებულია, რომ რეესტრის სახით მიწოდებული შესყიდვის ინფორმაცია სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რადგან აღნიშნული დადასტურებული იქნა იმ რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ, რომელთა ახსნა-განმარტებები სრულად წარადგინა.
ამასთან, საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებულ რამდენიმე ფიზიკური პირისგან ჩარიცხულ თანხაზე შემოწმების პროცესში მიცემული იქნა განმარტება, რომ ეს თანხები წარმოადგენდა საქონლის შემსყიდველი იურიდიული პირებისგან შემოტანილ თანხებს მათი წარმომადგენლების მეშვეობით, ხოლო ნაწილი კი იყო უბრალოდ პირადი, კერძო ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც არ იქნა გათვალისწინებული. კონკრეტულად --- წარმოადგენს შპს ---ის წარმომადგენელს და თანხები შემოტანილი აქვს აღნიშნული კომპანიის სახელით. შპს ---ის მეწარმისათვის ავანსად გადახდილი აქვს 107 463 ლარი, რაც დასტურდება თანდართული შედარების აქტით და გაცემული ცნობით. შემმოწმებლების მიერ აღნიშნული თანხები სრულად დაიბეგრა 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინების გარეშე (მანუალი №0256), რაც მიუღებელია.
საჩივარს ახლავს 28.07.2021 წლის ცნობები რომელშიც მითითებულია, რომ 1.01.2018 წლიდან შპს ---ის მომჩივნისგან შეძენილი აქვს 3 302 056.69 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი. გადახდილია 3 409 520.33 ლარი, მათ შორის 107 463.54 ლარი ავანსად. 3 268 580.33 ლარის გადახდა განხორციელდა საბანკო ანგარიშსწორებით, ხოლო 140 939.9 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. ამასთან, --- არის შპს ---ის თანამშრომელი და 1.01.2018 წლიდან დღემდე მისთვის კომპანიას გადაცემული აქვს 70 975 ლარი, რომელიც შეტანილია მომჩივნის საბანკო ანგარიშზე საქონლის შესაძენად.
ასევე, წარმოდგენილია 8.07.2021 წლის შედარების აქტი, რომ 1.04.2021 წლის მდგომარეობით ---ს შპს ----ის მიმართ დავალიანება აქვს 107 463.54 ლარის ოდენობით. მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს საბანკო ანგარიშზე უფიქსირდება 7 ფიზიკური პირის მიერ ჩარიცხული თანხა, გადამხდელს არ გააჩნდა დოკუმენტური რეალიზაციის ამსახველი ინფორმაცია. შემოწმების პროცესში გადამოწმდა ყველა სასაქონლო ზედნადებით განხორციელებული იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხები, რომლებიც ამავე პერიოდებში სრულად იყო დაფარული (მათ შორის შპს ---). იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის განმარტებით მათ არ გააჩნდათ შესაბამისი პერიოდების ბოლოს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, აღნიშნული ფიზიკური პირებისგან განხორციელებული ჩარიცხვები ჩაითვალა გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლად.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებულ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შემოწმებას გათვალისწინებული აქვს და მეორეჯერ მისი გათვალისწინება ვერ მოხდებოდა.
აღნიშნული გარემოებების შეფასების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 14.04.2022 წლის №14971/2/2021 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №6187 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №022-6 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილად შესაბამის პერიოდში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით.
გადახდის წყაროსთან დაიბეგრა აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები 3%-იანი განაკვეთით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში ფიზიკური პირებისგან განხორციელებული ჩარიცხვები საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 14.04.2022 წლის №14971/2/2021 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105 (2); 73; 304 (21);
შემოსავლების სამსახურის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო